in

„Khodeja Villa“ — დასასვენებელი სახლი ბანგლადეშში

Alliance Group
Alliance Group

პროექტი „Khodeja Villa“  ბანგლადეშში მდებარეობს. 5000 მ2-ი ფართობის მქონე დასასვენებელი სახლი ჰარმონიულად ერწყმის ირგვლივ არსებულ ლანდშაფტს, რაც ბუნებრივი მასალების გამოყენებითა და ადგილობრივი გარემოს შესაბამისი ფერებით მიიღწევა. თამამი, თანამედროვე დეტალებითა და მიმზიდველი დიზაინის ელემენტებით შენობას მკაფიო ინდივიდუალურობა და ავთენტურობა ენიჭება, რომელიც ბუნების ულამაზეს ხედებს ორგანულად ესადაგება.

დიზაინის კონცეფცია ბუნებრივი გარემოს გააზრებითა და ადგილობრივი მიდამოს სილამაზითაა შთაგონებული. ამგვარად, შეიქმნა ნახევრად ღია სივრცე, რომელიც ორ კონსტრუქციას შორისაა მოქცეული, ნაგებობა კი ტრადიციული სახურავითაა დაფარული, რომელიც მაცხოვრებლებს წვიმისა და მზის სხივებისგან იცავს.

პროექტზე მუშაობის მთავარი სირთულე საცხოვრებლის ადგილი აღმოჩნდა, რომელიც სოფლად მდებარეობს. ამიტომ, მშენებლობისას, უმეტესად, ხელმისაწვდომი, ადგილობრივი მასალები გამოიყენეს.

სახლის დიზაინი საჯარო და პრივატულ სივრცეებს შორის ერთგვარ ბალანსს ქმნის, ტრადიციული ელემენტები კი ადგილობრივ კულტურასა და გარემოს ასახავს. ნახევრად ღია ვერანდა და დაჩრდილული ეზო შეკრებისა და სოციალიზაციის იდეალური ადგილია. ხოლო საჯარო და პირადი სივრცეების ერთმანეთისგან გამიჯვნა, მესაკუთრეთა მყუდროებასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს, რაც საცხოვრებლის მთავარი დანიშნულებაა.

ნაგებობის სახურავზე ე.წ. „Chouchala“ ­ — ადგილობრივი  სახლების ტრადიციული გადახურვის ნიმუშია, რომელიც ტალახისა და ფოლადის მასალისგან მზადდება და შენობას წვიმის წყლის გაჟონვისგან იცავს, ბამბუკის შრე კი საცხოვრებელს სიგრილეს უნარჩუნებს. პროექტში, ძირითადად, აგური, ბეტონი, ხე, მინა, ტერაკოტას ფილები და ლითონის ჩარჩოებია გამოყენებული.

სახლი ორ ზონად იყოფა — საერთო და შიდა, საოჯახო სივრცედ. საერთო ფართი, რომელიც სახლის წინა ნაწილში, მთავარ შესასვლელთანაა, მისაღებს, სასადილო ოთახს, სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს მოიცავს. მეორე ნაწილი კი სახლის უკანა მხარესაა მოქცეული, სადაც  საძინებლები და სხვა პრივატული ოთახებია განთავსებული.

ნახევრად ღია ვერანდა, რომელიც ორ კონსტრუქციას ერთმანეთთან აკავშირებს, დაჩრდილულ ეზოს ქმნის, სადაც იდეალური პირობებია მოწყობილი, რათა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ.

არქიტექტურული ფირმა: Ground One

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტენტით გადახურული აივანი, როგორც მრავალმხრივი სივრცე

2023 წლის პარიზის დიზაინის კვირეული 7-16 სექტემბერს ჩატარდება