ვსწავლობთ სხვების შეცდომებზე: ამ სტატიაში გაეცნობით იმ დიზაინ ობიექტების საკონტროლო სიას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე მეტი გაყალბებით გამოირჩევა. იყავით ფხიზლად და ნუ შეიძენთ ყალბ მოდელებს.
სკამი Eames Chair, შექმნილია 1948-1950 წლებში ჩარლზ და რეი იმსების მიერ
ჩარლზ და რეი იმსების მიერ შექმნილი ლეგენდარული სკამების დაბალხარისხიან ჩინურ ყალბ მოდელებს ახლა ხშირად შეხვდებით კაფეებში, რესტორნებსა და ოფისებში. ორიგინალ DSW-ს (როგორც მოდელს რეალურად უწოდებენ) ახლა აწარმოებს მხოლოდ შვეიცარიული ბრენდი – Vitra, რომელმაც ევროპაში მისი ხელახალი გამოშვების უფლება ამერიკული ბრენდისგან – Herman Miller-ისგან შეიძინა.
მოდელის დებიუტი 1948 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ იაფი ავეჯის დიზაინის კონკურსის ფარგლებში შედგა. ეს იყო ისტორიაში პირველი პლასტმასის სკამი, რომელიც მასობრივად იწარმოებოდა. სავარძლის მთავარი ნაწილი დღესდღეობით პოლიპროპილენისგან მზადდება, სადგამი კი ნეკერჩხლისგან. მოდელი ბევრი ფერისაა და მისი საბავშვო ვერსიაც კი არსებობს. ორიგინალი ვერსია ყალბისგან ხარისხით და პროპორციებით განსხვავდება. ავტორიზებულ რეპლიკას ყოველთვის თან ახლავს იარლიყი და შესაბამისი აღნიშვნა.
ტორშერი Arco, შექმნილია 1962 წელს ძმები კასტილიონების მიერ
საკულტო ტორშერი 1962 წელს Flos-ის ქარხნისთვის შეიქმნა და ეს მოდელი დიზაინის ისტორიის ყველა სახელმძღვანელოშია შეტანილი. ფორმით ის თაღს წააგავს, სწორედ აქედან მოდის მოდელის დასახელებაც. ორიგინალი აღჭურვილია მარმარილოს საყრდენით, რომელიც 65 კილოგრამს იწონის.
ყალბი მოდელის დიზაინები შეცვლილია. რაც მთავარია, ისინი უსაფრთხო არ არის და ზედაპირზე მყარად არ დგას. ორიგინალის მთავარი ნიშანია მარმარილოს ბლოკის სადგამი და Flos-ის ლოგო აბაჟურზე.
სკამი Panton, რომელიც დიზაინერ ვერნერ პანტონის მიერ 1959-1960 წლებში შეიქმნა
კიდევ ერთი მოდელი, რომელიც შემქმნელის სახელს ატარებს, არის სკამი Panton. ის დანიელი დიზაინერის – ვერნერ პანტონის მიერ არის შექმნილი. 1950-იანი წლების კონცეფცია 1960-იან წლებში რეალიზდა. სკამი დამზადდა რამდენიმე სახის პლასტმასისგან სწორედ მაშინ, როდესაც ეს მასალა ინერგებოდა. ახლა სავარძელი Panton ან, როგორც მას უწოდებენ S სკამი (ლათინური ანბანის ამ ასოსთან ფორმის მსგავსების გამო) ჩამოსხმული პოლიპროპილენისგან მზადდება. ორიგინალ მოდელს მხოლოდ Vitra ამზადებს.
ჭაღი Branching Buble – ლინდსი ადელმანის დიზაინი, 2006 წელი
ამერიკელმა ლინდსი ადელმანმა ბევრი საინტერესო სანათი შექმნა, მაგრამ Branching Bubble ჭაღმა, რომელიც მან 2006 წელს კარიერის დასაწყისში დააპროექტა, მას დიდი პოპულარობა მოუტანა. ამ ჭაღის ჩინურ ასლებს დღეს ყველგან შეხვდებით. მაგრამ ნუ იყიდით იაფ ანალოგებს, რადგან მთელი სილამაზე ვლინდება მხოლოდ ორიგინალ მოდელში, რომელსაც დიზაინერი ვებგვერდის ან ავტორიზებული დილერების საშუალებით ყიდის.
სანათის ფორმა შთაგონებულია ხის ტოტებით, რომლებზეც თითქოს წვიმის წვეთები გაიყინა. დიზაინერი მასობრივ წარმოებაზე არ არის ორიენტირებული, იგი დარწმუნებულია, რომ ნაკლები უკეთესია. აღსანიშნავია, რომ შესაძლებლობა გაქვთ ამ მოდელის თქვენი პერსონალური ვერსია შეარჩიოთ.
არნე იაკობსენის სავარძელი – Egg Chair, 1958 წელი
დანიელმა დიზაინერმა – არნე იაკობსენმა ეს მოდელი 1950-იან წლებში კოპენჰაგენში ლეგენდარული SAS Royal სასტუმროს მოსაწყობად გამოიყენა. მან დააპროექტა კლასიკური საკლუბო სკამის მოდერნისტული ვერსია დახრილი მკლავებით, მაღალი ზურგით და თავის საყრდენით. მისი ერთადერთი ავტორიზებული მწარმოებელი არის დანიური ქარხანა – Fritz Hansen.
ტაბურეტი Stool – ალვარ აალტოს დიზაინი, 1933 წელი
ეს საკულტო მოდელი 1930-იან წლებში ფინელმა არქიტექტორმა – ალვარ აალტომ დააპროექტა და დღეს ის ფინური ბრენდის – Artek-ის მიერ იწარმოება. თავდაპირველად მოხრილი არყის ხისგან დამზადებული სკამი შექმნილი იყო ვიბორგის ბიბლიოთეკის სალექციო დარბაზისთვის, რომელიც აალტოს დიზაინით შეიქმნა.
სკამების შენახვა მარტივია, რაც სივრცის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ. ავეჯის ამ გზით შენახვა შესაძლებელი გახდა სადგამის კარგად გააზრებული დიზაინის წყალობით: მათი მრუდი და არტიკულაციები თხილამურებით არის შთაგონებული – აალტო მოყვარული სპორტსმენი იყო.
ჭაღი Vertigo, რომელიც კონსტანს გისემ 2010 წელს შექმნა
მოდური ფრანგი ქალბატონის – კონსტანს გისეს ჭაღი არც თუ ისე ძველია, მაგრამ ეს მოდელი უკვე ყველაზე პოპულარული გაყალბებების სიაშია. ჭაღი, რომელიც ქუდს წააგავს (მართლაც, დიზაინერის შთაგონების წყარო მექსიკური სომბრერო იყო) დამზადებულია რკინისა და ფერადი ბოჭკოვანი მინისგან. მოდელის დიამეტრი თითქმის ორი მეტრია და ის კილოგრამზე ნაკლებს იწონის, რის წყალობითაც სტრუქტურა ოდნავი ნიავის შემთხვევაშიც მოძრაობს. მოდელის ერთადერთი ავტორიზებული მწარმოებელია Petite Friture.
ეერო სარინენის სკამი – Tulip, 1957 წელი
ეერო სარინენის მიერ შექმნილი სკამი მოდერნიზმის ნიმუშია. მოდელი 1950-იანი წლების შუა პერიოდით თარიღდება. დიზაინერმა სადგამის ჩვეულებრივ ფორმაზე უარი თქვა და იგი გამარტივებული დიზაინით შეცვალა, რადგან სჯეროდა, რომ ის უფრო კომფორტული და ლამაზი იყო. ახლა, როგორც 1950-იან წლებში, სკამი Knoll-ის ბრენდის მიერ იწარმოება. იმისთვის, რომ ყალბი მოდელის შეძენას თავი აარიდოთ, ყურადღება მიაქციეთ სადგამზე არსებულ ბრენდის მარკირებას.
სავარძელი Barcelona – ლუდვიგ მის ვან დერ როეს დიზაინი, 1929 წელი
მოდერნიზმის მამამ – ლუდვიგ მის ვან დერ როემ ეს მოდელი 1929 წელს დააპროექტა. არქიტექტორსა და დიზაინერს სჯეროდა, რომ სკამის შექმნა უფრო რთული იყო, ვიდრე ცათამბჯენის აშენება. მოდელი Barcelona, ფორმისა და შინაარსის სრულყოფილი ბალანსის გამო, საკულტო გახდა და ბაუჰაუსის ერთგვარ მანიფესტად იქცა. სკამის ფორმა უმცირეს დეტალებამდეა გააზრებული და ეფუძნება ძირითად ფიგურებს – კვადრატსა და წრეს. ჩარჩო ადრე ფოლადისგან მზადდებოდა (ახლა ალუმინი გამოიყენება), გადასაკრავი მასალა კი ტყავისგან არის დამზადებული. 1953 წლიდან მოდელს ამერიკული ქარხანა – Knoll აწარმოებს. სხვათა შორის, ამ მოდელის საბავშვო ვერსიაც არსებობს.
სავარძელი Eames Lounge Chair – ჩარლზ და რეი ეიმსების დიზაინი, 1956 წელი
Eames Lounge Chair მოდერნიზმის კიდევ ერთი საკულტო მოდელია, რომელიც 1950-იანი წლების შუა პერიოდში იმსების მიერ შეიქმნა და ამჟამად ორი ავტორიზებული მწარმოებლის მიერ გამოიცემა: Vitra-ს ქარხანა ევროპაში და Herman Miller-ის კომპანია აშშ-ში. იმსები განთქმულნი იყვნენ დაგრეხილი ხის ექსპერიმენტებით და ამ მოდელის შექმნით მათ ახალი ტექნოლოგია შემოიტანეს. სავარძელი კლასიკური კლუბური სკამის მოდერნისტულ ვერსიას წარმოადგენს.