“ცისფერ ეკლესიასთან” მდებარე ბინა არის ერთგვარი უქმეებისთვის განკუთვნილი ლოფტი ბრატისლავის ისტორიულ ცენტრთან ახლოს. თავდაპირველად ეს იყო უფრო დიდი და ხისტი შენობა ფარული პოტენციალით და არტ ნუვოს ძეგლის ულამაზესი ხედით – სახელწოდებით ცისფერი ეკლესია. Kilo/Honc ამ პროექტისთვის დიზაინზე ან ფრთხილად და ზედმიწევნით შესრულებულ ნაკეთობებზე არ იყო ორიენტირებული, კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი არ იყო, რადგან ეს ყველაფერი კეთილდღეობის გამოცდილებას არ ქმნის. Kilo/Honc-ისთვის მთავარი ხედები, ღიობები, ატმოსფერო, მდებარეობა, სინათლისა და ჩრდილის თამაში იყო.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მასალები ძირითადად გამჭვირვალე და ფუნქციონალურია. ღია სივრცე მაღალი ჭერით გამოირჩევა. თავდაპირველი სტანდარტული განლაგება გვთავაზობს ცალკე აბაზანას, დადაბლებული თაბაშირის მუყაოს ჭერით, ყველა შესაძლო ფარული გაყვანილობითა და ტექნოლოგიით. სამზარეულო კი ეკლესიის არაჩვეულებრივი ხედისკენ ზურგით იყო მიმართული. ჭერის მოხსნის, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეორგანიზაციისა და ანტრესოლის დამატების საშუალებით, სტუდია გახდა სრულფასოვანი ბინა განცალკევებული ღამის ზონითა და კომფორტული კიბეებით.
დამატებულმა დონემ იატაკი 15 კვადრატული მეტრით გააფართოვა. სააბაზანოსა და ახალ სამზარეულოს შორის მინა ბლოკის კედლის გამოყენებით, დიზაინერებმა სამზარეულოს ზონაში დღის სინათლე შემოიტანეს, რათა სივრცე ოპტიკურად უფრო დიდი გამოჩენილიყო.
ბინა აღჭურვილია მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებით, რომლებიც სივრცეში დიდი პროპორციებით არის წარმოდგენილი. ტრადიციული დივნის ნაცვლად 1,2 მეტრის სიგანის საწოლია გამოყენებული, თეთრი კედლები პროექტორისთვის ეკრანის როლს ასრულებს (ნაცვლად დიდი ტელევიზორისა). ზედა სართულზე განთავსებულია სივრცე ძილისთვის, თაროები ტანსაცმლისთვის და დიდი ხალიჩა ყოველდღიური განტვირთვისთვის.
Kilo/Honc-ის წარმომადგენლების თქმით, მათ მოსწონთ, როდესაც ბინაში აუცილებელი მკაცრი წესრიგი არ არსებობს, ადამიანი მუდმივ ურთიერთქმედებაშია ირგვლივ არსებულ გარემოსთან და მისი სურვილისამებრ შეცვლის საშუალება აქვს. Kilo/Honc-ში ამბობენ: „ჩვენ გვსიამოვნებს, როდესაც სივრცე ხელს უწყობს შემოქმედებითობას, როდესაც მისი ხასიათი შეიძლება ხარისხის დაკარგვის გარეშე შეიცვალოს, როდესაც ის ადამიანებს ინტერაქციისთვის სხვადასხვა მასშტაბებს სთავაზობს.“