კლასიკური სტილი დახვეწილობით გამოირჩევა, ის წლების მიუხედავად, ინარჩუნებს აქტუალობასა და მომხიბვლელობას. ამგვარი ინტერიერისათვის დამახასიათებელია ავეჯის, მასალისა და დეკორაციის ჰარმონიული შეხამება, ელეგანტურობა და სიმსუბუქე. კლასიკური ელემენტების შემოტანით სივრცე სასიამოვნო, ზომიერი და ყველასათვის მიმზიდველი ხდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებაც, რათა ინტერიერში სიახლე იგრძნობოდეს და ორი სტილის გაერთიანებით იდეალური კომბინაცია მიიღოთ.
ინტერიერის დიზაინერი ნანა თავდუმაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მკითხველს საინტერესო რჩევებს უზიარებს და გვიყვება იმ ძირითად პრინციპებზე, რომელთა გათვალისწინებითაც ჩვენს სახლს თანამედროვე კლასიკური სტილის ინტერიერად გარდავქმნით და საუცხოო, ესთეტიკურად მიმზიდველ სახეს მივანიჭებთ:
„თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც კლასიკური ინტერიერი გხიბლავთ, მაგრამ თვლით, რომ ის საცხოვრებელ სივრცეს ამძიმებს, ეს რჩევები დაგეხმარებათ შექმნათ დაბალანსებული, ელეგანტური, დასამახსოვრებელი ინტერიერი, რომელიც იქნება მსუბუქი და მარადიული.
1. შეინარჩუნეთ კლასიკური არქიტექტურა
თუ რემონტს ისტორიულ სახლში აკეთებთ, სასურველია, რესტავრატორის დახმარება. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ნაგებობის არქიტექტურული ელემენტები, როგორიცაა მაგალითად, „გაპრანჭული“ ჭერის ჰორიზონტალური კარის ან სარკმლის შვერილები (ე.წ კარნიზები), ხის კარები, ფანჯრები, მოზაიკა, ლამაზი წყობის პარკეტი, განსხვავებული ფილები… ამით სივრცეში სიძველის ორიგინალურ აქცენტებს შეიტანთ და სახლის ღირებულებასაც გაზრდით.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი საცხოვრებელი დაკავშირებული არაა სიძველესთან, არა უშავს, მიუდექით ამ პროცესს კრეატიულად და შექმენით მომავლის ისტორია! აარჩიეთ ისეთი ჭერისა თუ კედლის ელემენტები, რომლებიც არც ძალიან უბრალო იქნება და არც ზედმეტად გამომწვევი. უმჯობესია მაღალი პლინტუსებისა და კარნიზების შერჩევა, რადგან ისინი მეტად ალამაზებს და ამდიდრებს სახლს. ინტერიერისთვის ისეთი “კარნიზები” და მოლდინგები აარჩიეთ, რომ არც ძალიან გადატვირთული „ბაროკოს პატენტის“ იერი მიიღოთ და არც ძალიან უბრალო და უფორმო, ეს იქნება კლასიკური სტილის ოქროს შუალედი, რაც თქვენს სივრცეს მეტ ელეგანტურობას შესძენს.
2. შექმენით იდეალური ფონი ღია კედლებით
ბინის კედლები უმჯობესია იყოს ნეიტრალური, სუფთა ღია ფერის. ასეთ შემთხვევაში არქიტექტურულ დეტალებსა და ავეჯს თანამედროვე სახე მიეცემა და თქვენ მის მარადიულ სილამაზეს გაუსვამთ ხაზს. ნეიტრალური კედლები შესანიშნავ ფონს ქმნის ხელოვნების ნიმუშებისთვის, როგორიცაა ნახატები, ბიუსტები და სხვა დეკორის ელემენტები. ხალისიანი ფერების დამატება კი ტექსტილით და აქსესუარებით შეგიძლიათ.
3. შეიტანეთ ინტერიერში ანტიკვარიატი და ვინტაჟური დიზაინ ობიექტები
სახლის მოსაწყობად გამოიყენეთ თქვენი ან თქვენი წინაპრების ძველებური, საყვარელი ინტერიერის ნივთები, როგორებიცაა ნახატები, სარკეები, ჭაღები, დახვეწილი ფორმის სკამები, მაგიდები, კარადები, სავარძლები. ინტერიერის ასეთი ნივთებით გაფორმება თქვენი სტუმრების ყურადღებას მიიპყრობს და რაც მთავარია, ისინი ძვირფასი მოგონებებით დამუხტულ ატმოსფეროს შექმნის. თუმცა გახსოვდეთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ზომიერების დაცვა: ზედმეტად არ გადატვირთოთ სივრცე და არ მოაწყოთ ერთგვარი მუზეუმი, ძველებური ნივთების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 25%-ს.
თუ სახლში არ მოგეპოვებათ რაიმე ძველებური ნივთი, ნუ იდარდებთ, დღეს უამრავი შოურუმი თუ ონლაინ მაღაზია არსებობს, სადაც ძველებურ ნივთებსა და ავეჯს შეიძენთ, მთავარია ისეთი ნივთები აარჩიოთ, რომლებიც დადებით ემოციებს შეგიქმნით.
4. შეავსეთ ინტერიერის დანარჩენი ნაწილი მსუბუქი კლასიკის ან თანამედროვე სტილის ავეჯით
სივრცეში ძველებური ნივთების შემოტანით თქვენ მათ „მთავარ როლს“ ანიჭებთ, რაც სახლის ხასიათს განაპირობებს, ახლა კი დროა ისინი „დამხმარე პერსონაჟებით“ შეავსოთ, რომელთა გაერთიანებით საერთო, მრავალფეროვან და ჰარმონიულ სურათს მიიღებთ. ძველებური ავეჯი უმეტესად მუქ ფერებშია შესრულებული და საკმაოდ დეტალიზებულია. ბალანსისა და ზომიერების მისაღწევად, უმჯობესია, დანარჩენი ავეჯი სისადავითა და სინაზით გამოირჩეოდეს. მაგალითად, შესაძლებელია რძისფერი, კრემისფერი, ღია ტონალობის ცისფრის ან მწვანე ფერთა გამის გამოყენება. ავეჯის შერჩევისას ასევე დააკვირდით მის დეტალებს – უმჯობესია, ის იყოს მსუბუქი, კლასიკური მომრგვალებული, „რბილი“ სილუეტებით, დახვეწილი ფეხებით ან შეარჩიეთ თანამედროვე სტილის ნივთები, რომელიც არ იქნება უხეში და მძიმე იერსახის მქონე.
5. დეტალების გემოვნებიანი შეხამებით გააერთიანეთ სხვადასხვა სტილი
თუ სახლში გაქვთ ნახატი ანტიკვარული ჩარჩოთი, მოათავსეთ თანამედროვე ფორმის კონსოლის თავზე, რომელზეც დახვეწილი დიზაინის, თანამედროვე აქსესუარს დადგამთ. იმ შემთხვევაში თუ ანტიკვარული კომოდი გაქვთ, ის თანამედროვე სარკითა (ან ნახატით) და აქსესუარებით დააბალანსეთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ ანტიკვარული ნივთების ინტეგრირებას ისე, რომ არ გამოიყურებოდეს მძიმედ და მის ფონზე დანარჩენი ოთახი არ იყოს მოსაწყენი.
უმჯობესია მოერიდოთ ავეჯის კომპლექტებს, ეგრეთ წოდებულ „სამეულებს“, ისინი უკვე წარსულს ჩაბარდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაშალოთ და მისი ნაწილები სხვადასხვა ოთახში განათავსოთ. ნუ შეფერხდებით განსხვავებული ფერის მასალის შეხამებისას, დააკვირდით თქვენთვის სასურველ ინტერიერებს, მათში აუცილებლად იპოვით სხვადასხვა ფერის ხისა და მეტალის ნაზავს, რომელიც სივრცეს ბევრად უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.
6. გამოიყენეთ ბუნებრივი, მაღალი ხარისხის მასალა
კლასიკა პატივისცემას მოითხოვს და ვერ ეგუება დაბალი ხარისხის მასალას. არ გაცდუნოთ იაფფასიანმა, დაბალი ხარისხის პროდუქციამ. თუმცა, აქვე გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია ხარისხიანი ნივთების დაბალ ფასადაც შეძენა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ძვირადღირებული საქონელი უხარისხო და ულამაზოა. სწორი არჩევანის გაკეთება, რომ ნაკლებად გაგიჭირდეთ შეეცადეთ ისწავლოთ დეტალებზე დაკვირვება: ყურადღება მიაქციეთ რამდენად სუფთა ნამუშევარია, დახვეწილი ფორმები თუ აქვს, რამდენად ხარისხიანი და სანდო მასალით არის შესრულებული. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ხე ან ქვა, მაგალითად, სამზარეულოს ზედაპირზე ან აბაზანის ხელსაბანთან.
7. ენდეთ და მიჰყევით თქვენს ინტუიციას
იმ შემთხვევაში თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში, გაიხსენეთ თქვენი ახლობელი, რომელსაც თვლით, რომ კარგი გემოვნება აქვს და რაიმეს შერჩევისას საკუთარ თავს ჰკითხეთ, რამდენად მოეწონებოდა მას ესა თუ ის ნივთი. აუცილებლად ენდეთ, დაუჯერეთ თქვენს ინტუიციას, მიჰყევით თქვენს შეგრძნებებს. როგორც წესი, ამ შემთხვევაში სწორ არჩევანს გააკეთებთ.
და ბოლოს, თანამედროვე დიზაინის შერწყმა ელეგანტურობასთან, რაც კლასიკურ სტილს განსაზღვრავს, ფიქრსა და დაკვირვებას მოითხოვს, მაგრამ ამის მიღწევა და გათავისება სავსებით შესაძლებელია. იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები თქვენი ოცნების ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ“, – ნანა თავდუმაძე.
გარეკანის ფოტო: ოთო გორდელაძე