in

კომფორტის საიდუმლო — 10 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია

სკანდინავიური სტილი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენს და ინტერიერის დიზაინში მოდის მიმართულების განსაზღვრას განაგრძობს. დღეს გაგაცნობთ ყველა უახლეს ტენდენციას, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სახლში მარტივად გამოიყენოთ.

  1. ფილოსოფია “Lagom”

რამდენიმე წლის წინ კომფორტის დანიური გააზრება, სახელწოდებით “Hygge“ ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ ის თანდათან კიდევ უფრო პრაგმატულმა და რაციონალურმა შვედურმა “Lagom“-მა (საკმარისი) ჩაანაცვლა. შვედეთი ცნობილია მინიმალისტური დიზაინით. “Lagom” კი უფრო მეტია, ეს ცხოვრების პრაქტიკული ფილოსოფიაა.

  1. ტექნოლოგიური მოწყობილობებისგან თავისუფალი სივრცე

თქვენს ბინაში უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც არ იქნება ტელევიზორის ხმაური და მობილური ტელეფონი დასვენებაში ხელს არ გიშლით. სწორედ ასეთი გარემო უნდა იყოს საძინებელში. ნაცრისფერი და რძისფერი ტონები, რბილი ქსოვილები და ბუნებრივი ხე ხელს შეუწყობს მშვიდი ატმოსფეროს შექმნას.

  1. შენახვის სისტემა, როგორც დეკორი

სკანდინავიელებმა ისწავლეს, როგორ გარდაქმნან ჩვეულებრივი ტანსაცმლის საკიდი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად, რომელიც ნებისმიერი ოთახის იერსახეს შეცვლის. საკიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას დანიშნულებისამებრ, ტანსაცმლის ჩამოსაკიდად ან უბრალოდ ოთახის გასალამაზებლად.

  1. ქალაქგარე სახლის კულტურა

სკანდინავიური დიზაინის ჩამოყალიბებაში ფინეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერი ერისგან — ფინელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მათ შორის არის ბუნებასთან კავშირი, ბუნებრივი მასალების, ძირითადად, ხის გამოყენება სახლის ინტერიერში.

  1. ავეჯი ტყავის ელემენტებით

სხვა პოპულარულ სკანდინავიურ მასალებთან შედარებით, ტყავი არც ისე აქტუალურია. თუმცა შვედი სტილისტის — ლოტა აგატონის აზრით, ხის სკამები ტყავის დასაჯდომითა და საზურგით ახალი ტენდენციაა.

  1. ცისფერი

შეგიძლიათ ყველაზე პოპულარული სკანდინავიური აქცენტის ფერი დაასახელოთ? მართალია, ცისფერი. ის განსაკუთრებით ჰარმონიულად გამოიყურება თეთრი ინტერიერის ფონზე. მონოქრომული სტილის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა.

  1. ხის გისოსები

ხის გისოსებიანი კედლები და ჭერი გაგრძნობინებთ, თითქოს სპა სასტუმროში ხართ. ეს შესანიშნავი იდეაა საძინებლის ან დასასვენებელი სივრცის გასაფორმებლად, რომელიც ინტერიერში არაჩვეულებრივი ეფექტის შექმნასთან ერთად, ოთახის ზომების კორექტირების საშუალებასაც გაძლევთ. ამ მიზნით ყველაზე ხშირად სპეციალურად დამუშავებული ფიჭვის ხე გამოიყენება.

  1. კარავი

რომელ ბავშვს არ გააბედნიერებს სახლში კარავი? შეგიძლიათ შვილს ინდიელების ვიგვამში დასაძინებელი სივრცეც კი მოუწყოთ. ასეთმა კარვებმა დიდი ხანია პოპულარობა სკანდინავიის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა — მათი ნახვა ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლებშიც შეიძლება.

  1. ნაცრისფერი კედლები და ტექსტილი

წელს ნაცრისფერი ინტერიერის ტენდენციის პოზიციები ძლიერდება. ნაცრისფერი საკმაოდ მრავალმხრივია — ელფერიდან გამომდინარე, მას შეუძლია სივრცე უფრო მშვიდი და დახვეწილი, ან პირიქით, უფრო დრამატული გახადოს. იმისთვის, რომ ინტერიერი ძალიან ერთფეროვანი არ ჩანდეს, დიზაინერები ამ ფერთან თბილი, ხისფერი ტონების შეხამებას გვირჩევენ.

  1. ბუმბული

ამერიკულმა ტენდენციამ სკანდინავიაც მოიცვა. ბუმბული ყველგანაა! სადაც არ უნდა გამოიყენოთ ის — მაგიდის დეკორაციაში, შპალერის ან თეთრეულის პრინტზე, ბუმბული ასახავს სკანდინავიური დიზაინის მთავარ გზავნილს — ბუნება ყველაფერშია.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

დევიდ ჩიპერფილდი — მოცულობითა და ჩრდილებით მოთამაშე არქიტექტორი

ბინა მზიურის პარკთან ზომიერებისა და სისადავის სინთეზით – სტუდია Due-ს ნამუშევარი