in

რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შევარჩიოთ საჭირო სიმძლავრის კონდიციონერი?

კონდიციონერი იმ ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ტექნიკურ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც კომფორტული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებელია. ის უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს სრულფასოვანი საცხოვრებლის, სასიამოვნო გარემოსა და ენერგოეფექტური, მოსახერხებელი სივრცის შექმნაზე. ამიტომ კონდიციონერის შერჩევისას დიდი ყურადღება და დაკვირვება გვმართებს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად მახასიათებლებსა და კრიტერიუმებზე, რომელთა გათვალისწინებით თქვენს სივრცეზე მორგებულ მოდელს მარტივად შეარჩევთ და კონდიციონერის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფთ.

სახლის ფართობი და კონდიციონერის სიმძლავრე — კონდიციონერის შერჩევისას მომხმარებლები, უპირველესად, ბინის ფართობს და ოთახის ზომებს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე არჩევენ კონკრეტულ პროდუქტს. თუმცა, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან მხოლოდ ოთახის ზომა და სახლის ფართობი არ გვაძლევს ზუსტ პასუხს სივრცისთვის საჭირო სიმძლავრეზე. საშუალოდ, 1მ²-ზე დაახლოებით 100 ვატის სიმძლავრის კონდიციონერია საჭირო, შესაბამისად (დაახლოებითი მონაცემებით), მაგალითად, 10-15 მ²-ს დასჭირდება — 1000 – 1500 ვატი; 20-25 მ²-ს — 2000 – 2500 ვატი, ხოლო 25-35 მ²-ს — 3500 — 5000 ვატი. ამას გარდა, კონდიციონერის სწორი სიმძლავრის შესარჩევად გასათვალისწინებელია:

  • თბოდანაკარგის რაოდენობა
  • საიზოლაციო მასალის მდგომარეობა — ცუდი იზოლაციის მქონე ბინისთვის აუცილებელია ოთახის ფართობის მიხედვით შერჩეული სიმძლავრე 10-20%-ით გავზარდოთ.
  • ვიტრაჟებისა და ფანჯრების რაოდენობა
  • სახლის განლაგება და სართული — მაგალითად, სამხრეთის მხარეს მდებარე სახლისთვის კონდიციონერის სიმძლავრე დაახლოებით 15%-ით უნდა გავზარდოთ. ხოლო სახურავის ბინის, ბოლო სართულის შემთხვევაში, სივრცე რთულად თბება და გრილდება, ამიტომ მეტად მძლავრი კონდიციონერია საჭირო.
  • ჭერის სიმაღლე
  • კლიმატური პირობები — კონდიციონერის სიმძლავრეზე ზემოქმედებს რეგიონის ზოგადი კლიმატური მდგომარეობა და ნესტის დონეც. მაგალითად, თბილისის პირობებში, ცხელი ამინდის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია საშუალოდ 120-130 ვატის სიმძლავრის კონდიციონერის გამოყენება 1მ²-ზე.
  • შენობაში მყოფი ადამიანთა რაოდენობა

კონდიციონერის ენერგოეფექტურობა — გარდა ამ მახასიათებლებისა, კონდიციონერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი და ეცადოთ მაღალი ენერგოეფექტურობის — A კლასის მოდელი შეარჩიოთ. რათა პროდუქტმა რესურსებისა და ენერგიის ხარჯვა მინიმუმამდე დაიყვანოს, გარემოზე ზიანი შეამციროს და, რაც მთავარია, მაცხოვრებელთა კომუნალური გადასახადების ეკონომია მოახდინოს.

კონდიციონერის ტიპი და მონტაჟის სპეციფიკა — პროდუქტის შეძენამდე ასევე მნიშვნელოვანია კონდიციონერის ტიპის სწორად შერჩევა. მაგალითად, სტანდარტული Split დანადგარები (წყალზე მომუშავე კონდიციონერები), რომლებიც ძირითადად ერთ ოთახშია დამონტაჟებული და დიდი ფართობის სახლს შეიძლება არაეფექტურად აგრილებდეს, მათ ნაცვლად უმჯობესია გაგრილების თანამედროვე — VRF და VRV სისტემების შერჩევა, რომლებიც დიდი ფართობის პირობებში შენობაში ენერგოეფექტურ და სასურველ კლიმატურ პირობებს უზრუნველყოფს. ხოლო დანადგარის ინსტალაციისას გასათვალისწინებელია სწორი მონტაჟისთვის აუცილებელი ყველა საფეხურის სრული სიზუსტით შესრულება, რათა მომავალში კონდიციონერის მუშაობას პრობლემები არ შეექმნას და არ დაზიანდეს.

ფუნქციები და თანამედროვე ტექნოლოგიები — კონდიციონერის შერჩევისას რეკომენდებულია თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებითა და ფუნქციებით აღჭურვილ მოდელს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც მის ყოველდღიურ გამოყენებას გაგიმარტივებთ და ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით. მაგალითად, პროდუქტი, რომელიც აერთიანებს Wi-Fi ადაპტერებსა და თერმოსტატს, საშუალებას იძლევა ენერგიის დაზოგვის, მოხერხებული მუშაობის, დისტანციური მართვისა და კონდიციონერის ფუნქციონირების კონტროლის, რაც ბევრად ეფექტურსა და იოლს ხდის მოდელის მოხმარებას.

ხმაურის დონე — მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კონდიციონერის შერჩევა, რომლის ხმაურის დონე დაბალია. სასურველია, ეს მაჩვენებელი 50 დეციბელზე ნაკლები იყოს, რათა საცხოვრებელში დისკომფორტი არ შექმნას და უსიამოვნო გარემო არ განაპირობოს.

მწარმოებელი და საექსპლუატაციო ვადა — პროდუქტის საიმედოობა პირდაპირ დაკავშირებულია მწარმოებელთან და ბრენდთან. ამიტომ უმჯობესია, შეარჩიოთ სანდო, ცნობილი და ხარისხიანი ბრენდირებული ნაწარმი, რომელიც ეფექტური მუშაობის გარანტიას მოგცემთ და ნაკლოვანების შემთხვევაში, მის გამოსწორებაზე იზრუნებს. აქედან გამომდინარე, კონდიციონერის შეძენამდე დააკვირდით მწარმოებლის მიერ მითითებულ საექსპლუატაციო ვადას და საგარანტიო პერიოდს, რათა თავი დაიზღვიოთ ზედმეტი გართულებებისგან და დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენოთ მოდელი.

ამგვარად, კონდიციონერის შეძენამდე მნიშვნელოვანია წინასწარ ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ პროდუქტზე, მისი მწარმოებელი ბრენდის კარგად გაცნობა, მონტაჟისა და მახასიათებლების შესწავლა, სიმძლავრის სწორად განსაზღვრა და ენერგოეფექტურობისა და ხმაურის მაჩვენებლის შემოწმება.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ემანუელ გარგანო – Compassi d’Oro-ს ჯილდოს მფლობელი დიზაინერი იტალიიდან

ინდივიდის კეთილდღეობასა და კომფორტზე მორგებული ოფისი ჭავჭავაძეზე — „Material Editors”-ის ნამუშევარი