იტალიაში „აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ძველი სკოლის შენობების ახლით ჩანაცვლების მიზნით, ჩატარდა კონკურსი — „სკოლა ხვალინდელი იტალიისთვის”, რომელშიც „Timm Architecture“-სა და „CM-2 Associati“-ის თანამშრომლობით შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა.
საპროექტო ტერიტორია იტალიაში, მაკერატას პროვინციის მუნიციპალიტეტ მატელიკაში მდებარეობს, რომელსაც სამი მხრიდან გზა, დასავლეთიდან კი ხეობა ესაზღვრება. ქალაქის ძველ ნაწილში ურბანული სტრუქტურა ძირითადად შუა საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ტერიტორია 2-3 სართულიანი სახლებით არის გარშემორტყმული.
როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, პროექტირებისას მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა არსებული რელიეფი და ინფრასტრუქტურა. პროექტში უცვლელი დარჩა სკოლის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელის, ავტოსადგომისა და სავარჯიშო სტადიონის ადგილმდებარეობა. დანარჩენი სივრცე კი აუდიტორიუმისა და ამფითეატრის მოსაწყობად იქნა გამოყენებული.
საკონკურსო პროექტში ძირითადი აქცენტი სკოლის დერეფანზე გაკეთდა, რომელიც ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლსა და საკომუნიკაციო ელემენტის ფუნქციას ასრულებს.
„ვთვლით, რომ სკოლებში დერეფანი მოსწავლეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კვანძია, რადგან სწორედ აქ ხდება მათ შორის ძირითადი კომუნიკაცია. ამიტომ, მთავარი გამოწვევა იყო, რომ მიგვეღო დერეფანი არა როგორც უბრალოდ გამჭოლი, დამაკავშირებელი ხაზი, არამედ როგორც შეხვედრის, საუბრისა და არაფორმალური განათლების სივრცე. შესაბამისად, ვეცადეთ, მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციური ყოფილიყო ის“, — აღნიშნავს „Timm Architecture“-ის დამფუძნებელი ნიკა ლეკვეიშვილი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტში არასტანდარტული დერეფნული სისტემა განვითარდა, სადაც შენობის ცენტრალურ ნაწილში წრიული ფორმა ამოიჭრა, რამაც არტიკულირებული სივრცეების გაჩენის შესაძლებლობა შექმნა, რომლებიც გაფართოებისა და შევიწროების შედეგად, მოქნილ და მყუდრო სივრცეებს განაპირობებს.
„დერეფნები ოთახების დაკავშირების გარდა, სხვა ფუნქციებსაც ითავსებს — იქმნება თავშეყრის ადგილები, რომლებიც შეიძლება კლასის გარეთ სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად გამოიყენონ. ხოლო წრიული ფორმის ამოჭრით მიღებულ სიცარიელეში გავაჩინეთ შიდა ეზო. სწორედ ეს სიცარიელე იქცა ადგილად, რომელიც მთელ სკოლას აერთიანებს და განწყობას ქმნის“, — ნიკა ლეკვეიშვილი.
ცენტრალური ეზოდან შესაძლებელია სკოლის ნებისმიერ ნაწილში მოხვედრა. საკლასო ოთახები და სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები გარე პერიმეტრზეა მოწყობილი, ფასადი კი ხის პანელებით არის მოპირკეთებული, რაც ერთიან, ჰარმონიულ სურათს ქმნის.
„საკლასო ოთახებიც და სხვა დანიშნულების სივრცეებიც შენობის გარე პერიმეტრზეა მოწყობილი, რაც ფასადზე ღიობების ქაოსურობას იწვევს. ამიტომ ხის პანელებით შევქმენით რიტმი, რომელშიც ვიტრაჟები ისე ეწერება, რომ ფასადზე ერთგვარი პატერნი (სქემა) იქმნება“, — ნიკა ლეკვეიშვილი.
პროექტის ავტორები: ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, ნუცა კანდელაკი, გიორგი პატარიძე, ანი თევზაძე, Francesco Adorni, Marco Oriani
არქიტექტურული სტუდია: „Timm Architecture“, „CM-2 Associati“