კონორ მაკდევიდი მსოფლიოში ჰოკეის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. როდესაც კანადის ზამთრის ტემპერატურის პირობებში მუშაობთ და დღეებს ყინულის მოედნებზე ატარებთ, აუცილებელია გქონდეთ სახლი, რომელიც სათანადოდ დასვენების საშუალებას მოგცემთ. სამსართულიანი სახლი, რომელიც მაკდევიდისა და მისი პარტნიორისთვის – ლორენ კაილისთვის Design Two Group-მა ააშენა, ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს და წყვილს მყუდრო გარემოთი უზრუნველყოფს. ლორენი ინტერიერის დიზაინის რანგში პროექტს სათავეში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ის საკუთარ ფირმას – Kyle and Co Design Studio-ს მართავს.
წყვილი სერიოზულად შეუდგა სახლის ძებნას მას შემდეგ, რაც მაკდევიდმა 2017 წელს Oilers-თან 8-წლიანი კონტრაქტი დადო. თუმცა, მას შემდეგ, რაც კონორმა და ლორენმა უძრავი ქონების ბაზარზე მათი ხედვისთვის შესაფერისი სახლი ვერ იპოვეს, გადაწყვიტეს ჩრდილოეთ სასკაჩევანის ხეობიდან არც თუ ისე მოშორებით, მარადმწვანე ხეებს შორის სახლი შეკვეთით აეშენებინათ.
როდესაც საბოლოო არქიტექტურული გეგმების გადახედვის დრო დადგა, წყვილმა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა გადაწყვიტა: სარდაფის დონეზე, მოსასვენებელი ოთახისა და ბარის გვერდით, მათ მოითხოვეს პატარა სპორტული მოედნის (კალათბურთის მოედნის ნახევარი) გაკეთება. სწორედ აქ ვარჯიშობს კონორი ჰოკეის უნარებზე.
წყვილი მოხიბლულია მთავარი სართულის ღია გეგმარებით. კონორს სურდა, რომ ეს სახლი ყოფილიყო ადგილი, სადაც ოჯახი, მეგობრები და თანაგუნდელები შეძლებდნენ შეკრებას. „იქიდან გამომდინარე, რომ კონორი კაპიტანია, ვიცოდი, სტუმრების მიღება ხშირად მოგვიწევდა. აქ ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ეს სახლი გართობისთვის არის შექმნილი“ – ამბობს ლორენი. „ვფიქრობ, ჩვენი სახლი გუნდური წვეულებების ადგილი გახდა“ – სიცილით აღნიშნავს ჰოკეის ვარსკვლავი.
სოციალური ფუნქციის გარდა, სივრცე ლორენის სტილის პერსონალურ შეგრძნებას შეესაბამება. „ეს ძალიან დახვეწილი სახლია, საინტერესო აქცენტებით. მასში ვერ შეხვდებით ზედმეტ დეტალებს. ის ძალიან თანამედროვეა და, იმავდროულად, მცირეოდენ ტრადიციულ გავლენებსაც მოიცავს“ – ამბობს ის.
მთავარ სართულზე ასევე არის სამზარეულო დიდი მარმარილოს კუნძულით. ამ ოთახიდან შეგიძლიათ პირდაირ ეზოში მოხვდეთ. აქვე არის სასადილო ოთახიც.
მისაღებ ოთახში არსებული ლითონისგან დამზადებული პანელები უკან გადადის, რათა გამოაჩინოს ტელევიზორი, რომელსაც კონორი ხანმოკლე დასვენების დროს უყურებს. სახლი სავსეა ასეთ მოულოდნელ ადგილებში დამალული ტელევიზორებით: საძინებელში – საწოლის ბოლოში, ასევე, ზედა სართულზე – ბუხრის ზემოთ.
ზედა სართულიდან მდინარის ხეობაზე პანორამული ხედი იშლება. აქ ასევე არის ორკაციანი საუნა. „ამ ადგილას გრძელი და ცივი ზამთარია, ამიტომ გარკვეული დროის გარეთ გატარების შემდეგ, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ,“ – ამბობს კონორი. წყვილისთვის ეს სახლი არის სიმყუდროვით აღსავსე ადგილი, სადაც ცხოვრება ნელდება.