თანამედროვე არქიტექტურაში ხშირად ვხვდებით საზღვაო კონტეინერისგან შექმნილ სახლებს, რომლებიც მყუდრო სივრცეს ქმნის და რესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა. სწორედ ამგვარ კონსტრუქციებს ქმნის კომპანია „რუმბოქსი“, რომელიც საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებსა და საოფისე ფართებს საზღვაო, სატვირთო კონტეინერებისგან აწარმოებს.
კონტეინერი-სახლი მყარი, მყუდრო, პრაქტიკული საცხოვრებელია, რომელიც ნებისმიერი ტიპის რელიეფზე საძირკვლის ჩაყრის გარეშე თავსდება.
დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროექტზე გიამბობთ. ეს არის კიკეთის ტყეში მდებარე ორნომრიანი სასტუმრო, რომელზეც „რუმბოქსმა“ იმუშავა. დამკვეთის მთავარი სურვილი იყო არასტანდარტული მოდულის შექმნა, რომელიც „ბოქსებისთვის“ დამახასიათებელი ვიწრო ზომის არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, კონტეინერს 6 მ2 ფართობის რკინის კონსტრუქცია დაემატა, რის შედეგადაც, ორ ნომრიანი სასტუმროს საერთო ფართობი 66 მ2 გახდა. პროექტი შედგება 33 მ2 -იანი ორი ნომრისა და დამატებით, ორი ღია ტერასისგან.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში ყველაზე რთული აღმოჩნდა სამუშაო პროცესის წარმოება ობიექტის მდებარეობის ადგილას.
„პროექტზე მუშაობისას მთავარი სირთულე არასტანდარტული გეგმარების კონკრეტულ ადგილზე განხორციელება აღმოჩნდა. როგორც წესი, კონსტრუქციას, ძირითადად, საწარმოში ვამზადებთ და შემდეგ გადაგვაქვს შესაბამის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში სამუშაოების გარკვეული ნაწილი ობიექტის განთავსების ადგილზე შესრულდა, რამაც გარკვეული სირთულეები წარმოშვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რელიეფი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იდეალური შედეგი მივიღეთ“, – ამბობენ „რუმბოქსში“.
სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებისა და უამინდობის გამო, აღნიშნული პროექტის დასრულებას 5 თვე დასჭირდა. საბოლოოდ, მოდულში განთავსდა სასტუმროს ტიპის ორი სივრცე, ორი იზოლირებული აბაზანა და გარე ტერასები. გეგმარება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. თითოეულ ნომერში განლაგებულია ერთი საერთო სივრცე საწოლით, სავარძლითა და პატარა მაგიდით, აბაზანა კი ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.
პროექტის ავტორების თქმით, მოდელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდა. თბოიზოლაციისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის პოლიურეთანის მისაფრქვევი ქაფი, რომელსაც აქტიურად იყენებენ აშშ-სა და სკანდინავიის ქვეყნებში სკოლებისთვის, საბავშვო ბაღებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის. იგი გამოიყენება მაცივრის კედლებშიც, რაც პროდუქტის ეკოლოგიურ სიჯანსაღეზე მიუთითებს. უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციის დამსახურებით, კონსტრუქცია ტემპერატურას მარტივად ინარჩუნებს, რის გამოც ნებისმიერ სეზონზე მოსახერხებელია.
რაც შეეხება შიდა მოპირკეთებას, კედლებისა და ჭერისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალა, არყის ხის ფანერაა გამოყენებული. მისგანაა დამზადებული ავეჯიც, რომელზეც შემდგომ წყლის ფუძეზე დამზადებული, ორჯერ დამუშავებული ლაქია გადასმული. იატაკი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, მედეგი ვინილისგან. აბაზანაში გამოყენებულია ალუმინის ფირფიტები. რკინის საზღვაო კონტეინერის კარ-ფანჯარაც ალუმინისგანაა წარმოებული. მოდულში დამონტაჟებულია LED განათება, წყლის გაყვანილობა კი მეტალოპლასტის მილებისგან შედგება.
თითოეული ნომერი მყუდრო, მშვიდ ატმოსფეროს ქმნის და თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. სივრცეში ყველაფერია სრული კომფორტისთვის: ჩაშენებული ტექნიკა, კონდიციონერი, რეკუპერატორი, ცენტრალური გათბობის ქვაბი. საშხაპეები სრულად კეთილმოწყობილია. ღია ტერასაზე განთავსებულია გარე სივრცის მაგიდა სკამებით.
„რუმბოქსის“ წარმომადგენლის აზრით, პროექტმა საკმაოდ მყუდრო და სასიამოვნო გარემო შექმნა, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი მოხერხებულად იგრძნოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასში ვლინდება ინდივიდუალური ხასიათი, რაც ობიექტს უნიკალურ სივრცედ აქცევს.
„პროდუქტზე მუშაობისას ყოველთვის ვცდილობთ, ინდივიდუალური ხასიათი შევინარჩუნოთ და ისეთი მოდელი შევქმნათ, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, დატკბნენ თავიანთი სახლის სიმყუდროვითა და თანამედროვე იერსახით. ვუფრთხილდებით მომხმარებლის დროს, ვაფასებთ ბუნებასთან სიახლოვეს და გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრებას ვცდილობთ. სწორედ ეს ქმნის ჩვენი ხასიათის მთავარ შტრიხს – მომხმარებელს საინტერესო გარემოში კომფორტული ცხოვრება და დასვენება შევთავაზოთ“, – აღნიშნავენ „რუმბოქსში“.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის