ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინში ხშირად ვხვდებით კორიანისგან დამზადებულ პროდუქტს, რომელიც მაღალი ხარისხით, დიზაინის მრავალფეროვნებითა და მდგრადობით გამოირჩევა. ამის გამო დიზაინერებისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალაა.
დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს: რა ძირითადი უპირატესობით გამოირჩევა კორიანი და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე.
რა არის კორიანი?
კორიანი მყარი, ერთგვაროვანი, მოსაპირკეთებელი მასალაა ზედაპირული ფორმების გარეშე, რომელიც 1/3 პოლიმეთილმეტაკრილატისაგან და 2/3 ბუნებრივი შენაერთებისგან შედგება. ეს შემცველობა განაპირობებს მის მედეგობას, სიმტკიცეს და დიზაინის მრავალფეროვნებას. განსხვავებით გრანიტისა და მარმარილოსგან, კორიანს სასიამოვნო ზედაპირი აქვს, არ იწოვს სითხეს და ლაქების მიმართ მდგრადია. მისი დამუშავების ტექნოლოგია, რის შედეგადაც უხილავად ხდება მასალის გადაბმა, არაერთი სხვადასხვა ფორმის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
კორიანი პირველი ხელოვნური ქვაა პოლიმეთილმეტაკრილატების ოჯახიდან, რომლის წარმოება XX საუკუნიდან იწყება. 50-იან წლებში, სამშენებლო ბუმისა და ეკოლოგიური სტანდარტების ჩამოყალიბების კვალდაკვალ, გარკვეულ პრობლემები შეიქმნა გრანიტისა და მარმარილოსებრთა ოჯახის მასალასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო მათი არაეკოლოგიურობით, საშიში, რადიაქტიური მინარევებით (მსოფლიო მასშტაბით გრანიტის მხოლოდ 7%-ია ეკოლოგიურად სუფთა), ასევე, ისინი ხასიათდებოდნენ ზედაპირული ფორმებისა და კაპილარების არსებობით, ფერთა შეზღუდულობით, თერმოფორმირების უნარის არ ქონით. ამავდროულად, სამშენებლო მოთხოვნის ზრდასთან ერთად, წარმოიქმნა აღნიშნული მასალის დეფიციტი, ამიტომ მწარმოებლებმა დაიწყეს ფიქრი ახალი პროდუქტის შექმნაზე, რომელიც სიმყარესა და სიმტკიცესთან ერთად, ვიზუალურად მრავალფეროვანი იქნებოდა და მის გამოყენებას მრავალმხრივად შეძლებდნენ. უკვე არსებულ გრანიტისა და მარმარილოსებრთა ოჯახის მასალასთან შედარებით, კორიანი ზედაპირის ტექსტურით გამოირჩევა, ის საკმაოდ მდგრადია ნესტისა და ბაქტერიების მიმართ, ეკოლოგიურად სუფთაა და უხილავი გადაბმის უნარი აქვს. ასევე, კვარცის, კომპაქტ ლამინატისა და ხელოვნური ქვებისგან განსხვავებით, განახლებადია და პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლია.
კორიანის მახასიათებლები
კორიანი უნივერსალური მასალაა, რომელსაც ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში აქტიურად იყენებენ – სამზარეულოს, აბაზანის, ოფისებისა თუ სასტუმროების კეთილმოწყობისას. მისგან ნებისმიერი სახის ავეჯი მზადდება, გამოიყენება ფასადების მოსაპირკეთებლად, აქსესუარების დასამზადებლად. ასევე, ფართოდ გამოიყენება განათებისა (სანათები, შიდა და გარე განათება) და დეკორატიული ნაკეთობების შექმნის დროს (სამკაული, აქსესუარები, საიუველირო ნივთები).
ქვემოთ ჩამოთვლილია კორიანის ის უპირატესობები, რომლებიც მას ბაზარზე კონკურენტულ, მოთხოვნად პროდუქტად აქცევს:
ფერთა ფართო პალიტრა – კორიანს მრავალფეროვანი დიზაინი აქვს, ის 130-ზე მეტი ფერის შეიძლება იყოს. გვხვდება გამჭვირვალე სახითაც, რაც სივრცის გარდაქმნის საშუალებას გვაძლევს.
ეკოლოგიური სისუფთავე – ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უსაფრთხოა თქვენი სივრცისთვის და ჯანმრთელი, ჰიგიენური, ჰარმონიული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.
ხანგრძლივი მედეგობა – კორიანის მასალა მტკიცეა მრავალჯერადი დარტყმების მიმართ, მარტივად არ ზიანდება და წყალგამძლეა, რაც ხანგრძლივად უნარჩუნებს პროდუქტს პირვანდელ სახეს და უზრუნველყოფს მის მედეგობას.
კომფორტული მოხმარება – კორიანი საკმაოდ სუფთა პროდუქტია, ამიტომ მდგრადია ბაქტერიების მიმართ, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლასა და წმენდას. ამასთან ერთად, აქვს მარტივად აღდგენა-განახლების უნარი, რის გამოც ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ და ხელსაყრელ მასალად ითვლება.
კორიანის უარყოფით მხარედ მიიჩნევა:
მაღალი ფასი – კორიანი ბიუჯეტური პროდუქტი ნამდვილად არაა, ამიტომ მის უპირატესობებთან ერთად, გასათვალისწინებელია მასალისა და მონტაჟის ხარჯები.
მგრძნობელობა მაღალი ტემპერატურის მიმართ – კორიანის დაზიანება შეიძლება გამოიწვის მაღალმა ტემპერატურამ, ამიტომ კორიანის ზედაპირზე ცხელი მასალის მოთავსება არასასურველია.
მგრძნობელობა საღებავის მიმართ – მიუხედავად იმისა, რომ კორიანი ლაქების მიმართ მდგრადია, საღებავის მოხვედრამ შესაძლოა განაპირობოს ლაქების წარმოქმნა, ამიტომ აუცილებელია დასვრილი ზედაპირი მაშინვე გაიწმინდოს სარეცხი საშუალებებით.
კორიანის მონტაჟი და ფასები
კორიანთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად კორიანის ქვის იმპორტიორ კომპანია „NBT“-ს ვესაუბრეთ, რომელიც ერთადერთი ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. მისი წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „კორიანი ეკოლოგიურად სუფთა, სრულიად უსაფრთხო პროდუქტია, რომელსაც არ გააჩნია ზედაპირული ფორმები, შესაბამისად, ჭუჭყი, ლაქა თუ ბაქტერია ვერ აღწევს სიღრმეში. მისგან დამზადებული ნებისმიერი ნაწარმი ადვილად მოსავლელია და თავდაპირველ იერსახეს ხანგრძლივად ინარჩუნებს. გარდა ამისა, კორიანის ქვა მარტივად აღდგენის შესაძლებლობასაც იძლევა“.
ჩვენი რესპონდენტი დასძენს, რომ, მიუხედავად მასალის სიმტკიცისა, კორიანის ზედაპირზე უშუალოდ ჭრა და ცხელი ჭურჭლის დადგმა, დაფისა და სადგამის გამოყენების გარეშე, რეკომენდებული არ არის, რადგან, შესაძლოა, ამან დაზიანება გამოიწვიოს.
როგორც NBT-ში გვეუბნებიან, „თბოფორმირებისა და უხილავად შეწებების უნარის წყალობით, კორიანი საშუალებას იძლევა, მისგან შეიქმნას 2D/3D ნაკეთობები, რომლებსაც გადაბმის ხაზი არ აქვს. მისი ზედაპირის სიპრიალეს და ვიზუალურ მიმზიდველობას პოლირების ინტენსივობა განაპირობებს“.
კომპანიის განმარტებით, კორიანის ქვა იყიდება ფილების სახით, რომელთა ერთი ფორმატის ზომა 3650x760x12 მმ-ია. მინიმალური სარეალიზაციო ერთეული ნახევარი ფილაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალის რაოდენობის შერჩევისას, ნახევარი ფორმატის შეძენაც შესაძლებელია. რაც შეეხება ფასს, ეს დამოკიდებულია პროდუქტის ფერზე და 620$-დან 950$-მდე მერყეობს. მასალის წარმოება და მონტაჟი მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული, რის გამოც ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუმცა, საშუალოდ, მონტაჟის ხარჯი ნედლეულის ღირებულების 60-80%-ს შეადგენს.
გასათვალისწინებელია, რომ ზედაპირი, რომელზეც კორიანი მონტაჟდება, დასრულებული უნდა იყოს, ჩასაშენებელი ტექნიკა კი – შეძენილი, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
რომ შევაჯამოთ, თანამედროვე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში კორიანი აქტიურად გამოიყენება, რაც განპირობებულია მისი მრავალფეროვნებით, ხარისხით, სიმტკიცითა და სიჯანსაღით. კორიანის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და მისი ზედაპირი გადაბმის გარეშეა დამზადებული, თუმცა დადებით მხარეებთან ერთად, გასათვალისწინებელია მისი მაღალი ფასი და ტემპერატურის მიმართ მგრძნობელობა, რამაც შესაძლოა, აღნიშნული მასალის დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ შეძენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი თვისებებისა და მახასიათებლების გარკვევა.
ავტორი: მეკო მეტრეველი
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი