in

კორპი – ბუნებრივი მასალა ინტერიერის დიზაინისთვის

კორპის რბილი და ბუნებრივი საფარი უამრავ დადებით ემოციას იწვევს ყველაში, ვინც ის იატაკის ან კედლების მოპირკეთებისთვის გამოიყენა, მაგრამ ამის გარდა, კორპის საფარს ბევრი სხვა უპირატესობა გააჩნია.

დასაწყისისთვის, ამ ბუნებრივ მასალას გარე ხმაურისგან ოთახის იზოლირება შეუძლია. გარდა ამისა, კორპის შეხება ძალიან სასიამოვნოა, რადგან ის ოდნავ ელასტიკური და უხეშია.

ასევე, შეიძლება აღინიშნოს, რომ კორპის დასამზადებლად მწარმოებლები იყენებენ ქერქს, რომელსაც ზრდასრული ხე თავისით იცილებს, შესაბამისად, კორპის პროდუქტების წარმოებისთვის ხეები არ ზიანდება. ყველაზე ხშირად გაყიდვაში შეხვდებით დაპრესილი კორპის ნატეხებს და არა ფანერას, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან ძვირია.

კორპის იატაკს აქვს პანელის ფორმა, რომელიც ძალიან ჰგავს ლამინატის იატაკს. მის საფუძველს MDF (საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილა) წარმოადგენს. ზოგჯერ მწარმოებლები MDF-ის შიგნით დაპრესილი ნატეხების თხელ ფენას ათავსებენ, რათა პანელის ხმის საიზოლაციო თვისებები გააძლიერონ. გარდა ამისა, პანელის წინა ფენას ხშირად ამშვენებს ნიმუშები, რომლებიც იატაკს უჩვეულო იერსახეს სძენს.

კორპის იატაკის მთავარ უპირატესობებში შედის ის ფაქტი, რომ მასზე სიარული ძალიან სასიამოვნოა. შეხებისას ის თბილი და ელასტიკურია. გარდა ამისა, შეუძლებელია მასზე ფეხი დაგისხლტეთ. რაც შეეხება გაწმენდას, შეგიძლიათ სველი ნაჭერი გამოიყენოთ, რადგან ის არ ნესტიანდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იატაკის ქვეშ წყლის შეღწევამ შეიძლება პანელების ამობერვა გამოიწვიოს. გარდა ამისა, უხეში ქუსლის მქონე ფეხსაცმელმა შეიძლება საფარი დააზიანოს. ასევე, შინაური ცხოველები მას ადვილად აფუჭებენ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო სქელია ლაქის ფენა, მით უფრო დაცული და, ამასთან, პრიალაა კორპის იატაკი. კორპის იატაკის ქვეშ გათბობის კაბელები არ უნდა იყოს გაყვანილი.

მწარმოებლები გვთავაზობენ პანელებს, რომლებიც ერთმანეთში „ფაზლის“ მსგავსად თავსდება – ასეთი პანელების მონტაჟი საკმაოდ სწრაფია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია იატაკის დემონტაჟი და სხვა ოთახში გადატანა. ამ შემთხვევაში პანელების ქვეშ წყლის მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია.

ასევე, არსებობს პანელები, რომლებიც იატაკზე წებოს გამოყენებით მაგრდება. ასეთი კორპის ფილების დამონტაჟება ზედაპირის კაფელით მოპირკეთების მსგავსია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი წინა მეთოდზე უფრო შრომატევადია, ასეთ შემთხვევაში კორპის საფარის ქვეშ წყალი ვერასოდეს შეაღწევს.

კორპის პანელების გარდა, არსებობს კორპის შპალერიც, რომელიც უფრო ხშირად რულონების სახით იწარმოება. დიზაინერები გვირჩევენ მისი გამოყენებით კედლის მხოლოდ მცირე მონაკვეთი გავაფორმოთ. ითვლება, რომ ეს საფარი ასე უკეთ გამოიყურება. გარდა ამისა, კორპის შპალერს ფარავენ ცვილით, რაც მათი ექსპლუატაციის ვადას ახანგრძლივებს. ამ ტიპის შპალერს კედლებზე აკრილის წებოს საშუალებით აკრავენ.

სკანდინავიური ბუხარი ინტერიერში – #Homeisინსპირაცია

ახალი მწვანე ცათამბჯენი ტოკიოში – Ingenhoven Architects-ის პროექტი