„ყველაფერი ძველი და გაუბედურებული ბინიდან დაიწყო, რომელიც სარფიანად შევიძინეთ“ – ყვება დიასახლისი. ძველ მეპატრონეებს რემონტი უკვე დაწყებული ჰქონდათ, თუმცა ჩამონგრეული კედლების ეტაპზე შეჩერდნენ. სანამ მოვიფიქრებდით, რით დაგვეწყო, რამდენიმე წელი გავიდა. ბოლოს ჩვენმა ნაცნობმა მეზობელი ბინის გამოსყიდვა შემოგვთავაზა. ბოლო-ბოლო კედლები მაინც იყო იქ და დროებით უფროსი ბავშვების გადაყვანა შევძელით. მოკლედ, ფიქრისთვის საკმაო დრო გვქონდა და რაც გამოვიდა თავად ხედავთ“.
ბინას ძველი სახლის ბოლო სართული უკავია, ამიტომ სხვენის შემოერთება და მშენებლობის დაწყება გადაწყდა. ინტერიერი მისმა მეპატრონემ, ცნობილი ბერნდის, Gourji-ს შემქმნელმა თითქმის მყისიერად, ერთ ამოსუნთქვაზე მოიფიქრა. ეს ძალიან თანამედროვე და თავისუფალი სივრცე უნდა ყოფილიყო, ხოლო არქიტექტურული გადაწყვეტილებები სახლის კლასიკური სულის შესატყვისი.
ბინაში ორი სასტუმრო ოთახია, რომელთაგან ერთ-ერთი სასადილოს, მეორე კი საკონცერტო დარბაზის ფუნქციას ასრულებს. უკანასკნელი ამ სახლის შინაარს ყველაზე სრულად ასახავს. ადრე ასეთ სახლებს „ღიას“ უწოდებდნენ. კარი მუსიკალური და მხატვრული დისკუსიების, ასევე უბრალო ხალისიანი საღამოების მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა.
„ძალიან ბევრი ნამუშევარი ჩვენი ქალაქგარე სახლიდან გადმოვიტანეთ, თუმცა ისეთი განცდაა, თითქოს ისინი თავის პირვანდელ ადგილს დაუბრუნდნენ – ამბობს ნატალია. ახლა უკვე რთული წარმოსადგენია, რომ არტ ჯგუფ “Recycle“-ის შესრულებული „საიდუმლო სერობა“ სადმე სხვაგან შეიძლება დაიკიდოს”.
თუ გამოყენებულ მოცულობით და სივრცით გადაწყვეტილებებს შევეხებით, ყველაზე სახასიათო ადგილებია: სხვენი, რომელმაც კიდევ ერთი სასტუმრო ოთახი მოგვცა. ის კაბინეტიდან გამჭვირვალე ტიხრითაა გამოყოფილი და ინგლისურ ორანჟერეას მოგვაგონებს.
გვერდით უფროსი შვილის ოთახია, რომელიც თარო-ტიხრით ორ ნაწილადაა გაყოფილი და ფრანკო ალბინის მოტივებითაა შთაგონებული. მეპატრონეების თამამი არქიტექტურული იდეები ნატალია მერგეს ხელმძღვანელობით „სტუდია ბელვიუმ“ განახორციელა.
მოშიშვლებული ხის რიგელები, რომლებიც წინა მეპატრონეების მემკვიდრეობაა, ხელუხლებელი დატოვეს, მეორე სართულზე კი ინტერიერის ერთგვაროვნების შენარჩუნების მიზნით გამიზნულად გახსნეს.
კედლებისა და იატაკის ნეიტრალური ფერი, რომელიც აგურის კედლებისა და სხვენის გარდა მთელს სახლში ერთნაირია, ბინას ვიზუალურად კიდევ უფრო ზრდის და სურათებისთვის დასაკიდ დამატებით სივრცეს ქმნის. მონოქრომული სივრცე მათი სისტემატური გადაადგილების აუცილებლობას ხსნის. მოხერხებულობისთვის ბევრი ნამუშევარი სპეციალურად დაპროექტებულ კონსოლებზე განათავსეს, რომლებიც ოთახების მთელ პერიმეტრზეა გაშლილი. ბინა იმგვარადაა მოწყობილი, რომ მთელი ინტერიერის შეცვლა აქ მყისიერადაა შესაძლებელი.
ავეჯისა და აქსესუარების განლაგებაზე განსაკუთრებით არავის უზრუნია. წინანდელი ბინის ავეჯის ნაწილი მოთმინებით ელოდა შეფუთული რემონტის დასრულებას. მეორე ნაწილს კი თითოეული მოგზაურობიდან სხვადასხვა ბაზრობებზე ნაყიდი კარადები, სკამების კომპლექტები და ჭაღები შეადგენს.
დიდ სახლში ავეჯი ყოველთვის არასაკმარისია. „ახლა, მთელი ჩვენი სახლი ევროპის სხვადასხვა კუთხის ბაზრობების ნივთების თავშეყრის ადგილია“ – იცინის ოჯახის უფროსი – „აქ ვენეციური ჭაღი, ფრანგული სკამები და ქართული კარადები ჰარმონიულად თანაარსებობს“.
არამხოლოდ ამ სუვენირებით, არამედ მოგზაურობიდან მიღებული მასპინძლების შთაბეჭდილებებით ავსებული ეს სახლი ჭეშმარიტად კოსმოპოლიტური გამოვიდა. ის დედამიწის ნებისმიერ წერტილს მოუხდება.
ფოტოები: RICHARD POWERS