ჩეხეთში, ბუკოვას მთასთან მდებარე ამ კოტეჯის საერთო ფართობი 85 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ლოკაცია ცივი ზამთრის ამინდებითაა განთქმული – ჩრდილოეთის ზღვიდან მობერილი ქარი გერმანიის ბარების გადალახვის შემდეგ მთიან ლანდშაფტში ძალას იკრებს და ბუკოვას მთის მიმდებარე ტერიტორიას სუსხიანს ხდის.
მდინარე ჰორსკა კამენიცეს (Horská Kamenice) ნაპირზე მდებარე ველზე განთავსებული კოტეჯიდან ამომავალი თეთრი კვამლი მიგვახვედრებს, რომ სახლი უკაცრიელი არაა და ამ ზღაპრულ, საიდუმლოებით აღსავსე ადგილას ადამიანები კვლავ ცხოვრობენ.
არქიტექტურული სტუდია Mjölk architekti-ს მიერ ჩატარებულ რენოვაციამდე კოტეჯი 1980-იანი წლების შემდეგ მიტოვებული იყო და დაუსრულებელი იერსახე ჰქონდა. თავდაპირველად გამოყენებული ნაცრისფერი, სახეწაშლილი მასალა ჩანაცვლდა შავი ხის პანელებით. ხითაა აშენებული ასევე სახურავი და სახლის კონსტრუქცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მომცრო ზომისაა, საკმაოდ აბსტრაქტულად გამოიყურება. მისი სახურავი, კედელი და საკვამური ერთ ფორმაში ერთიანდებიან.
სახლის პროექტში დიდი ყურადღება დაეთმო ფანჯრებსა და ტერასას. რამდენიმე ფანჯრის საშუალებით ფასადი მომრგვალებულ ფორმებს იძენს. სახლის ექსტერიერი მას დიდ ჩიტის ბუდეს ამსგავსებს.
კოტეჯი ძალიან მყუდრო და ოჯახურია. მის საოცარ, შემინულ ბუხარში კოცონის დანთებისას მფლობელებს ჩეხეთის ამ ლოკაციისთვის დამახასიათებელი ცივი ქარების არსებობის შესახებ სრულიად ავიწყდებათ, პირიქით – ყველაზე ცუდი ამინდი კოტეჯში საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის.
შენობაში ორი საძინებელი ოთახია განთავსებული. ერთ-ერთი მათგანი შედარებით დიდია და ორიგინალური დეტალი გამოარჩევს – მასში შესასვლელად გარდერობში განთავსებული კიბე უნდა გამოიყენოთ. მეორეში კი სამზარეულოში მდებარე კიბით მოხვდებით. ბუხრის პირდაპირ პროექტების გამოგონილი „მძინარე ფანჯარა“ გვხვდება, სადაც მოულოდნელ სტუმარს კომფორტულად შეუძლია მოთავსდეს და ღამე გაათიოს.
კოტეჯის გარეთ, ეზოში განთავსებულია მომცრო ზომის საუნა, სადაც ყინვითა და თოვლით აღსავსე ღამეებში მფლობელები და მათი სტუმრები თბილ, მშვიდ საღამოებს ატარებენ.
ფოტოგრაფი: BoysPlayNice
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”