ასაწყობი კოტეჯების სერიიდან “A24” არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და თანამედროვე ვარიანტი. ის ინდოეთში მდებარეობს და მისი ფართობი 68 კვადრატული მეტრია. გლუვი თანამედროვე ფორმა გამოხატავს ძლიერ არქიტექტურულ იდენტობას დეკადენტური ინტერიერით, რომელიც უკავშირდება ინდური ბუნების კონტექსტს.
დამკვეთს სურდა, შეექმნათ თანამედროვე ფორმები ბუნებაში, მინიმალური ეკოლოგიური ნაკვალევით. არქიტექტორებს ერთი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ შეემუშავებინათ მსგავსი ტიპის სივრცითი დიზაინი, ემუშავათ შენობის დეტალებსა და მთლიანი კოტეჯის აწყობაზე.
“კოტეჯის ყველა კუთხე ცდილობს, ვიზუალურად თუ სივრცით დაუკავშირდეს ბუნებრივ კონტექსტს, იქნება ეს აბაზანა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დიზაინ გადაწყვეტებით, თუ სამზარეულო, რომელიც აღბეჭდავს ხეობის განსაცვიფრებელ ხედებს,” – აცხადებენ არქიტექტორები.
ამ ნაგებობის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია მისი დიდი, ღია ფასადები, რომლებიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. შეიძლება ითქვას, რომ 68 კვ.მ საცხოვრებელში პრიორიტეტი მიენიჭა კომფორტსა და დიზაინს.
“ჩვენი კოტეჯის დიზაინი მთლიანად იქმნება ადგილზე და იწყობა მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში. კოტეჯი ერთდროულად ფიქსირებულია და ამასთანავე – მოქნილიც. მიუხედავად იმისა, რომ სალონის ფორმა, მისი სტრუქტურული სისტემა და მთლიანი განლაგება ფიქსირებული რჩება, ყველა სხვა ელემენტი, როგორიცაა ავეჯი, განათების მოწყობილობები, სანტექნიკა, ავეჯეულობა და სხვა ტიპის მოპირკეთება, ერგება დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებს,” – ამბობენ პროექტის ავტორები.
არქიტექტურული სტუდია: Dev Desai Architects & Associates
ფოტოგრაფი: Kunal Daswani
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”