სადღესასწაულო ბზინვარებითა და სეზონური მაგიით სავსე სახლი საკმაო კონტრასტს ქმნის იმ ცივ და პირქუშ გარემოსთან, სადაც ეს შენობაა აგებული. იგი წყვილს – კიმსა და მარკს ეკუთვნის.
მცირე დახმარებით, წყვილმა ეს მე-17 საუკუნეში აშენებული ხის კოტეჯი ერთგვარ კერად გადააქცია და მას გვერდით მდებარე სკოლის შენობაც მიუერთა. დღეს კი მათ მიერ შექმნილი სახლი მყუდროა და იგი სახლის ორი განსხვავებული განყოფილების ორიგინალურ მახასიათებლებს აერთიანებს.
არქიტექტორთან მუშაობის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, რომ სამზარეულო გარდაიქმნილიყო დიდ სივრცედ, რომელიც შესანიშნავი იქნებოდა გასართობად და ის სწორედ ასე მოაწყეს. აქ უამრავ ნივთს შეხვდებით, რომელიც ოჯახურ იდილიას აშკარას ხდის. კარადების ადგილობრივმა მწარმოებლებმა ააწყვეს სამზარეულო, დაამატეს ცალკეული ავეჯი და ღია თაროები იერსახის შესარბილებლად.
ოთახის შუაგულში დგას ვინტაჟური ფერმის მაგიდა, რომელიც ერთგვარად კუნძულის როლს თამაშობს. წყვილმა ნაძვის ხის დადგმა სწორედ ამ ადგილზე გადაწყვიტა და აქაურობა საახალწლო დეკორით მორთო. აღსანიშნავია, რომ დეკორად აქტიურად გამოიყენეს ცოცხალი ნაძვის ტოტები, რაც კოტეჯს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
სამზარეულოდან პირდაპირ არის გასასვლელი არაფორმალურ სასადილო სივრცეში, რომლის შუაგულშიც კიმისა და მარკის მიერ ავსტრალიაში შეძენილი დიდი ხის მაგიდა დგას.
ვიქტორიანული სკოლის ოთახებიდან უფრო დიდი ოთახი დაეთმო ახლანდელ მისაღებ ოთახს, რომელიც საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება. აქაურობა სავსეა ძველებური ხის ავეჯითა და კერამიკული საყვავილეებით.
მათთვის, ვინც ეძებს სასადილო ოთახის იდეებს, ეს ძველი კოტეჯი სავსეა შთაგონებით. წყვილს გარკვეული შრომა დასჭირდა საიმისოდ, რომ ეს ოთახი ასე მყუდროდ მოეწყოთ. კიმმა სასადილო მაგიდა ანტიკვარული ნივთების მაღაზიაში შეიძინა და რამდენიმე ძველ სკამს რენოვაცია ჩაუტარა.
რაც შეეხება საძინებელს, ეს ოთახიც გამოგადგებათ ახლებური შთაგონების მისაღებად – იგი სხვენშია განთავსებული და მას დაწნული სათავსოები უმშვენებს კუთხეებს. და რაც მთავარია, სიძველის აურა არც საძინებელში იკარგება.
ფოტოგრაფი: Future/Malcolm Menzies