in

ბამბუკის ტყეებით შთაგონებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ჩინეთში – MAD Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

MAD Architects-ის მიერ დაპროექტებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ჩინეთში, რომლის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება, შთაგონებულია Anji-ს ოლქის მრავალფეროვანი ლანდშაფტით და ორიენტირებულია გარშემო არსებული ბუნებისა და სიმწვანის ათვისებაზე. პროექტის გეგმა არქიტექტურულმა სტუდიამ ბუნებრივი რელიეფისა და ლანდშაფტის მიხედვით შექმნა.

ამ ოლქში მდებარე შენობების უმეტესობა თავისთავად ქმნის კავშირს ჩინეთის თვალწარმტაც ბუნებასა და მოგვიანებით აშენებულ ქვისა თუ ბეტონის პროექტებს შორის. ეს ადგილი ცნობილია თავისი ბამბუკის ტყეებითა და ჩაის პლანტაციებით. ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს მდინარე მიედინება, ხოლო დასავლეთს მთები ესაზღვრება. აქედან გამომდინარე, კულტურული ცენტრის დიზაინი გამიზნულია ორ კონტექსტურ მახასიათებელს შორის გარდამავალი, დამაკავშირებელი სივრცის შექმნისთვის.

კულტურულ ცენტრში გაერთიანებული იქნება გრანდიოზული თეატრი წარმოდგენებისათვის, საკონფერენციო სივრცეები, სპორტული ზონები და ხელოვნების განათლების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ეს ობიექტები განლაგებულია 149000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

შენობა ბლოკებადაა დაყოფილი. ეზოები სივრცეებს ერთმანეთს აკავშირებს, მთლიანობაში კი დამთვალიერებელს შორეული მთების გამორჩეულ ხედებს სთავაზობს. ღია სივრცე განკუთვნილია გარე სპექტაკლებისთვისაც. დიზაინი უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის აქტივობებს, იდეალურად ასახავს ჩინური არქიტექტურის სიღრმეებსა და კავშირს ბუნებასთან.

მთავარი აქცენტი ხედების, ცისა და რელიეფის პატივისცემაზეა გაკეთებული, რაც დახვეწილ ესთეტიკას ქმნის. პროექტზე საუბრისას MAD-ის დამფუძნებელმა სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ამ რეგიონის უნიკალური აურა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა მათი უპირველესი განზრახვა და გამოწვევა იყო.

განსაკუთრებულ ხასიათს ქმნის იატაკიდან ჭერამდე მოჭიქული კედლები და შუშის ფასადიც, რომელიც 17 მეტრი სიმაღლისაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად პროექტი ძალიან მიმზიდველია, უჩვეულო ფორმა და დიზაინი ადამიანებისთვის ჯერ კიდევ უცნაურად აღიქმება.

სასურველი შედეგი ბამბუკის ფორმების მიბაძვითაა მიღებული და ყველაზე კარგად სახურავის დიზაინში გამოიხატება. ის ჰგავს ბამბუკის ფოთლებს, რომლებიც ქარში ირხევიან. დამატებით, შენობის ეს ნაწილი პასუხისმგებელია შიდა სივრცეში ბუნებრივი შუქის შესვლასა და სიმსუბუქის ეფექტის შექმნაზე. სახურავიდან იდეალურად ჩანს როგორც უშუალოდ შენობის ეზო, ასევე მისი შემოგარენი და განსაცვიფრებელი ხედებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ეზოს ყოველი ნაწილი ძალიან საინტერესოდ ასახავს შენობის ორგანულ არქიტექტურას. შიდა სივრცის გეგმარირება საკმაოდ შთამბეჭდავია, საკონფერენციო და „დიდი თეატრის“ ნაწილი შექმნილია განსხვავებულად, ორ-სამ სართულიანი განლაგებით. თეატრს შეუძლია 1300-ზე მეტი ადამიანის მიღება, საკონფერენციო დარბაზს კი 2000-ის.

 

არქიტექტურული სტუდია: MAD Architects

ფოტოები: Courtesy of MAD Architects

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

Arper – 6 პრინციპზე დაფუძნებული ავეჯის ბრენდი იტალიიდან

ბინა მწვანე ფანჯრებით ვერაზე – SXVAVA Architecture-ის ნამუშევარი