Landscape House — სახლი, რომელიც ისრაელის ცენტრში, 1,946მ2 ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, ბორცვებისა და სასოფლო-სამეურნეო მინდვრების ვრცელ ხედს გადაჰყურებს. ეს არის ერთსართულიანი სახლი, რომელიც 4-სულიანი ოჯახისთვის არქიტექტურულმა ფირმამ — Ruth Packer Rona Levin Architects-მა დააპროექტა.
შესასვლელი გარე სივრცე დაფარულია გაფართოებული სახურავით, რომელიც შიდა ეზოს და ძალიან მყუდრო სივრცეს ქმნის. ბაღის გაშენებისას პროექტის ავტორებმა განსაკუთრებულად იზრუნეს, რომ გარემოს მრავალფეროვნებისთვის ლანდშაფტის განსხვავებული ფენები შეექმნათ.
შესასვლელი დარბაზი L ფორმის სახლში წარმოადგენს შეერთების წერტილს საჯარო სივრცეს, მშობლების ზონას, ბავშვების საძინებლებს, საოჯახო სივრცესა და სასწავლო ზონას შორის. საჯარო სივრცე განთავსებულია შესასვლელი დარბაზის მარჯვნივ. ეს ოთახი მართკუთხა ფორმისაა და მისი ჭერი, რომელიც მუხის ვინირით არის მოპირკეთებული, ერთ მხარეს დახრილია.
დაქანებული სახურავი ინტერიერს სცდება და აღმოსავლეთით დაჩრდილულ ადგილს ქმნის. ის სახლის მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, სასადილოდ და დასასვენებლად სრულად გამოიყენონ ეს გარე ტერიტორია, რომელიც დაცულია მზისგან და წვიმისგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
საჯარო სივრციდან მოხვდებით საძინებელში. მთავარ საძინებელს აქვს ცალ მხარეს დახრილი ჭერი, რომელიც ასევე სცდება ინტერიერის საზღვრებს და პატარა მყუდრო გარე ზონას ქმნის.
სასწავლო ოთახი შეიძლება ხის კარის საშუალებით მთლიანად გაიხსნას და ბიბლიოთეკის ნაწილი გახდეს, ან დაიხუროს, როდესაც ადამიანს მეტი კონფიდენციალურობა სჭირდება.
სახურავი სახლის როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური ელემენტია. აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით ფართო დაჩრდილული ზონის შექმნა მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, სრულად გამოიყენონ გარე სივრცე წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. ამ ფორმით დაპროექტებული სახურავი წარმოადგენს შესანიშნავ დაცვას ისრაელის მცხუნვარე მზისგან. ჩრდილის შექმნასთან ერთად ის შიდა სივრცეების გაგრილებასაც უზრუნველყოფს.
3 შიდა ეზოს შექმნამ პროექტის ავტორებს საშუალება მისცა, ხეები შიგნით დაერგოთ და შეექმნათ განცდა, რომ სახლიც ბუნების შემადგენელი ერთ-ერთი ბორცვია.
არქიტექტურული ფირმა: Ruth Packer Rona Levin Architects
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”