ბეტონის მასალები სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე ინტერიერში. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ორმა მეგობარმა – ნიკა ლეფსაიამ და დავით ახვლედიანმა გადაწყვიტეს, შეექმნათ საწარმო, რომელიც სწორედ რომ ბეტონის პროდუქციაზე იქნებოდა ფოკუსირებული. თუ კონკრეტულად რას აწარმოებს Lefform Concrete Georgia და რა სამომავლო გეგმები აქვს მას, ამის შესახებ მის თანადამფუძნებელს, ნიკა ლეფსაიას გავესაუბრეთ.
“2021 თებერვალში დავარეგისტრირეთ კომპანია და მარტში უკვე დავიწყეთ საწარმოს “აწყობა”. მისი შექმნის იდეა გაჩნდა 2016 წელს, როცა პირველად მე თავად ჩამოვიტანე ჩემი კლიენტისთვის ბეტონის ხელსაბანი. აქედან მოყოლებული, ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა, საქართველოში ჩვენც გვქონოდა ამ პროდუქციის წარმოება. მით უფრო, რომ, რაც დრო გადიოდა, ბეტონის ფაქტურა ინტერიერში სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა.”
Lefform Concrete Georgia-ს მიღმა მისი დამფუძნებლების საკმაოდ დიდი გამოცდილება დგას. ნიკა ლეფსაია პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, მას ამ სფეროებში 15 წლიანი გამოცდილება მოჰყვება თან. სწორედ ინტერიერებზე მუშაობისას მიხვდა ის, რომ ბეტონის პროდუქტების საწარმო უნდა გაეხსნა. მან ეს თავის თანამოაზრესთან, დავით ახვლედიანთან ერთად შეძლო, რომელსაც მეწარმეობის მიმართულებით ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
– კონკრეტულად, რას აწარმოებს Lefform Concrete Georgia და გვიამბეთ დეტალურად პროდუქციის შესახებ.
ჩვენი კომპანია ამჟამად აწარმოებს ბეტონის ხელსაბანებს და ბეტონის კედლის მოსაპირკეთებელ ფილებს. ახლახან მივიღეთ შეკვეთა, დავამზადოთ აუზში ჩასადგმელი შეზლონგებიც.
დღევანდელმა ნანოტექნოლოგიებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან თხელი, თუნდაც 1 სანტიმეტრიანი ფორმები ჩამოვასხათ ბეტონისგან. დღეს უამრავი ნივთი კეთდება ბეტონისგან – სკამები, მაგიდები, ხელსაბანები, საყვავილეები, თეფშებიც კი. ეს იმდენად პოპულარული მასალა გახდა ინტერიერსა და არქიტექტურაში, რომ რატომაც არ უნდა გვეცადა? თანაც, ბატონის მასალა ბოლო პერიოდში სულ უფრო დახვეწა მისმა მინარევებმა, ეს არ არის უბრალოდ ქვიშა-ცემენტის ხსნარი. ჩვენ პროდუქციას ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის, 1000 მარკიანი, გერმანული ბეტონის ხსნარით. ესა დეკორატიული ბეტონი, რომელიც შეფუთვებით იყიდება და რომელსაც აქვს ძალიან ბევრი სერთიფიკატი აღებული. ასე რომ, სრულიად მიზანშეწონილია ამ მასალის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მას ხმარობენ წყალქვეშ ხიდების გასამაგრებლად, დამბების ასაშენებლად, აეროპორტების ბილიკების დასაგებად – ყველაფერი ეს კი მის სიმყარეზე მიუთითებს.
– როგორ ფიქრობთ, რით გამოირჩევა Lefform Concrete Georgia მსგავსი პროფილის სხვა კომპანიებისგან?
ჩვენი პროდუქცია, განსხვავებით საერთაშორისო ბაზრისგან, საქართველოს ბაზარზე იშვიათია. სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მოვახერხე ამ საწარმოს გახსნა, რადგან ბეტონის ტენდენცია 2-3 წლის წინ უკვე აშკარა იყო, თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს..
გარდა ამისა, გამოგვარჩევს ჩვენი დიზაინებიც, რომლებიც ჩემი შექმნილია – ისინი არ არის საიდანმე გადმოღებული. თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ მსგავს ფორმებს შესაძლოა სადმე სხვაგანაც შევხვდეთ, რადგან ვფიქრობ, გლობალიზაცია გონებაზეც ახდენს გავლენას და სრულიად შესაძლებელია, სხვადასხვა ადამიანები ერთდროულად ერთნაირ საგნებზე ფიქრობდნენ და ერთნაირი იდეები უჩნდებოდეთ.
– როგორ შეხვდნენ თქვენს პროდუქციას ქართველი მომხმარებლები და რა ეტაპზეა ახლა საწარმო?
თავიდანვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პროდუქციას ქართველი მომხმარებლის მხრიდან. გამოჩნდნენ კლიენტები, რომლებსაც უნდათ ეს განსხვავებული ფაქტურის ნიჟარები. სწორედ ეს ადამიანები გვწერენ, რომ თურმე, დიდხანს ეძებდნენ მსგავს პროდუქტს და ფიქრობდნენ მის ჩამოტანაზე საზღვარგარეთიდან. თუმცა, ეს ბევრად ძვირი დაჯდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული ინტერიერის დიზაინერის/არქიტექტორის შეთავაზებაზეც კლიენტისთვის, რადგან ხშირად დამკვეთს ეშინია ამა თუ იმ ნივთის არჩევის და კომპეტენტური პირის დახმარება სჭირდება.
– სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ?
ვაპირებთ ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსაყენებელი მაგიდების შექმნას; ამავდროულად, გვინდა გადავიდეთ Urban Style-ზე და შევქმნათ ქუჩის დეკორაციებიც. საკმაოდ ბევრი იდეა გვაქვს, რომელთა განსახორციელებლად გვჭირდება დრო. და ბოლოს, აუცილებლად ვაპირებთ გავიდეთ ექსპორტზეც.
რუბრიკას ქართველი მწარმოებლების შესახებ წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი