in

ლეგოებისგან დამზადებული ბავშვების საოცნებო სახლი-კამილ უალალას პროექტი

Banner M2
Banner M2

ფრანგმა დიზაინერმა, კამილ უალალამ (Camille Walala) Lego-ს ახალი პროდუქტით, Lego Dots-ით მთელი სახლის ინტერიერის დიზაინის პროექტი შექმნა.

ორ მილიონზე მეტი ნაწილით აგებული საბავშვო სახლი ფერადი, ორნამენტებით დახუნძლული და მრავალფეროვანია, რაც ბავშვებს ასე ძალიან ეხმარებათ ადრინდელი ასაკიდანვე აღქმისა და ფანტაზიის უნარების განვითარებაში.

Lego Dots განსხვავდება კომპანიის მიერ წარმოებული სხვა კლასიკური სათამაშოებისგან. ისინი ბრტყელი, ორგანზომილებიანი, სხვადასხვა ფერისა და გეომტრიული ფორმის ფილებისგან შედგება, რომელთა შეერთებითაც შესაძლებელია უამრავი სხვადასხვანაირი პატერნის შექმნა.

ამ ინსტალაციაზე კამილ უალალამ ხელით იმუშავა. თავდაპირველად მან თითო ავეჯისთვის დიდი, ფართო საყრდენი შექმნა ლეგოებისგან, შემდეგ კი ავეჯის ორიგინალ მასალას გარედან ფერად-ფერადი ლეგოებით დაფარა ისინი.

ეს პროექტი საკმაოდ გამომწვევი და რთული იყო, ვინაიდან სხვა მასალებისგან განსხვავებით, ლეგოების გადაჭრა სასურველ ფორმასა და ზომაზე თითქმის შეუძლებელია. „უნდა შემედგინა გეგმა და დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რამდენი ლეგოს ნაწილი დამჭირდებოდა ამა თუ იმ ორნამენტის შესაქმნელად. პროცესი მათემატიკურ გამოთვლებზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, მაგიდის გასაკეთებლად უნდა დაგვეთვალა რამდენი ნაჭერი შეესაბამებოდა მის სიგრძეს,“- ამბობს დიზაინერი.

ხუთ სხვადასხვა ოთახში უალალამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ატმოსფერო შექმნა. სააბაზანო მონოქრომულია, საძინებელი ოთახი პასტელის ფერებშია გადაწყვეტილი, სამზარეულოში კი პირიქით, მკვეთრი ფერებია გამოყენებული. ამ ყველაფერს აგვირგვნებს დიზაინერის მიერ სახლში დამონტაჟებული სასრიალო, რომლის საცხოვრებელში ქონა ნამდვილად ყველა ბავშვის ოცნებაა.

„ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა ლეგოებით თამაში, ამიტომ ჩემთვის ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან ძვირფასია,“-აღნიშნა უალალამ.

2020 წელს დასრულებული მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი პროექტი

2020 წლის საუკეთესო რენოვაციების ისტორიები