დღეს გვსურს გაგაცნოთ ლევან კალანდარიშვილი – კიდევ ერთი საინტერესო ქართველი არქიტექტორი, რომელმაც კლასიკური არქიტექტურული სკოლა გაიარა. მამისა და ბიძის წყალობით, მას პატარაობიდანვე მოცულობისა და ფორმის აგება-დამშვენების ოსტატებთან ჰქონდა საქმე. შესაბამისად, მათი ცხოვრების შემყურე, სწორედ ამ სამყაროსა და ფასეულობების მიმდევარი გახდა და ასე დაადგა არქიტექტორის რთულ გზას. ისევე როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, ლევან კალანდარიშვილსაც ჰქონდა ცხოვრებისეული აღმასვლაც და სირთულეებიც. იცის კარგი პედაგოგის ფასი და თავადაც ცდილობს, ახალგაზრდებს სწორი პროფესიული გზით სიარული მოანდომოს. ცხოვრებაში და არქიტექტურაშიც უყვარს ყველაფერი ნამდვილი, “ატრაქციას” კი ვერ ჰგუობს.
ბატონო ლევან, გვიამბეთ თქვენ შესახებ
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქვე დავამთავრე. მამა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ცნობილი არქიტექტორის – ანატოლი კალგინის დიპლომანტი იყო, შემდგომში თვითონაც პედაგოგი გახდა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტექნიკურ დისციპლინას – მხაზველობით გეომეტრიას ასწავლიდა. დღევანდელი კომპიუტერული გრაფიკა სწორედ ამ საგანს ეფუძნება. ძალიან საინტერესო დარგია, თუმცა ეს საგანი სირთულის გამო არავის უყვარდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, მგონი მე-6 კლასში, მამამ პიონერთა სასახლეში, ქანდაკების კაბინეტში, არაჩვეულებრივ პედაგოგთან, მოქანდაკე ზაქარია კრაწაშვილთან მიმიყვანა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო მადლენ ბაიდოშვილი, კერამიკოსი და საუცხოო პედაგოგი, რომელთანაც აკვარელის ტექნიკას ვეუფლებოდი. სწორედ ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდე, რომ საბოლოოდ მაინც სამხატვრო აკადემიის არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე.
მაშინ შვიდ გამოცდას ვაბარებდით. თაბაშირის თავის გარდა, აკვარელის საღებავებით ნატურმორტი უნდა დაგვეხატა. ინტერიერის პერსპექტიული ხედიც უნდა აგვეგო და აქსონომეტრიული ხედის დამუშავებით რთული დეტალიც გამოგვეხაზა. ამას ემატებოდა მათემატიკა, ფიზიკა და ქართული. ყველას გვგონია, რომ არქიტექტურა უფრო სახელოვნებო დარგია, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ეს არის ლოგიკურ აზროვნებასა და მრავალმხრივ ცოდნაზე დამყარებული დისციპლინა.
მამაჩემი არქეოლოგებთან თანამშრომლობდა და სტუდენტობის პერიოდიდან ქვის ხანის ექსპედიციებში სიარული დავიწყე. ეს სულ სხვა გარემო იყო, რომელმაც ჩემი ქვეყნისა და მისი ისტორიის მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება გამიჩინა. იმ ხალხმა, რომელიც იქ შემხვდა, ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში გადამწყვეტი თუ არა, ძალიან დიდი როლი შეასრულა. ჩემი თაობის ბევრ ადამიანს საქართველო ნანახიც კი არ ჰქონდა, მე კი ამის საშუალება მომეცა.
ვისაუბროთ მაშინდელი არქიტექტურული განათლების სისტემაზე. რომელმა თქვენმა მასწავლებელმა დატოვა განსაკუთრებული კვალი თქვენზე?
ჩვენ დროს საქართველოში სულ ორი არქიტექტურული სკოლა იყო – სამხატვრო აკადემია და პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პირველში რეპინის სახელობის სანქტპეტერბურგის (მაშინ ლენინგრადის) აკადემიის მეთოდოლოგიით ასწავლიდნენ, მეორეში კი მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტის სასწავლო პროგრამის მიხედვით. საერთაშორისო თანამშრომლობაზე ამ დროს ლაპარაკი თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა იყო სტუდენტური კონკურსები და იშვიათი გაცვლითი პროგრამები, რომელშიც ჩვენი სტუდენტები მონაწილეობდნენ და საკმაოდ წარმატებითაც. სამწუხაროდ, ამას მაინც ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებასთან სრულფასოვანი წვდომა შეზღუდული იყო.
სტუდენტების ცოდნის გაღრმავებისთვის „წმინდა ადგილი“ ლიტერატურის ინსტიტუტს შეკედლებული ტექნიკური ბიბლიოთეკა იყო. აქ შესაძლებელი იყო წამყვანი ქვეყნების არქიტექტურულ პერიოდიკასთან გაცნობა. დღეს რომ მეოცე საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი მესაძირკვლის – მის ვან დერ როეს მიერ, ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის გაკეთებულ პროგრამას ადარებ, ხვდები, თუ რამდენად განსხვავებული მიდგომები არსებობდა მსოფლიოში. ჩვენთან კი ყველაფერი, სამწუხაროდ, მხოლოდ ოსტატის ზეპირი გადმოცემით, მისი პირადი გამოცდილების გაზიარებით ისწავლებოდა. თავისთავად ესეც ძალიან საინტერესო იყო, თუმცა არასაკმარისი. დღევანდელი გადმოსახედიდან ისიც აშკარაა, რომ სტუდენტებიც არ ვიყავით ბოლომდე მონდომებული, რათა მათგან უფრო დიდი ინფორმაცია მიგვეღო. სანამ თვითონ არ გახდები პედაგოგი, ბოლომდე მაინც ვერ ხვდები, რამდენად რთულ, საპასუხისმგებლო და მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურები.
რაც შეეხება პედაგოგებს, ბედმა გამიღიმა, რომ არქიტექტურის შესწავლა სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ლონგინოზ სუმბაძესთან დავიწყე. სწორედ მან დამანახა რამდენად მნიშვნელოვანია შენი საკუთარი არქიტექტურის საფუძვლიანი ცოდნა, სიყვარული და გააზრება. სწორედ ამ დროს მუშაობდა ის მისი და აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მეცადინეობით დაარსებული ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ექსპონატების შერჩევა-გადმოტანაზე. რომ არა მისი თავდადებული, თანმიმდევრული საქმიანობა, ამ მიმართულებით ჩვენი ხალხური ხუროთმოძღვრების განვითარების ასეთი სრულყოფილი სურათი არც გვექნებოდა. მემკვიდრეობის განადგურების საშიშროება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ბატონმა ლონგინოზმა დაინახა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტის გზაც შემოგვთავაზა.
ეს საბოლოოდ მუზეუმის გენერალური გეგმის შექმნას დაედო საფუძვლად. ასეთი ადამიანების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ტიპის ძეგლების გადარჩენა და რამდენად სავალალოა, რომ მათი დღევანდელი მდგომარეობა საზოგადოების თუ სახელმწიფოს უყურადღებობის გამო სულ უფრო უარესდება. ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ, რომ ღირებული, ორგანული სწორედაც ეს შემორჩენილი ოდები თუ დარბაზებია, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ინსტრუმენტებია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდად მადლიერი ვარ ბედის, რომ სწორედ ლონგინოზი შემხვდა ცხოვრებაში და თუ სად და როგორ დაბრუნდა ის კიდევ ჩემს ბიოგრაფიაში, მოგვიანებით გიამბობთ… ნეპოტიზმი კი გამომდის, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო არქიტექტორ ოთარ (ტონი) კალანდარიშვილის დამსახურება ჩემი არქიტექტურული გემოვნების ჩამოყალიბებაში და პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც აგერ რამდენი წლის შემდეგ ასე გამომადგა. საინტერესო იყო ბატონ არჩილ ქურდიანთან სწავლა, რომლისგანაც სტალინური ეპოქის შესახებ ძალიან ბევრის გაგება ვერ მოვახერხე ისევე, როგორც ბატონ იოსებ (სოსო) ზაალიშვილისგან. უკანასკნელი ქართული მოდერნისტული არქიტექტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ერთადერთი ქართველი, ვისაც მეოცე საუკუნის არქიტექტურის ლეგენდასთან – კორბუზიესთან პირადად შეხვედრის პატივი ერგო. ფასდაუდებელია ურთიერთობა ჩვენი ფაკულტეტის დეკანთან არქიტექტორ-რესტავრატორ ლევან ხიმშიაშვილთან, რომლის ცოდნა და გამოცდილება ასე აკლია დღევანდელობას. ძალიან საინტერესო იყო გამოჩენილი ინჟინრის, დავით ქაჯაიას კურსი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში. ჩვენ ვცდილობთ გავუღვივოთ ინტერესი სტუდენტებს, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ადრე ინფორმაციული სამყარო ჩაკეტილი იყო, დღეს კი გონება ბევრი ზედმეტი ინფორმაციით გადაივსო.
როგორი უნდა იყოს სრულყოფილი არქიტექტურა?
ალბათ ისეთი, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომ აღწერდა მარკ ვიტრუვიუს პოლიი თავის ტრაქტატში „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“, სადაც თითქმის ყველაფერია ნათქვამი სრულყოფილი არქიტექტურის შესახებ მისი რაობიდან დაწყებული, თეორიისა და პრაქტიკის ღრმა კავშირის აუცილებლობით გაგრძელებული და ქალაქების დაგეგმვის პრინციპებით დამთავრებული. მისი ცნობილი განსაზღვრება შენობის აგებულების შესახებ „სიმტკიცე-სარგებელი-სილამაზე“ თავის მნიშვნელობას დღემდე არ ჰკარგავს. წიგნის პირველივე თავში ვიტრუვიუსი ხაზს უსვამს არქიტექტორის მრავალმხრივი განსწავლულობის აუცილებლობას ფილოსოფიაში, მუსიკაში, მასალებში და ა.შ. ცოდნის სისტემატური და თანმიმდევრული გამოყენების გარეშე, სრულყოფილებას ვერ მიაღწევ. ცოდნისა და „ვიტრუვიანელი მამაკაცების“ დეფიციტია მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი უკეთესი შედეგების მისაღწევად ისეთ ქვეყანაში, სადაც სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. საზოგადოება, ეტყობა, უფრო მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული, ვიდრე შორს გამიზნულ მიზნებზე.
როცა საზოგადოება ჯანსაღი სივრცის შექმნისთვის მზად არ არის, შენი ქაღალდზე დახაზული ფუჭია. საზოგადოებას უნდა უნდოდეს და მზად იყოს კარგ გარემოში ცხოვრებისათვის და შემდგომ უკვე მოწყობა ჩვენი, არქიტექტორების საქმეა.
დღევანდელ სტრესულ გარემოში არადამთრგუნველი სივრცეების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს, სამწუხაროდ, საპირისპირო რეალობას ვაწყდებით და ასეთი დამთრგუნველი სივრცეების რაოდენობა მატულობს. მაგალითებზე შორს წასვლა არ დაგვჭირდება, ყველა უბანში იპოვით ასეთს. სტუდენტებს ვაძლევ ხოლმე დავალებას, საკუთარი უბანი შეისწავლონ, გაუშინაურდნენ და მრავალშრიანი თხრობით-გრაფიკული რუკა მოამზადონ, სადაც მისი გარემომცველი ურბანული მონაკვეთის შუქჩრდილები იქნება აღწერილი. ვცდილობ, თავიანთი საცხოვრებელი არეალის მგრძნობელობა და მისდამი პასუხისმგებლური დამოკიდებულება გავუმძაფრო.
ძველი თბილისის პრობლემაც ის არის, რომ ნაციონალიზაციის ძალადობრივმა აქტმა ადამიანებში საკუთრების განცდა გაანადგურა. საზოგადოების პრიორიტეტების პრობლემასთან გვაქვს საქმე. პორტუგალიელი არქიტექტორია ასეთი, ალვარო სიზა, რომელიც ამბობს: „გატყლარჭვა გვიყვარს და გვგონია, რომ ამით ვინმეს ვაჯობებთ. თანმიმდევრობა გვჭირდება!“
ჯერ კიდევ ვიტრუვიუსი ამბობდა პირველ საუკუნეში: „შენ კი ხარ არქიტექტორი, მაგრამ გამოადგა ეს ვინმეს? შეიძლება ის ფუნქციურად გამართულია, სახიობაც მოსაწონი აქვს, მაგრამ გამოადგა?“ აი ეს არის არქიტექტურა. „გადაპრანჭული“ შენობა კი არა, არამედ, ის რაც საბოლოოდ ადამიანს გამოადგება.
თქვენი ხედვით, როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ძველი უბნები და ზოგადად ქალაქი?
ძველი თბილისის პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც საბჭოთა სისტემამ ყველაფრის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. აქ ისეთი ადამიანები შეასახლა, ვინც ისიც კი არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა მიღებული სივრცე, გააზრებულიც არ ჰქონდა, რომ ეს მისია. არის ასეთი გაგება: გეკუთვნის? გრძნობ რომ ეს შენია? იმ ხალხს, ვინც ამ ნაციონალიზებულ სახლებში შევიდა, რეალურად, იმ სახლთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ ჰქონდა.
თბილისის ომის დროს მთაწმინდაზე, ზიჩის ქუჩაზე მე-19 საუკუნის სახლი დაიწვა. ეს ძველი ქუჩაა და დღესაც ისეთივეა, როგორიც თავდაპირველად შეიქმნა. ძალიან საინტერესო ქუჩაა. იყო ასეთი პროექტი „პარალელური განვითარება“, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მის ფარგლებში სამმა არქიტექტორმა, გიორგი მარგიშვილმა, დათო ავალიშვილმა და მე, დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მთაწმინდის სამი პარალელური ქუჩის განვითარების მოდელის შემუშავება გადავწყვიტეთ. ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება იყო.
გვინდოდა, არქიტექტურის დარგში დაგროვილი გამოცდილება, მრავალდარგოვანი ცოდნა და ცნებები აქ გადმოგვეტანა და ჩვენი სათქმელი გვეთქვა. ეს 6 თვიანი პროექტი იყო. საკითხი ღრმად შევისწავლეთ, რადგან რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი (ისტორიული ადგილი, საბინაო საკითხები, მესაკუთრეები და ა.შ.) უნდა გაგვეთვალისწინებინა და ოპტიმალური მოდელი დაგვედო.
ყველამ კარგად ვიცით არქიტექტურაში მერკანტილური მიდგომა რამდენად ცუდ შედეგებს იძლევა – მაგალითად, ისეთ გამოუსწორებელს, როგორიც პირველი სკოლის უკან მივიღეთ. ამიტომ, დავიწყეთ ადამიანზე და გარემოზე მორგებულ მოდელზე ფიქრი.
სხვათა შორის, ასეთი წარმატებული მოდელის ბრწყინვალე მაგალითია რუმინეთის ქალაქი სიბიუ. ის გერმანული მემკვიდრეობის ქალაქი იყო და რუმინეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა, რომელიც სწორედ გერმანელების შთამომავალია, აქაურობის აღდგენა გადაწყვიტა. ეს ადამიანი პროფესიით არქიტექტორი არ ყოფილა, მაგრამ მშობლიური ქალაქის მოყვარული იყო.
პრეფექტმა ოსმანმაც დაანგრია მე-19 საუკუნეში ისტორიული პარიზი და გარკვეულ გეომეტრიულ სიბრტყეში გადაიტანა. დღეს კი მისი შვიდსართულიანი სახლები, ქვის რუხი ფასადები და მანსარდული სახურავები პარიზის სავიზიტო ბარათია. ფაქტია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სიახლეები პარიზს წაადგა.
ავიღოთ იტალია. ისინი გრძნობენ, რომ უკეთესს ვერ შექმნიან და ამიტომ იგივე მასას სვამენ, არ შედიან დიდ კონფლიქტში. პორტო ფინოში კონტექსტიდან ამოვარდნილი მოცულობის დადგმა აზრადაც არ მოუვათ.
ასევე ბრიუგე. ის ფანტასტიკური ისტორიული ქალაქია, სადაც იმდენ კარგ ჩანართს ნახავ, რომელსაც შემავსებელ შენობებს (infill buildings) ეძახიან. მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ისტორიული ქალაქის გადარჩენა.
ეს არის სანიმუშო მაგალითები იმისა, თუ როგორ შეგიძლია საკუთარ ქალაქს მიხედო. არის კიდევ სხვადასხვა მაგალითები და მოსახლეობას ამ პრობლემებში ჩართვა ჩვენც შევთავაზეთ. მართალია, წყობა, აზროვნება და მენტალობა შეიცვალა, მაგრამ მაინც მოვსინჯეთ მათთან გასაუბრება და პოზიტიური განვითარების პროვოცირება.
საბოლოოდ კი შევქმენით მოდელი, რომელიც მთლიანად ასეთი ისტორიული უბნების განახლების კონცეპტს წარმოადგენდა. ამ რაიონის სამგანზომილებიანი „მაკეტიც“ კი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ნაფიქრი მოცულობებში გამოჩენილიყო. ეს არის ნაფიქრი კონცეფცია და არ არის უბრალოდ „დახაზული“.
როგორ უნდა შეფასდეს არქიტექტურული ნიმუში?
მნიშვნელოვანია, როგორი კუთხიდან შეხედავ არქიტექტორის ნამუშევარს. უნდა გაითვალისწინო, თუ რა ამოცანა დგას იმ მომენტში მის წინაშე, რა პირობებში უწევს მუშაობა და როგორ ართმევს ის ამას თავს. შეფასების ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებული კონსტრუქტივიზმის მიმდინარეობაში, როცა შენობა მკაფიოდ გამოხატული ფუნქციური მიზნებისთვის იგებოდა. მაგალითად, რუსთაველის პროსპექტის ახალ გენერალურ გეგმაზე აქტიური მუშაობის დაწყებამდე (დაიწყო 1932 წელს და 1934-ში დაასრულეს) სახლი-კომუნების იდეა არსებობდა, რომელიც იმ წყობამ მოიტანა. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი სახლში მხოლოდ დასაძინებლად უნდა მისულიყო, მის კვებას კი საზოგადოებრივ სივრცეებში სამზარეულო-ფაბრიკებში უზრუნველყოფდნენ. ამ მიდგომამ ჩვენთან ვერ გაამართლა. ქართულმა სუფრამ იძალა და ეს ჩვენთან ვერ დამკვიდრდა. მაგალითად, „ტრამვაელების“ სახლში იყო ერთ ოთახიანი “საკნები”, რომელთაც მაშინ “დაუოჯახებულების ბინები” ერქვა მხოლოდ ერთი სამზარეულოთი დერეფნის ბოლოს. აქ „ახალი ადამიანის“ შექმნის მცდელობასთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, ამაშიც გადააჭარბეს. თუმცა, არქიტექტორებს მუშაობა ამ კონკრეტული ამოცანების პირობებში უწევდათ.
პირველი სკოლის უკან ადრე მდგარი შენობების (რომელიც დაიწვა და დაინგრა) ავტორი თბილისში დაბადებული არქიტექტორი სევეროვია, რომელიც მანამდე ნორდმანი იყო და მერე გვარი “გადაირუსულა”. მან ჯერ კიდევ მაშინ შეძლო იმის დანახვა, რომ თბილისის და ამ უბნის მძიმედ დატვირთვა არ შეიძლება. თვითონ კონსტრუქტივიზმის მიმდევარი არ იყო, თუმცა იცნობდა მას. ძველი სკოლის წარმომადგენელი იყო. კონსტრუქტივიზმი არქიტექტურაში გამოხატულად ფუნქციური მიმდინარეობაა, მაგრამ, კედლისა და მასში გამოკვეთილი ფანჯრის ერთმანეთთან დამოკიდებულებას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ იდეალური პროპორციებია დაცული. ერთი შეხედვით, თითქოს უსახურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ხვდებით, რომ ავტორს საკმაოდ აქვს მასზე ნაფიქრი.
აი, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე, 22 ნომერში კონსტრუქტივიზმის სტილის შენობა დგას (ე.წ. სახლი-კომუნა). მისი პროპორციები რომ შეისწავლოთ, მისი სიბრტყე და ჩასმული ფანჯარა, არქიტექტორის მიერ მშრალი კედლის დანაწილების გადაწყვეტა, ფანჯრის, კედლის და სამი აივნის ურთიერთდამოკიდებულება, იგრძნობთ, რომ ამ ყველაფრის ყურებისას მშვიდდები. შეადარეთ ბაზალეთის ქუჩის კუთხეში მდგარ „ჩეკისტების“ შენობას. პირველის სუფთა პროპორციები და უკანასკნელის უფრო დატვირთული… რომელია უფრო მშვიდი, მისაღები და თბილი? ასეთ დეტალებს ყველა არ აქცევს ყურადღებას. უბრალოდ, სწორი არქიტექტურა ქუჩაში სეირნობისას მოხერხებულად გაგრძნობინებს თავს და პირიქით. ერთ დროს აგორებული მიშენებული „ლოჯიების“ ციებ-ცხელება თბილისში, ესეც ხომ “კონსტრუქტივიზმია”, მაგრამ სიმახინჯეა. სახლი-კომუნაც არ ბრწყინავს იერით, მაგრამ მაშინ არქიტექტორს ასეთ ამოცანას უსახავდნენ. ასე რომ, არქიტექტორის ნამუშევრის შეფასებისას სიღრმეებში წასვლაა აუცილებელი. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ თუ შენობა კარგ განწყობაზე გაყენებს, ესეიგი კარგ ოსტატთან გვაქვს საქმე.
თქვენი აზრით, თბილისში კონსტრუქტივიზმის პერიოდის რომელი შენობებია აღნიშვნის ღირსი?
ჩემთვის სევეროვის გაკეთებული ყოფილი კომუნისტური პარტიის, დღევანდელი სუსის შენობა პროპორციულობის, დახვეწილობისა და რელიეფზე განთავსების კუთხით ძალიან საინტერესოა. თუ მას მთავრობის სასახლის ზედა შესასვლელთან მდებარე სკვერიდან დააკვირდებით, მიხვდებით, თუ რა კარგად არის ის ჩაწერილი არსებულ განაშენიანებაში. იმ დავალების პირობებში, რაც არქიტექტორმა ამ მშენებლობის დროს მიიღო, ნაგებობა ძალიან გამართულია. შემდეგ თვითონ მთავრობის სასახლის შენობას შეხედეთ, როგორ მისცეს მას ეს მონუმენტურობა. ესეც კონსტრუქტივიზმია, მაგრამ აქ ქართული ხასიათის შეტანის მცდელობაცაა. ეს ის შემთხვევაა, სადაც ფუნქცია, ოქროს კვეთი, პროპორციები და ესთეტიკა კარგად არის შესრულებული.
საგულისხმოა თავისუფლების მოედანზე მეტროპოლიტენის მოპირდაპირე შენობა. ეს იმდროინდელი მმართველი პარტიის მითითების – „ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური“ საინტერესო ინტერპრეტაციაა. იმელის შენობაც ძალიან საინტერესოა თავისი ორსახოვნების გამო. ამბობენ, შჩუსევი თავის სტუდენტებს ხშირად ეკითხებოდა, თუ როგორ ესმოდათ მათ გამოთქმა „ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური“. სხვათა შორის, მას მოლდავეთის მიყრუებულ სოფელ „კუგურეშტი სუსში“ (ჩვენებურად ზემო კუგურეშტი) თავისი კარიერის დასაწყისში კერძო ოჯახისთვის, ეკლესია აქვს დაპროექტებული, რომელიც დღესაც იქ დგას. ასევე უკრაინაში, ოვრუჩში აქვს ერთი და მოსკოვის ცენტრშიც. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო… დროს ალღოს კარგად უღებდა, რისი საუკეთესო მაგალითიც მოსკოვის ცენტრში მისი პროექტის მიხედვით აგებული უშიშროების ე.წ. “ლუბიანკის” შენობაა.
ასევე არ შემიძლია არ ვთქვა ორი სიტყვა სპორტის სასახლის არქიტექტურაზე. მით უმეტეს, რომ ის ჩემი პედაგოგის, კონსტრუქტორ დავით ქაჯაიას, არქიტექტორებთან ალექსი მესხიშვილთან და იურა კასრაძესთან ნაყოფიერი თანამშრომლობა-ურთიერთგაგების საუკეთესო ნიმუშია.(პროექტირებაში არქიტექტორი თეიმურაზ აბაშიძეც იღებდა მონაწილეობას). ეს არის პასუხი ბეტონის უდიერად მოხსენების მსურველთათვის და იმის პრაქტიკული მაგალითი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტორისთვის და კონსტრუქტორისთვის თანამედროვე მასალის შესაძლებლობებისა (ამ შემთხვევაში პლასტიკა) და გამოყენების მიზნობრიობის სწორი გაგება. ნუ დაგვავიწყდება, რომ შენობა იმ დროსაა აშენებული (1960 წელს) როცა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების დონე ასეთი თამამი საინჟინრო გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არ იყო (76 მეტრიანი გუმბათის აწევის დაბალი ისრითა და ანაკრები რკინა-ბეტონის თხელი ფილებით მოწყობა). ეს არქიტექტორისა და კონსტრუქტორის ნააზრევის საუკეთესო სინთეზია. ეს ნაგებობა ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისა და საინჟინრო ხელოვნების მწვერვალის აია-სოფიას გუმბათის თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე თავისუფალი თარგმნის იშვიათი მაგალითია.
შესაფერი ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოებაში არსებულმა ნაკლოვანებებმა თავი მალევე იჩინა და თავდაპირველი კონსტრუქცია ლითონის ფურცლოვანი ფილებით დამძიმდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა შენობის გარეგან სახეზე, თუმცა დღეს, ამ დროებითი გაუგებრობის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას ხელს არაფერი უშლის.
არქიტექტორების სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მათ მზიდი თაღების თემის ისეთი ფორმით ინტერპრეტირება შესძლეს, რომ ძველსა და ახალს შორის კავშირი არ დარღვეულა.
სათავადაზნაურო ბანკი კი უფრო არტ-დეკოა. უნდა ითქვას, რომ რასაც ჩვენთან მოდერნიზმს ეძახიან, ევროპაში სეცესიონი, საფრანგეთში არტ-ნუვო, რუსეთში კი მოდერნი იყო. ამ ყველაფერმა ცოტა ტერმინების აღრევა გამოიწვია. რასაც ჩვენ მოდერნიზმს ვეძახით, ის მოდერნიზმი არ არის. მოდერნი არის უფრო წინა პერიოდის სტილი. კონსტრუქტივიზმიც დაყვეს რაციონალიზმად, ფუნქციონალიზმად და ა.შ.
მაგალითად, კორბუზიეს შემოქმედება და მისი შედევრალური სახლები მოდერნიზმისა და ფუნქციონალიზმის მიმდინარეობადაა აღიარებული.
1995 წელს, მისი პროექტის მიხედვით ჰარვარდში აშენებულ “The Carpenter Center for the Visual Arts“ – ს ვსტუმრობდი და დავრწმუნდი, რომ ის გენიალური არქიტექტორია. კორბუზიეს ექსპერიმენტირება უყვარდა და უნდა ითქვას, რომ მისმა ლაბორატორიულმა პროექტებმა ტვინი ბევრს აურია.
საქართველოში მოღვაწე ძველი თაობის არქიტექტორებიდან ვის გაიხსენებდით?
ძალიან საინტერესო არქიტექტორი იყო სევეროვი, რომელმაც საქართველოს შეწირა თავი. სამხატვრო აკადემიის ჩამოყალიბებაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა და იმ დროინდელ არქიტექტურულ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.
იმ თაობიდან ძალიან საინტერესოა ქალაქმგეგმარებელი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელიც დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ გერმანიაში სასწავლებლად გააგზავნა და 1927 წელს შარლოტენბურგ ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება დაამთავრა. მისი აშენებულია ასევე საცხოვრებელი კომპლექსი დღევანდელი მერიის წინ, ანაგის ქუჩაზე კონსტრუქტივიზმის სამი სახლი, აი იქაც იმ სიმშრალის სილამაზე ჩანს თავისი აივნებით. ისინიც ბევრს არ მოსწონს და მოდერნი ურჩევნიათ, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და პირადულია.
საქართველოში თუ შექმნილა კორბუზიესნაირი „ლაბორატორიული“ ნაშრომები?
ეგ ლაბორატორია ყოველთვის გახსენდება ადამიანს, როცა უყურებ არქიტექტორ ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძის ყვარლის მუზეუმს (არქ. ქეთა კობახიძესთან ერთად), მუხადგვერდის სარიტუალო კომპლექსს თუ ქორწინების სასახლეს.
იგივე შეიძლება ითქვას გარი ბიჭიაშვილის პროექტით აშენებულ ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაზე კოსტავას ქუჩაზე და ასევე საცხოვრებელ სახლზე ილია ჭავჭავაძის გამზირზე. კორბუზიეს გავლენა მთელ მოდერნისტულ არქიტექტურას ადევს დაღად და უიმისოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ სტილის აქ განვითარება. ძალიან საინტერესო არქიტექტორი იყო რამაზ კიკნაძე, რომელიც არაჩვეულებრივად გრძნობდა ჩვენს მდიდარ არქიტექტურულ მემკვიდრეობას და მოახერხა კიდეც მისი თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე ამეტყველება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი დაინტერესება არქიტექტურის და გამოყენებითი ხელოვნების ურთიერთკავშირით. მის მიერ დაპროექტებულ ინტერიერებში აშკარად იგრძნობოდა ეთნოგრაფიული მასალის ღრმა ცოდნა და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეისათვის ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა შემორჩენილი. მისი მონაწილეობით დაპროექტებული და საგრძნობლად სახეცვლილი ობიექტების ნახვა დღესაც შეიძლება – ავტოსადგური ორთაჭალაში, საცურაო აუზი სანაპიროზე, რესტორანი „მარაბდა“ სოღანლუღში, ლუდის დარბაზი „შატილი“ დიდუბეში.
ქალაქგეგმარების კუთხით რუსთავი იყო ერთგვარი ლაბორატორია, საექსპერიმენტო პოლიგონი, სადაც ბევრ არქიტექტორს, მხცოვანსაც და ახალგაზრდასაც, საკუთარი შემოქმედების გამოხატვის საშუალება მიეცათ, თუმცა, ეს იყო წმინდა სახელმწიფო დაკვეთა და სხვა ეპოქის „ლაბორატორია“ და კორბუზიეს რადიკალურ შემოთავაზებებთან შედარება კორექტული ვერ გამოგვივა.
რუსთავში არის ასევე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტიპური პროექტი #209, ამ პროექტის 4 ვერსია არსებობს. ლონგინოზ სუმბაძემ ამ სახლის ეროვნული ნიშნებით დატვირთვა სცადა. ისეთების, რომ ნახვისას გეთქვა, რომ ქართულია. ბატონ ლონგინოზის პროექტით აშენებული სახლები საქართველოს ბევრ კუთხეშია, მათ შორის სოფელ ხირსაში. აქ სახლი აგურით არის გაკეთებული და ყველა, ვინც მისი ფოტო ნახა, კითხულობდა – ტოსკანააო? ამ ტიპური პროექტით რუმინეთში ქალაქი ვიქტორიაა აშენებული. იქ ლონგინოზ სუმბაძის სახელობის სკვერი და მემორიალური ქვაც არის დადებული.
პროფესიისადმი ისეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როგორც ეს ბატონ ლონგინოზს ჰქონდა. შენობის დარბაზული ტიპის კვლევაშიც, მათ შორის მესხურის, მისი ღვაწლი ძალიან დიდია. მას დიდი მონოგრაფიები აქვს გამოცემული. ამ კუთხით მთელ საქართველოში არ გამოცემულა ესეთი შთამბეჭდავი და პრაქტიკული ნაშრომი. თანამედროვე არქიტექტურაში ბედი აღარ უცდია.
არქიტექტურა თუ ქალაქგეგმარება საზოგადოების მდგომარეობას საუკეთესოდ ასახავს და მისი პირდაპირი გამომხატველია. ის მისგან დამოუკიდებლად ვერც განვითარდება და უკუგანვითარებაც მისი მზაობის ხარისხისგან მოდის. მთავარი ამ ურთიერთობის სიჯანსაღეა და მერე შეიძლება არქიტექტურულ-სივრცით ფორმის ძირითად მახასიათებლებზე, პროპორციებზე, რიტმზე თუ კომპოზიციის სახეებზე დავა, რომელთა ცოდნის გარეშე სივრცე ყოველთვის კონტექსტიდანაც ამოვარდნილი დარჩება. მგონი ისევ განათლების სისტემას ვუბრუნდებით.
ავტორი: დავით ბარაბაძე