ცნობილ ტელეწამყვანს, ლიკა ევგენიძეს ფართო საზოგადოება წლებია იცნობს არა მხოლოდ ტელევიზიიდან, არამედ როგორც ბრენდ მელანქოლიას მფლობელს, რომლის ფარგლებშიც ის არტისტ უტა ბექაიასთან ერთად, ქმნის კოსტიუმებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. როგორც ლიკა გვიამბობს, ინტერიერის დიზაინთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია მანამ, სანამ ახალი სახლი არ შეიძინა.
ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, როდესაც ლიკამ და მისმა მეუღლემ გიორგი შატბერაშვილის ქუჩის ბოლოში მდებარე კერძო სახლის პირველი, ხოლო მოგვიანებით, მეორე სართული შეიძინეს.
“ეს არის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა კერძო სახლები ეზოებით. სახლის ძიებისას, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ ის ყოფილიყო ცენტრთან ახლოს, თუმცა მშვიდ ადგილას,”- ლიკა ევგენიძე
ახალ მეპატრონეებს სახლის პირველ სართულზე დახვდათ ფრანგული სტილის ჩუქურთმებიანი ჭერი და კედლები, ასევე მუხის ფიგურული იატაკი, რაც ძალიან მოეწონათ და ამ ყველაფრის შეცვლა არც უფიქრიათ, უბრალოდ ავეჯი მოარგეს არსებულ გარემოს.
რაც შეეხება მეორე სართულს, აქ მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ფაქტობრივად, სრულად გამოშიგნეს კედლები და ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. პირველი სართულისგან განსხვავებით, მეორე სართული არ არის დაყოფილი ბევრ სხვადასხვა ოთახად. აქ გვხვდება ერთი დიდი სივრცე, ღია სამზარეულოთი და ასევე ორი საძინებელი.
“პირველ სართულზე მთავარი იყო, რომ თანამედროვე ავეჯი ჰარმონიულად შეგვეხამებინა ფრანგულ კლასიკურ სტილთან. მეორე სართულზე კი უფრო მინიმალისტური, თეთრი სივრცეა დიდი ვიტრაჟებითა და მუხის ფაქტურებით. ყველაზე ძალიან ინტერიერში მომწონს ბუნებრივი სიმწვანე და ამიტომ ორივე სართულზე ბევრი მცენარეა.”
საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინზე ლიკამ თავად იმუშავა. როგორც გვიამბობს, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, პერიოდულად მეგობარ არქიტექტორებს მიმართავდა რჩევისთვის, თუმცა საერთო ჯამში, პროექტი დამოუკიდებლად შეასრულა. ამ მიზნით რემონტის პერიოდში დიდ დროს უთმობდა სხვადასხვა ინტერიერის დიზაინის საიტებისა და ჟურნალების გაცნობას, საიდანაც იღებდა შთაგონებას.
“მნიშვნელოვანია, რომ გარემო, სადაც ცხოვრობ, გგავდეს შენ და იყოს ჰარმონიაში შენთან. სხვა შემთხვევაში საჭირო ქიმია არ გექნება ადგილთან, სადაც ცხოვრობ და დიდ დროს ატარებ. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, პირველად ვგრძნობ თავს “სახლში”. სწორედ ამ სახლში მივხვდი, რას ნიშნავს, როდესაც სახლი გიყვარს და მასაც უყვარხარ. მნიშვნელოვანია, სივრცეს ეტყობოდეს იმ ადამიანის ხელწერა და ხასიათი, რომელიც იქ ცხოვრობს. არ მიყვარს სტერილური ინტერიერები, შოურუმიდან აწყობილ კომპლექტს რომ ჰგავს… სახლი უნდა იყოს ცოცხალი. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივიდა. სახლის მოწყობა ძალიან საინტერესო პროცესია – შთაბერავ სიცოცხლეს და ისიც, საპასუხოდ, სუნთქვას იწყებს,” – ლიკა ევგენიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი