საინტერესო დიზაინის მქონე სახლი, Berman Horn Studio-ს დამფუძნებლებს, მარია ბერმანსა (Maria Berman) და ბრედ ჰორნს (Brad Horn) ეკუთვნის. დასასვენებელი რეზიდენცია, რომელიც კუნძულ მეინის სანაპიროდან 24 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, წყვილმა თავად ააშენა.
არქიტექტორული თვალსაზრისით სახლი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მისი სახურავი სამ ნაწილად იყოფა და შესაბამისად, სივრცესაც სამ ძირითად ნაწილად ყოფს. შედარებით დიდი, მთავარი სახლისა და პატარა სასტუმრო კოტეჯის სახურავი, აღმოსავლური თეთრი კედრის შიგთავსითაა მოპირკეთებული, რომელსაც ვერცხლისფერი ელფერი დაჰკრავს, მათ შორის მდებარე, შიდა ეზო, ე.წ პატიო კი, ბადისებრი შუშით არის დაფარული.
სახლი შექმნილია ყველა სეზონისთვის, რათა მობინადრეებმა წელიწადის ნებისმიერ დროს თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნონ.
ნაგებობის განსაკუთრებული დეტალია ვერანდა, რომელიც საერთო გარე ოთახს ქმნის და ლანდშაფტით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, ის სახურავის ხაზს აფართოებს და სახლის ორ ზონას ერთმანეთთან აკავშირებს. მთლიან კედლებზე არსებული ფანჯრები კი სინათლის უხვ შემოდინებას უზრუნველყოფს და ბუნებასთან კავშირის განცდას კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს.
სახლის ორივე ნაწილში სახურავისა და კარის მასალად კედარია გამოყენებული, რომელიც სივრცეს მდიდრულ იერსახეს სძენს და ბუნების დეტალებით ავსებს გარემოს.
პროექტი გეგმარებით მართკუთხა ფორმისაა და ე.წ ახალი ინგლისის (New Englad) ფერმის სახლის სტილითაა შთაგონებული, რომელიც 1800-იან წლებით თარიღდება და ცნობილია, როგორც Ells.
შიდა ეზოში (პატიო), რომელიც სახლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მთლიანად ფანჯრებითაა გადახურული, დიდი სასადილო მაგიდა დგას. აქ არსებული ორი ფრანგული კარი სივრცეს სამზარეულოსთან, სასადილო და მისაღებ ოთახებთან აკავშირებს.
მთავარ სახლში ორი საძინებელი, აბაზანა და ფოიეა განთავსებული, სასტუმრო კოტეჯი კი საძინებელსა და აბაზანას მოიცავს.
ინტერიერში გვხვდება თეთრი ფერის კედლები, იატაკი და კარადები, რაც სივრცეს დახვეწილობასა და სადა იერს ანიჭებს. მეტი აქცენტი ავეჯსა და აქსესუარებზეა გადატანილი, რასაც ინტერიერში მრავალფეროვნება და მიმზიდველობა შემოაქვს.
საერთო ჯამში, დეკორი ეკლექტიკური დეტალებით ხასიათდება. მასში გამოყენებულია ამერიკული და ფრანგული ანტიკვარული ავეჯი და ტექსტილები. სასადილო ზონაში არსებული ხის მაგიდა მწვანედაა შეღებილი, ცისფერი-მწვანე ფერები სკამებზე, ყავის მაგიდასა და შემოსასვლელ კარზეც გვხვდება, რომელიც ჰარმონიულობის განცდას ქმნის და იდეალურად ეხამება ელეგანტური სტილის მთლიან ინტერიერს.
განსაკუთრებულ მყუდროებასა და თბილ ატმოსფეროს ბუხარი და მის გვერდით არსებული ნაზი ტექსტურის მქონე დივანი ქმნის, რომელიც სახლის სხვა დეკორთან ერთად გემოვნებიანად ინტეგრირდება.
დასასვენებელი რეზიდენციის მეპატრონეები, სახლის ინტერიერის დიზაინთან ერთად, დიდ ყურადღებას მიმდებარე ლანდშაფტის კეთილმოწყობასაც უთმობენ. სახლის შემოგარენი დაფარულია მრავალფეროვანი მცენარეებითა და ველური ყვავილებით, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს საცხოვრებელს და მასში ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მიმზიდველს ხდის.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”