მცირე ზომის ბინის პროექტირება განსაკუთრებულ ყურადღებას, სიფრთხილესა და მიდგომას მოითხოვს, რათა ერთი მხრივ, ფუნქციონალურობა და პრაქტიკულობა უზრუნველყოს, ყველა საჭირო ზონა სრულფასოვნად განთავსდეს, ხოლო მეორე მხრივ, მიმზიდველობა არ დაკარგოს და სივრცემ სიმსუბუქე შეინარჩუნოს. დღევანდელ სტატიაში „Forms studio“-ს თანადამფუძნებელი – ლიზა ტიმჩენკო მცირე ფართობის ბინის მოწყობასთან დაკავშირებით, საინტერესო რჩევებს გვიზიარებს და იმ ძირითად პრინციპებს გაგვაცნობს, რომლებიც ასეთი სივრცის პროექტირებისას უნდა გავითვალისწინოთ.
სწორი გეგმარება
ლიზას თქმით, მთავარი ყურადღება სივრცის სწორად გეგმარებას უნდა მივანიჭოთ და შევეცადოთ, ის სრულად ავითვისოთ.
„აუცილებელია, ბინა იყოს კომფორტული, ფუნქციური და მოერგოს დამკვეთის ცხოვრების წესს. მცირე ზომის სივრცე განსაკუთრებულ ხიბლს ატარებს ინტერიერის დიზაინის სფეროში, რამეთუ დიზაინერს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, აღიქვას სივრცე, როგორც მხატვრული ტილო, აჩვენოს საკუთარი სტილი და სამყარო განათების, ფერისა თუ სივრცის შეგრძნებით, ამიტომ მისი სწორი გეგმარება აუცილებელია პროექტირების საწყის ეტაპზე”, — ამბობს დიზაინერი.
მთავარი ფონის შერჩევა
ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს ფონურ ფერზეც და გვირჩევს, არჩევანი ღია ტონებზე შევაჩეროთ, რადგან მუქი ფერები სივრცეს საგრძნობლად აპატარავებს და მცირე ზომის ბინაში არაეფექტური იქნება.
„აირჩიეთ ღია ფერთა გამა, რათა პატარა ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს თბილი თეთრი ან ღია ნაცრისფერი. კონტრასტისთვის შეღებეთ თაროების უკანა ნაწილი ან კედლის თაროები უფრო მუქ ფერში, რათა დაამატოთ გარკვეული ინტერესი და სიღრმე ინტერიერში”.
მრავალფუნქციური ავეჯი
ლიზა გვირჩევს, შევარჩიოთ მაქსიმალურად ფუნქციური ავეჯი, რომელიც ორმაგ მოვალეობას შეასრულებს. მაგალითად, დივანი დამატებითი სათავსოებით, სასადილო მაგიდა, რომელიც სამუშაო მაგიდის ფუნქციასაც შეითავსებს, რათა სივრცე ზედმეტი ავეჯით არ გადაიტვირთოს. ასევე, დიზაინერის რჩევით, ყურადღება უნდა გამახვილდს სადა, მარტივ ფორმებზე, კვადრატულ, წრისა და სფეროსებრ დეტალებზე.
„არჩევანი გააკეთეთ პატარა ზომის დივანზე, დაამატეთ სექციები და კომპაქტური ნაწილები, როგორიცაა გვერდითი მაგიდები ან თაროები. ინტერიერში შეიტანეთ მეტალის ან მინის აქცენტები და ღია ფერის ავეჯით გამოკვეთეთ კონკრეტული წერტილები. ასეთი ბინის მოწყობა საშუალებას მოგცემთ, სივრცე გახადოთ გაშლილი, მსუბუქი და ჰაეროვანი.”
ფარული სათავსოების მონტაჟი
პრაქტიკული, ორგანიზებული და მოწესრიგებული საცხოვრებლის მისაღებად მნიშვნელოვანია სათავსოების გაკეთებაც, მცირე ბინის შემთხვევაში კი აჯობებს, უპირატესობა ფარულ სათავსოებს მიანიჭოთ.
„ფარული სათავსო დაგეხმარებათ, თქვენი სახლი სუფთად და ორგანიზებულად გამოიყურებოდეს. წიგნის თაროს და კარადის შემთხვევაში მათი სიმაღლე აუცილებლად აიყვანეთ ჭერამდე. არ დაანაწევროთ და გადაჭრათ ავეჯი. მნიშვნელოვანია, საერთო ფონი იყოს ერთიანი, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი სივრცე მაქსიმალურად და ნუ შეგეშინდებათ კრეატიულობის”.
სწორი განათების გათვალისწინება
„ვთვლი, რომ განათება ერთ –ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ვიტრაჟი დავამონტაჟოთ მეტი ბუნებრივი შუქისთვის. არ გადატვირთოთ ინტერიერი დამატებითი განათებებით. ეცადეთ, აირჩიოთ მსუბუქი, ღია ფერის სანათი თბილი ნათებით. მაგალითად, ტორშერი და კედლის სანათი იდეალურია ასეთ შემთხვევაში. ამგვარი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, გავაჩინოთ დამატებითი ჩრდილები და კონტრასტული აქცენტები ინტერიერში, რაც მაქსიმალური კომფორტის მიღებაში დაგეხმარებათ”, — ამბობს ლიზა ტიმჩენკო.
სარკეების დამატება
დამატებითი ილუზიის შესაქმნელად დიზაინერი გვირჩევს სარკეების გამოყენებას, რომლებიც აფართოებს პატარა სივრცეებს და ოთახს უფრო ნათელს წარმოაჩენს.
„კარგად განთავსებული სარკეები აფართოებს პატარა სივრცეებს და ანათებს ნებისმიერ ოთახს. სცადეთ დიდი სარკის განთავსება შემოსასვლელში ან ფანჯრის მოპირდაპირედ. შექმენით კრეატიული კედელი განსხვავებული ფორმის სარკეებით, რათა ხაზი გაუსვათ სიღრმის შეგრძნებას”.
მარტივი დეკორის განთავსება
დიზაინერი გვირჩევს, არ გადავტვირთოთ ინტერიერი ზედმეტი აქსესუარებითა და ნივთებით, რათა სივრცე არ დავამძიმოთ. უმჯობესია, აქცენტი ღია ფერის კედლებზე, ხის იატაკსა და ბუნებრივ მასალებზე გავაკეთოთ, რომლებიც თავის მხრივ, დეკორატიულ როლსაც შეასრულებს და სივრცეს უფრო მიმზიდველს გახდის.
„სწორად დაგეგმარების, შესაბამისი ავეჯის, განათების, მარტივი დეკორისა და მოწესრიგებული დიზაინის არჩევით, თქვენ შეძლებთ, იცხოვროთ კომფორტულად და მშვიდად პატარა ბინაში”, — ლიზა ტიმჩენკო.