კლიენტსა და დეკორატორს შორის არსებული სინერგია წარმატებული შედეგისთვის შესანიშნავი პლაცდარმია. ეს არის ის, რასაც ნინა ლიფჩილდმა მიაღწია ამ კონკრეტულ კლიენტთან ერთად, რომელიც მასთან საკუთარი სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში მდებარე თავშესაფრის გარდაქმნის მიზნით მივიდა. პენტჰაუსი, რომელიც 1950-იანი წლების შენობის თავზე დგას, პატარაა, მაგრამ 180მ2-ში ბევრ რამეს იტევს. პროპორციები უჩვეულოა, თუმცა მომხიბვლელი, დაბალი თაღოვანი ჭერით, შუშის გარე კედლებით, სრიალა კარებითა და ტერასით, რომელიც ბინას ყველა მხრიდან აკრავს. როდესაც მფლობელმა საცხოვრებელი პირველად დაინახა, ის უფერულად და მივიწყებულად გამოიყურება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბინით მაშინვე მოიხიბლა. ძნელი არ არის იმის დანახვა, თუ რატომ: ულამაზესი ხედები, რომლებიც სახურავიდან იშლება მერი პოპინსის ჯადოსნურ სცენებს მოგვაგონებს.
ნინამ მუშაობა ტერასით დაიწყო. როგორც ხშირად ხდება ქალაქში, კედელი ჭუჭყიანი, დამთრგუნველი თეთრი იყო. დეკორატორის იდეა კი მისი მწვანედ შეღებვა და ტერასის მცენარეებისთვის ჰარმონიული ფონის შექმნა იყო.
რაც შეეხება ინტერიერს, კლიენტს საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა და იგი ბინის დეკორაციის საკითხებში კარგად იყო გათვითცნობიერებული. „მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო. ის მცოდნე, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე და რჩევებისადმი ღია ადამიანია. მას სურდა, რომ ეს სივრცე ლონდონში მისი სახალისო გამოცდილების წარმომჩენი ყოფილიყო. იგი მოხიბლული იყო ფერებისა და ქსოვილების შეჯახებით, რომელიც კლუბ 5 Hertford St-ში ნახა და, ასევე, Kit Kemp-ის სასტუმროების მსუბუქი ინტერიერით. მას ჰქონდა რამდენიმე იდეა მასალების შესახებ, რომელთა გამოყენებაც სურდა.“ – განმარტავს ნინა.
ღია გეგმის მქონე საცხოვრებელი ფართი მოიცავს ბიბლიოთეკას ერთ ბოლოში, ტერასას მიმდებარედ, სასადილო ზონას შუაში და მისაღებ ოთახს ტელევიზორით მეორე ბოლოში. ერთადერთი არქიტექტურული ჩარევა განხორციელდა განცალკევებულ სამზარეულოში, რომელიც ამ სივრცეში შემაწუხებლად იჭრებოდა.
ნინამ და მისმა არქიტექტორმა ბლანკა პერეს გონსალესმა გააცნობიერეს, რომ უზარმაზარი დამატებითი ხარჯების და ხანგრძლივი დაგვიანების გარეშე, მათ სამზარეულოს გადაადგილება არ შეეძლოთ. მფლობელს კი სურდა, რომ ეს გარდაქმნა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. მათი გამოსავალი იყო ორი ოთახის გამყოფი კედელი უკან დაეხიათ და კორიდორისებური სამზარეულო შეექმნათ.
ბიბლიოთეკა გაბედულობის მწვერვალია. შუშის კედლები სივრცეს სინათლით იმდენად ავსებს, რომ ნინამ თავს უფლება მისცა ჭერი მდიდრული მუქი ლურჯი ქიშმირით მოეპირკეთებინა. მფლობელის მიერ შერჩეული სახალისო პრინტი ცხოველების გამოსახულებებით ძირითად საცხოვრებელ სივრცეში კედლებსა და ჭერს ფარავს, რაც ოთახს კარვის ელფერს სძენს.
ბინის მეორე ბოლოში არსებული ორი საძინებელი გამოკვეთილი და ფერადია. სასტუმრო საძინებელში გამოყენებულია კრისტოფერ ფარის ქსოვილი „საკმაოდ ტროპიკული, რომლის გამოყენება ყოველთვის მინდოდა. მისი სიუხვე და ფერი მშობლიურ ბრაზილიას მახსენებს. ჩემს კლიენტს ეს იდეა მოეწონა. როდესაც ბინაში მცირე სივრცეა, გაბედულება უნდა გამოიჩინოთ და ქსოვილებს საუბრის უფლება მისცეთ.“ მთავარი საძინებელი უფრო მოკრძალებულია, თუმცა ტროპიკული ელემენტი ამ შემთხვევაში საწოლის თავზე გვხვდება.