პარიზი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია უძველესი არქიტექტურითა და კლასიკური ინტერიერით და არა ინდუსტრიული სივრცეებით, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტორს, რომელმაც ეს ლოფტი შეიძინა, ძალიან გაუმართლა. პროექტს აქვს მაღალი ჭერი და აგურის დეტალები, განწყობა კი უფრო მეტად ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელ ინტერიერს მოგაგონებთ. მეპატრონემ გადაწყვიტა, საცხოვრებელი არ გადაეტვირთა დიდი რაოდენობით დეკორით, ამიტომ გასაფორმებლად მხოლოდ ბუნებრივი მასალა, კედლის დეკორაციები და ელეგანტური, თანამედროვე ავეჯი შეარჩია.
ლოფტის სტილის ბინას აქვს ორმაგი სიმაღლის ჭერი. მისაღები სივრცე საკმაოდ დიდი ზომისაა და ცალკე ადგილია გამოყოფილი სასადილო ადგილის მოსაწყობად. დეკორაციების სახით გამოყენებულია კედლის გალერეა, რომლის ფერებიც სასიამოვნო ბალანსშია ბინის საერთო ესთეტიკასთან. საინტერესო შეგრძნებას აღძრავს ხის იატაკის საფარიც, რომელსაც ინტერიერში დამატებით ბუნებრივი განწყობა შემოაქვს.
სამზარეულო ძალიან თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და მასალის სახით აქაც ძირითადად ხეა გამოყენებული. სადა ფერები საინტერესოდ არის შეხამებული ავეჯთან და იატაკის საფართან. სამზარეულო აღჭურვილია მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებით, რომლებიც ფუნქციური კარადების დახმარებით თვალისგან დაფარულია და სივრცე არ არის ქაოსური ან გადატვირთული.
პროექტს აქვს ორი საძინებელი, ერთ-ერთი მათგანი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და გამოირჩევა უხვი რაოდენობით ბუნებრივი სინათლით. მთავარი საძინებელი არც თუ ისე დიდი ზომისაა, მაგრამ კარადებისა და სივრცეების სწორად ათვისების ხარჯზე, ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია. ფერების სახით აქაც ღია და სადა ტონებია გამოყოფილი და სასიამოვნო კონტრასტი იქმნება აგურის ჭერთან.
აბაზანა, სხვა ოთახების მსგავსად, ძალიან ელეგანტურად და თანამედროვედ გამოიყენება. აქ შეხვდებით ტექსტურის მრავალფეროვნებას და მარმარილოს, რომელიც სივრცეს დამატებით ელეგანტურობასა და დახვეწილობას მატებს.
მთლიანობაში ლოფტი ძალიან კომფორტული და მრავალფეროვანია. ავეჯისა და ნივთების სწორად გადანაწილებით იქმნება მშვიდი ატმოსფერო და ბინა შესანიშნავია ყოველდღიური განტვირთვისთვის.