ეს დახვეწილი ბინა შვედეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 61 კვადრატული მეტრია. პროექტის მთავარ ხიბლს ბეტონის ზედაპირები და 4მ სიმაღლის ჭერი ქმნის, რაც ერთი მხრივ, ლოფტის სტილის შესაქმნელად შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი პროექტს შვედეთისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას უქმნის. ბინა ყოფილი სამრეწველო შენობის გადაკეთების შედეგია.
მისაღების ნაწილი გაერთიანებულია სამზარეულოსთან და ამ ზონისთვის შეირჩა საკმაოდ თამამი, საინტერესო მასალები, რამაც ტრადიციული შენობა თანამედროვე ინტერიერად აქცია და მყუდრო ატმოსფერო შექმნა. ბინას ახასიათებს სკანდინავიური იერი, რაც სინათლის უხვ რაოდენობასა და სადა, ნაცრისფერი ფერების სიმრავლეში გამოიხატება. ბუნებრივ სინათლეს აივანზე გასასვლელი საკმაოდ დიდი ზომის კარი და ცალკე მდგომი ფანჯარა უზრუნველყოფს, დამატებით კი სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო აფართოებს. სკანდინავიურ სტილს ხაზს უსვამს იატაკის საფარიც, რომელიც მდიდრული ხის მასალისგანაა შექმნილი. ერთი შეხედვით, მონოქრომულ ფერთა სისტემაში საინტერესო კონტრასტი შემოაქვს დივნების ფერსა და იატაკის სანათებს.
სამზარეულო თანამედროვე აღჭურვილობითა და ტექნიკით არის სავსე. სადა ფერები სივრცეს მინიმალისტურ იერს უქმნის, რის ხარჯზეც ეს ზონა ძალიან მოწესრიგებული და ფუნქციური ჩანს. მთავარი აქცენტი ფუნქციური სივრცეების შექმნაზეა გაკეთებული. კარადების გარდა, ცალკეა მოწყობილი ღია თაროების სისტემაც, აქ მოთავსებულ ჭურჭლის ფერებს კი სამზარეულოს ნაწილში ფერადი და საინტერესო აქცენტები შემოაქვს.
საძინებელს შედარებით დაბალი ჭერი აქვს და ყველაზე უკეთ იგრძნობა სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ქსოვილების მრავალფეროვნება.
რაც შეეხება აბაზანას, ის ძალიან სადა და მინიმალისტურია. ლოფტის სტილისთვის დამახასიათებელი შტრიხები სახლის ამ ნაწილშიც კარგად არის ხაზგასმული. კედლები და იატაკის საფარი ერთმანეთის მსგავსი კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული. დახვეწილი და დიდი ზომის სარკის წყალობით, სააბაზანო უფრო ვრცელი და ნათელი ჩანს.
მთლიანობაში, პროექტი საკმაოდ მყუდრო და დახვეწილია, ფუნქციური ავეჯისა და სივრცეების წყალობით კი შესანიშნავი ატმოსფერო იქმნება დასასვენებლად და დროის ახლობლებთან ერთად გასატარებლად.