in

ლუის კომფორტ ტიფანი — ადამიანი, რომელმაც მინა ხელოვნებად აქცია

ლუის კომფორტ ტიფანიმ XX საუკუნის დასაწყისში არტ ნუვოს განვითარებაში იმდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რომ ამ მიმართულებას ზოგჯერ „ტიფანის” უწოდებენ. მან ხელოვნება და ხელსაქმე ახალ დონეზე აიყვანა, ერთ-ერთმა პირველმა სცადა დიზაინერის პროფესია, გამოიგონა ვიტრაჟებით მუშაობის ფუნდამენტურად ახალი ტექნიკა, მთელ მსოფლიოს შეაყვარა თავისი ფერადი აბაჟურები და შექმნა სტილი, რომელიც ას წელზე მეტი ხნის შემდეგაც მოთხოვნადია. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გააკეთა ეს ლუისმა.

ოჯახური ბიზნესი და ხელოვნება

ლუის კომფორტ ტიფანი (1848-1933) არა Tiffany & Co.-ს დამფუძნებელი, არამედ დამფუძნებლის შვილი იყო და თავიდან კომპანიის განვითარების მიმართ ინტერესს არ ავლენდა. იგი გატაცებული იყო ხელოვნებით, რასაც ჭეშმარიტი სილამაზის ძიებას უწოდებდა. მისი მამა — ჩარლზ ლუის ტიფანი, ალბათ, განაწყენებული საოჯახო ბიზნესის მიმართ მემკვიდრის ცივი დამოკიდებულებით, შვილის მხატვრულ მისწრაფებებს ხელს არ უშლიდა.

ლუისმა ცოდნა ნიუ-იორკის დიზაინის ეროვნულ აკადემიაში მიიღო, ამასთან, იმოგზაურა მთელ ევროპაში და „შეისრუტა“ როგორც მისი კულტურული, ასევე, ესთეტიკური მრავალფეროვნება.

დამწყები მხატვარი-ოსტატისთვის ყველაზე გასაოცარი შთაბეჭდილება გახდა შარტრის საკათედრო ტაძრის ვიტრაჟები, რამაც მისი მომავალი შემოქმედებითი გზა განსაზღვრა.

1872 წელს ტიფანი ნიუ-იორკში ცხოვრებას დაუბრუნდა, შექმნა ოჯახი და სერიოზულად დაკავდა დეკორატიული ხელოვნების შესწავლით. იგი ასევე იყო დაკავებული ინტერიერის დიზაინით, 1879 წელს ლუისმა გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც მდიდარ ამერიკელ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართების სტილის, ავეჯისა და დეკორის შერჩევაში ეხმარებოდა. ანუ, ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინის სტუდია. 1882 წელს ტიფანიმ თეთრი სახლის ინტერიერის გაფორმების შეკვეთაც კი მიიღო. ვიტრაჟები ამ პროექტშიც იყო ჩართული. სამწუხაროდ, ლუსის ახალი ნამუშევრები 1902 წელს დაშალეს, როდესაც იმდროინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, კლასიკურ სტილს დაჰბრუნებოდა.

1883 წელს ლუისმა დიზაინის სტუდია გააუქმა და დააარსა სახელოსნო, რომელშიც დიზაინერები, მხატვრები და შუშის მწარმოებლები მუშაობდნენ. 1902 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ის Tiffany & Co.-ში პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და მანჰეტენის ლეგენდარულ მაღაზიაში საიუველირო განყოფილება შექმნა.

თუმცა, ლუის კომფორტ ტიფანი ძირითადად თავისი ვიტრაჟებითა და მინასთან მუშაობის ახალი ხედვით გახდა ცნობილი.

მინა და ბუნება

ვიტრაჟი ტიფანის ცხოვრებაში მთავარ გატაცებად იქცა. არსებული ტექნოლოგიები მის შემოქმედებით იდეებს არ ემთხვეოდა, ამიტომ მან შექმნა ვიტრაჟების ახალი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც მინის პატარა ნაჭრებს სპილენძის ფოლგის თხელი ზოლების გამოყენებით აკავშირებდა. ადრე ამ მიზნებისთვის იყენებდნენ ტყვიას, რომელსაც ლუისი ძალიან უხეშად თვლიდა.

ვიტრაჟების დამზადების ახალმა ხერხმა შემქმნელის სახელი მემკვიდრეობით მიიღო და დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი.

ლუისი ვიტრაჟების ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნაზე არ გაჩერებულა. ფაქტია, რომ ტიფანი ასევე არ იყო აღფრთოვანებული მზა შუშის მოხატვის შუასაუკუნეების დროინდელი ტექნოლოგიებით, რადგან მათი გამოყენებით მინის აუცილებელი გამჭვირვალობა იკარგებოდა. ქიმიის შესწავლის შემდეგ, გამდნარი მინის მასის ლითონის ოქსიდებთან შერწყმამ ლუისს საშუალება მისცა, შეექმნა მოლურჯო მინა დიაქრონიული ეფექტით, რომელიც შეღებვას არ საჭიროებდა.

მისი ვიტრაჟები არ ჰგავდა წარსულის ანალოგებს, ისინი უფრო დახვეწილი, სანახაობრივი იყო და სანათებისთვისაც გამოიყენებოდა. ტიფანის სანათები მთელ ევროპაში სწრაფად იქცა ტენდენციად და არტ ნუვოს სინონიმად.

ლუისი არტ ნუვოს ეპოქის შემქმნელი იყო. როგორც ახალი ხელოვნების ყველა მიმდევარი, ის შთაგონებას ბუნებრივ მოტივებში ეძებდა, ცდილობდა ცოცხალი სამყაროს სილამაზე დაეფიქსირებინა.

მრავალი წლის შემდეგ

ბრენდი Tiffany არტ-ნუვოს განსახიერებად იქცა. სწორედ ამ განუყოფელი კავშირის გამო დაეცა კომპანიის გაყიდვები 1930-იან წლებში, როდესაც არტ-ნუვო არტ-დეკომ შეცვალა. სამწუხაროდ, სწორედ ამ გაკოტრების პერიოდში გარდაიცვალა ლუის კომფორტ ტიფანი და მან ვერ გაიგო, რომ კომპანიამ მძიმე დროს გადარჩენა შეძლო, ჩვენს დროში კი მისი ორიგინალი სანათების ფასი მილიონი დოლარიდან იწყება.

ინტერესი ტიფანის ვიტრაჟების ტექნიკის მიმართ ჯერ კიდევ ცოცხალია, დღეს ის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. ხოლო ტიფანის სტილის სანათები თანამედროვე ინტერიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელემენტია.

The Show – „თეატრის“ პირველი წარმოდგენის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გასაგორებელი კარი თანამედროვე ინტერიერში