in

ადამიანი ლეგენდა: არქიტექტორი ლუიჯი კაჩია დომინიონი

ომისშემდგომი იტალიის ინდუსტრიულ ბუმს თან ახლდა დიზაინის იდეების უპრეცედენტო აყვავება. ამ პერიოდის საკულტო სახელებს შორის არის არქიტექტორი და დიზაინერი, არაჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი – ლუიჯი კაჩია დომინონი. თავად ჯიო პონტიმ მას იტალიური დიზაინის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მომავლის დიზაინერი უწოდა.

კაჩია დომინონი 1913 წელს მილანში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. 1931 წელს იგი ჩაირიცხა სამეფო უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ლუიჯი მორეტი და პიერო პორტალუპი, ხოლო თანაკურსელები – ლივიო და პიერ ჯაკომო კასტილიონები. ამ უკანასკნელთან ერთად, 1937 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, დომინიონმა პორტა ნოვოს რაიონში ერთობლივი სტუდია გახსნა.

საოფისე შენობა Corso Europa 10–12, 1959 წ.

იმ დროს ქალაქი აქტიურად ვითარდებოდა და ცდილობდა, რომ თანამედროვე ყოფილიყო, ამასთან, ინარჩუნებდა „მილანურ იდენტობას“, რომლის არსი გარკვეული ადგილისა და კულტურის ხაზგასმული კუთვნილება და პრაგმატიზმის ელეგანტურობასთან შერწყმა იყო. დომონიონი, თავისი არისტოკრატული თავშეკავებით, ნამდვილი მილანელის განსახიერება იყო: მშვიდი და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც შრომას საჯარო სამსახურად მიიჩნევდა. მას არქიტექტურისადმი განსაკუთრებული ინდუქციური მიდგომა ჰქონდა. „არქიტექტურა უნდა დაიწყოს შიგნიდან და არა გარედან. ავეჯის მოწყობა განსაზღვრავს ოთახის სივრცის კონფიგურაციას. ეს, თავის მხრივ, ფანჯრებისა და კარების ადგილმდებარეობაზე ზემოქმედებს. ყველაფერი ერთად ქმნის ბინას, ხოლო ბინების ჯამი ადგენს შენობის ფორმას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ფასადზე იფიქროთ“ – ამტკიცებდა იტალიელი არქიტექტორი.

წმინდა ჯუზეპეს სახელობის ეკლესიის გუმბათი იტალიის ქალაქ მორბენიოში, 1988-1993 წწ.

დომინიონი თავის მისიას ადამიანისთვის მშენებლობაში ხედავდა. არქიტექტორის თქმით, მას პატარა სივრცეები ყოველთვის ხიბლავდა. „მთელი სული ჩავდე იმაში, რომ ისინი უფრო დიდად გამომეჩინა. მე გავაფართოვე და გავაგრძელე გასასვლელები ყველა არსებული ტენდენციის საწინააღმდეგოდ“ – აღიარა დომინიონმა. მას არასოდეს შეუქმნია მხოლოდ სახლი, ის ყველაფერს ერთდროულად ქმნიდა: შენობას, მის ინტერიერს, სკამებს და, საჭიროების შემთხვევაში, დანა-ჩანგალსაც კი.

ბიბლიოთეკის სპირალური კიბე მორბეგნოში, 1965 წ

1947 წელს დომინიონმა არქიტექტორებთან – იგნაციო გარდელასთან და კორადო კორადი აქვასთან ერთად – დააარსა კომპანია Azucena, სადაც მათ ავეჯი, ნათურები, კარის სახელურები და მათი პროექტებისთვის საჭირო ყველა სხვა ნივთი შექმნეს.

მაგიდა Fascia Specchiata
დივანი Toro

მისი სიცოცხლის განმავლობაში (დომინიონმა 102 წელი იცოცხლა) არქიტექტორმა 240-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი დააპროექტა, რომელთაგან ბევრს პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა, მათ შორის, მაგალითად, C.d.o სკამისთვის და Super კარისთვის – Compasso d’Oro. ამ ნივთების დიზაინი სიმარტივითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.

„მე პრაქტიკული ადამიანი ვარ და დროის უაზრობებზე ფლანგვა არ მიყვარს“ – ამბობდა არქიტექტორი, „ყველაფერი, რაც აუცილებელი არ არის, უნდა მოვიშოროთ. უპირველეს ყოვლისა, ნივთის ამოცანა დანიშნულების შესრულებაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე სახის დეკორის დამატება, ოღონდ გონივრულობის ფარგლებში!“ მიუხედავად ასკეტური მიდგომისა, დომინიონის სკამები და სავარძლები, იმ ყურადღების წყალობით, რომელსაც დიზაინერი სხეულის ბუნებრივ მდგომარეობას უთმობდა, ძალიან კომფორტულია.

Everyday Wonders არის B&B Italia-ს პროექტი, რომელიც ეძღვნება ლუიჯი კაჩია დომინიონის მუშაობას შენობაზე მისამართით: Corso Italia 22–24.

2018 წელს, იტალიურმა ფაბრიკამ – B&B Italia-მ ლუიჯი კაჩია დომინიონის მემკვიდრეებთან, მილანელი არქიტექტორის მიერ შექმნილი 20 საკულტო ნივთის ექსკლუზიური წარმოების უფლების მისაღებად, ხელშეკრულება გააფორმა.

მარცხნიდან მარჯვნივ: სავარძელი ABCD, სანათი Monachella, სავარძელი Catilina, პუფები Cilindro, სანათი Imbuto – ყველაფერი LCD კოლექციიდან, B&B Italia.

10 მაღაზია თბილისში, სადაც აუცილებლად უნდა შეიაროთ რემონტის დროს

როგორ შევიტანოთ სიმყუდროვე საძინებლის ინტერიერში? – 4 მარტივი რეკომენდაცია