in

როგორ გამოვიყენოთ ლურჯი და მწვანე ფერები ისე, რომ ჰარმონიული გარემო მივიღოთ

ლურჯი და მწვანე ფერები ბუნებასთან დაკავშირებული ტონალობებია, რომლებიც კონტრასტულ გარემოს ქმნის და საინტერესო ინტერიერს განსაზღვრავს. ორივე მათგანს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ჰარმონიულ სივრცეს უზრუნველყოფს, თუმცა კონტრასტული ეფექტის გამო, ხშირად ბალანსის დაცვა რთულია და სივრცე გადატვირთულ, მძიმე სახეს იღებს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, გაგიზიაროთ რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ მწვანე და ლურჯი ფერების სწორად გამოყენებასა და დაბალანსებული, სასიამოვნო საცხოვრებლის შექმნაში.

ღია ფერის პალიტრის შერჩევა

ორივე ფერს სხვადასხვა ტონები აქვს, რომლებიც განსხვავებული კომბინაციების შექმნის საშუალებას იძლევა. ლურჯი ფერი სიწყნარის, სტაბილურობის გამომხატველია, რომელიც სივრცეში სტრესის შემცირებას და მოდუნებას უწყობს ხელს. მწვანე კი განახლების, სიცოცხლის, ახალი ენერგიის ფერია, რომელიც ბალანსის და ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფერი ადამიანზე სასიკეთოდ ზემოქმედებს, მუქი ტონების გამო შესაძლოა სივრცემ არასასიამოვნო სახე მიიღოს და დამშვიდების მაგივრად, აღელვება და შფოთვა გამოიწვიოს. ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ, ყურადღებით შევარჩიოთ ლურჯისა და მწვანის ტონები და უპირატესობა მათ ღია გრადაციებს, ნაკლები ინტენსივობის ფერთა გამას მივანიჭოთ, რათა ბალანსი მაქსიმალურად დავიცვათ.

სწორი განათების გამოყენება

როდესაც ინტერიერში კონტრასტულ ფერებს ვიყენებთ, ჰარმონიის მისაღწევად მნიშვნელოვანია განათების სწორად გამოყენება. სივრცეში სიმძიმის შესამსუბუქებლად აუცილებელია დღის შუქის აქტიური შემოდინება, რათა ფერები დააბალანსდეს და გარემო გახალისდეს. ასევე ყურადღება ექცევა ხელოვნურ განათებას. მაგალითად, თბილი განათება ლურჯ და მწვანე ტონებთან კომბინაციით გვეხმარება ინტიმური, მშვიდი მყუდრო გარემოს შექმნაში. მას განსაკუთრებული ეფექტი აქვს ლურჯ და მწვანე კედლებთან მიმართებით, რადგან მუქ პალიტრას ანეიტრალებს და მას თბილ ტონებს მატებს. ხოლო ცივი განათების შემთხვევაში, იქმნება უფრო ენერგიული, კონცენტრირებული სივრცე, რომელიც მოდუნების ნაცვლად გონებას აცოცხლებს და ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.

ბუნებრივი ელემენტების დამატება

ლურჯი და მწვანე ფერები იდეალურად ერწყმის ბუნებრივ მასალებს და ბუნებასთან კავშირის განცდას ამძაფრებს. ამასთანავე გვარიდებს სიმძიმის განცდას და ოთახს აცოცხლებს. მაგალითად, ლურჯსა და მწვანე ფერებში გადაწყვეტილ ინტერიერს სითბოსა და სასიამოვნო ელფერს შესძენს ხის მასალა, ავეჯისა თუ დეკორაციის სახით. სივრცის გადასახალისებლად კარგი იქნება ბუნებრივი გამწვანების დამატებაც, რომელიც მწვანის ახალ ტონალობას შემოიტანს ოთახში და უფრო მრავალფეროვან პალიტრას შექმნის.

აქსესუარების და ტექსტილის შერჩევა

თუ გსურთ ინტერიერში მთავარი აქცენტი მწვანე და ლურჯ ფერებზე გააკეთოთ, თუმცა მათი აქტიურად გამოყენება არ გინდათ, შესაძლებელია, ისინი აქსესუარებისა და ტექსტილის დახმარებით შემოიტანოთ სივრცეში. მაგალითად, ამისათვის საუკეთესო გზაა დეკორატიული მწვანე და ფერადი ბალიშების ინტერიერთან ინტეგრაცია, გამწვანების შემოტანა ან დეკორატიული ნივთების დამატება, რომლებიც აღნიშნული ფერებით იქნება მოხატული. ეს დაგეხმარებათ ერთდროულად ჰარმონიული, დახვეწილი და ორიგინალური გარემოს შექმნაში და სივრცეს მეტ სიღრმესა და ინტერესს მიანიჭებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ეკლექტური დიზაინის ბინა ძველ სამხედრო სასწავლებელში — ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის პროექტი მაზნიაშვილის ქუჩაზე

Italia lounge-ის რბილი ავეჯის უნიკალურობა, რომელიც პროფესიული გამოცდილების შედეგად წარმოიშვა — ინტერიერის დიზაინერ შორენა ოქროპირიძის რეკომენდაცია