in

ჯეიმს ტურელი – სივრცისა და სინათლის მაესტრო

ამერიკელი ხელოვანი, ჯეიმს ტურელი (James Turrel) უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც სივრცესა და სინათლეზე მუშაობს და ისეთ შედევრებს სთავაზობს საზოგადოებას, რომელიც ადამიანის აღქმის უნარის უსაზღვრობასა და საოცრებას მთელი სიცხადით გვიჩვენებს. 1943 წელს დაბადებული ტურელი, რომელიც პილოტია და ფრენაში თორმეტი ათასზე მეტი საათი აქვს გატარებული, ცას თავის სახელოსნოდ, მასალად და სახატავ ტილოდ მიიჩნევს. ცისა და ბუნებრივი მანათობლების მიმართ მისი განუზომელი თავდადება და სიყვარული ტურელის შემოქმედებაში მარტივი შესამჩნევია.  ჟურნალ „New Yorker”-ის კრიტიკოსი, კელვინ ტომპკინსი (Calvin Tompkins) აღნიშნავს, რომ „მისი ნამუშევრები არ გვიამბობს სინათლესა და სინათლის სიჩქარის შესახებ, ის თავადაა სინათლე და მისი ფიზიკური არსებობის სენსორული ფორმით გამომხატველი ფიზიკური შედევრი.“

                                                   ჯეიმს ტურელი, “Aten Reign”, 2013. ფოტო:David Heald

ჯეიმს ტურელი,Ganzfeld: Double Vision (2013). ფოტო: Florian Holzherr. ოსლო,ნორვეგია

ჯეიმს ტურელი, “Bridget’s Bardo”, 2009. ფოტო:Florian Holzherr, გერმანია

ჯეიმს ტურელი, Encounter (2015). ფოტო:Moritz Bernoully

ტურელმა, რომელსაც აღქმითი ფსიქოლოგიის განხრითაც აქვს მიღებული განათლება და ბავშვობიდანაა დაინტერესებული სინათლით, ხელოვნებაზე ექსპერიმენტების ჩატარება 1960-იან წლებში, სამხრეთ კალიფორნიაში დაიწყო. მის მიერ პასადენას ხელოვნების მუზეუმში 1967 წელს ჩატარებულმა ერთკაციანმა შოუმ, რომელიც მაღალინტენსიური პროექტორებითა და სპეციალურად მოდიფიცირებული სივრცეებით გამოირჩეოდა, მისი კარიერის გასაოცარი, დამსახურებული წარმატებით დაწყება განაპირობა.

ჯეიმს ტურელი, “Scorpius”, ფოტო:William Abranowicz

ტურელი ხშირად აღნიშნავს, რომ ცხოვრებას პლატონის გამოქვაბულის ალეგორიის მიხედვით აღიქვამს – მას სწამს, რომ ჩვენ მიერ შექმნილ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც შეზღუდულია კონტექსტური და კულტურული ნორმებით. სწორედ ეს გახდა ტურელის ინსპირაცია, შეექმნა კოლექცია „Skyspaces“, რომელშიც ოთხმოცზე მეტი ჭერის ინსტალაცია შედის. ამ ინსტალაციების საშუალებით მის მფლობელს შეუძლია სახლიდან ჭერის ყურება, იმის ცქერა, თუ როგორ იცვლება გარემოს ფერები დაისიდან აისამდე და რაოდენ საოცარია ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.

ჯეიმს ტურელის Skyspace, ფოტო:  Pablo Enriquez. MoMA,ნიუ-იორკი

ჯეიმს ტურელის Skyspace, ფოტო: Florian Holzherr . ავსტრია

ჯეიმს ტურელი, Rice University Skyspace. ფოტო: Casey Dunn

1977 წელს ტურელმა როდენის კრატერზე, ჩრდილოეთ არიზონაში მდებარე ვულკანზე მონუმენტური პროექტი წამოიწყო. მან შეიძინა მთელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც 400,000 წლით დათარიღებული, 4.8 კილომეტრის სიგრძის ვულკანი იყო განთავსებული და მასში ხელით იმუშავა, დაამუშავა კრატერის განზომილებები და ვულკანში გამოჭრა დარბაზები, გვირაბები და ხვრელები, რომლებიც დამთვალიერებელს სამოთხისა და დედამიწის ფენომენებს ფიზიკურ სამყაროში, ცხადად აღაქმევინებს.

ჯეიმს ტურელი, როდენის კრატერი. ფოტოები:Florian Holzherr.

ეს წარმოუდგენლად ურთულესი პროექტი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ გასაოცარ მაგალითად ითვლება, თუმცა ვულკანი დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით არაა ღია. როდენის კრატერი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს სწორი მიდგომით ბუნების სამშვენისები კი არ დააზიანოს, არამედ თავისი კვალი ჭეშმარიტი ხელოვნების საშუალებით დაამჩნიოს და ის უფრო გაალამაზოს. აღსანიშნავია, რომ როდენის კრატერზე ხელოვანს მუშაობა არ აქვს დასრულებული – ის მუდამ ვითარდება, იხვეწება და იცვლება.

ჯეიმს ტურელი, როდენის კრატერი. ფოტოები:Florian Holzherr.

ჯეიმს ტურელი, როდენის კრატერი. ფოტოები:Florian Holzherr

ტურელის შემოქმედებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ “Agua de Luz” – იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე პირამიდაში დამონტაჟებული ინსტალაციები, რომლებშიც შედის მისი „Skyspace“-ები და აუზები. იუკატანის პირამიდის პროექტი ნათლად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დატოვოს ხელოვნებამ ადამიანი უსიტყვოდ, დააკარგვინოს მას მეტყველების უნარი და რამდენიმე წუთით უბრალოდ დააფიქროს იმაზე, თუ რას უყურებს, რას გრძნობს და ვინაა თვითონ.

ჯეიმს ტურელი, “Agua De Luz” .ფოტოები:Florian Holzherr

ტურელის თქმით, მისთვის სინათლე და სინათლის ძალასთან თამაში ზეციურ სამყაროსთან დამაკავშირებელ სიმს წარმოადგენს. ხელოვანის შედევრები მსოფლიოს 22 ქვეყანაში გვხვდება, მათ შორის გუგენჰაიმის საქვეყნოდ ცნობილ მუზეუმში, ისრაელის მუზეუმში და სხვა უამრავ პატივსაცემ გალერეაში. მათი დათვალიერება შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების 17 შტატში, თუმცა მსურველთა სიმრავლის გამო ტურელის კოლექციების სანახავ სიებში ჩაწერა წინასწარ ხდება.

ჯეიმს ტურელი, Big Red (2002). ფოტო: Florian Holzherr

ჯეიმს ტურელი, Unseen Blue (2002). ფოტო: Florian Holzherr

ჯეიმს ტურელი, Encounter (2015). ფოტო: Moritz Bernoully . კულიაკანის ბოტანიკური ბაღი,მექსიკა

ჯეიმს ტურელი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედების მთავარი მიზანი ისაა, რომ დამთვალიერებლებმა თავიანთი თავები უფრო ახლოდან აღიქვან, დააკვირდნენ არა იმას, თუ რას უყურებენ, არამედ თავად ხედვის პროცესს. სწორედ ამაშია მისი შემოქმედების სიდიადე – ჯეიმს ტურელის ნამუშევრების ცქერისას ვხვდებით, რომ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ჩვენს ქვეცნობიერს.

ჯეიმს ტურელი, Celestial Vault (1996). ფოტო: Jannes Linders . ნიდერლანდები

ჯეიმს ტურელი

პიკასოსა და მატისის სახელოსნოებით შთაგონებული ინტერიერი კოპენჰაგენში

5 გავრცელებული მითი ალუმინის კარ-ფანჯრის შესახებ – “Schüco-ს” ექსპერტთა აზრი