in

რატომ გამოდის მაღაზიაში შერჩეული საღებავის ფერი სახლის კედელზე სხვანაირი

ხშირად გვსმენია და ალბათ თითოეულს გამოგვიცდია კიდეც, როცა მაღაზიაში მოწონებული საღებავი ჩვენს ინტერიერში სხვაგვარად გამოჩენილა. დღეს ამ საკითხს გვინდა შევეხოთ და მის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბროთ.

კედელზე წასმული საღებავის ფერზე ბევრი ფაქტორი ზემოქმედებს. უპირველესი და ყველაზე მთავარი სინათლე და მისი არეკვლის ეფექტია. რეალობაში ამ პროცესის მართვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. სავარაუდოდ ამიტომაც ხდება, რომ შეცდომის დაშვებისა და იმედების გაცრუების აცილების მიზნით, ადამიანები კომპრომისულ ბეჟ ელფერებს ირჩევენ. დააკვირდით ქვემოთ მოცემულ მაგალითს, კედლის ფერი შუქის არათანაბარი განაწილების გამო განსხვავებულია:

ცუდი გეგმარება

თუ თქვენი ოთახი პატარაა, კვადრატული ფორმის, პატარა ფანჯრითა და დაბალი ჭერით, მაშინ უარყოფითი სიურპრიზებისთვის მზად იყავით. საღებავის ან შპალერის ფერმა ასეთ სივრცეში შესაძლებელია ძლიერ გაგაკვირვოთ. თუ ასეთ ბინაში რამდენიმე ოთახს ფლობთ, შეეცადეთ მათი ფუნქციურობა შეცვალოთ. საცხოვრებელ ზონად ის მოაწყოთ, სადაც მეტი სინათლე და სივრცეა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ თანამედროვე ფანჯრები და სამ დონიანი განათება უნდა დააყენოთ:

  • ძირითადი განათება – ჭაღი;
  • ლოკალური განათება – ტორშერი და ბრა;
  • დეკორატიული განათება.

მნიშვნელოვანია, რომ დეკორატიული განათების ფერი თავიდანვე დაიგეგმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ფერი კედლებისა და შპალერის ფერთან კონფლიქტში შევა.

კედლების ფერზე სახლის მდებარეობაც მოქმედებს. თუ თქვენ მზისგან გაუნათებელი და „ცივი“ მხარე შეგხვდათ, როგორიც ჩრდილო-აღმოსავლეთია, მაშინ თავიდანვე თბილი ელფერები უნდა ეძებოთ. თუ შეცდებით და ცივ ელფერებს აირჩევთ, ამით სივრცეს კიდევ უფრო „გააცივებთ“.

გარემო

საღებავიც და შპალერიც თავისთავად არ არსებობს. მათი აღქმა გარემოს ზემოქმედებით ხდება. მაგალითად, იგივე ფერი კედელზე ნათელი და მუქი იატაკის ან ჭერის ფონზე სხვადასხვაგვარად გამოჩნდება. დღეს, ფაქტობრივად, ნებისმიერი ფერის გაჭიმული ჭერია ხელმისაწვდომი და აბსოლუტური უმრავლესობა თეთრს ირჩევს.

შესაძლებელია კედლების, ჭერისა და იატაკის ფერები თავიდანვე გათვალოთ, მაგრამ დიდმა კარადამ ყველაფერი დაარღვიოს. წინასწარი ვიზუალიზაციით არასასიამოვნო სიურპრიზის არიდება შესაძლებელია, თუმცა სამწუხაროდ, ვიზუალიზაცია რეალურ ფერებს ჯეროვნად მაინც ვერ გადმოსცემს. მაგალითად, მოწონებული ფერის საღებავი შესაძლებელია სულაც ვერ იშოვოთ. ამიტომ ვიზუალიზაციასთან ერთად, კარგია დიზაინერის აყვანაც, რომელიც ადეკვატურ თანაფარდობას შემოგთავაზებთ. დამკვეთი ხშირად ეკონომიას აკეთებს ამ მნიშვნელოვან პუნქტზე, ამიტომაც ინტერიერში ბევრი არასასიამოვნო მოულოდნელობის მომსწრეები ვხდებით.

მეორე ფაქტორი შეიძლება გახდეს ღია კარი. როდესაც ინტერიერს პროფესიონალი დიზაინერი ქმნის, მას ახსოვს, რომ სახლის სხვადასხვა სივრცე ერთმანეთში კავშირში უნდა იყოს და მოპირკეთებითა და ფერებით კონფლიქტში არ შედიოდეს.

შეცდომა ფერთა გადმოცემაში

ძალიან ხშირად ეკრანის მონიტორებსა და პრიალა ჟურნალებს შეცდომაში შევყავართ. აქ ნაჩვენები ფერები რეალურისგან ხშირად განსხვავდება. მოპირკეთების, ფერებისა და ტექსტურის წინასწარ ვარიანტებს კი სწორედ აქედან ვადგენთ, შემდგომ კი მათ შეძენაზე ვიწყებთ ზრუნვას.

განათება და კიდევ ერთხელ განათება

სურათზე მოყვანილი მაგალითი მარტო იმის დასტური კი არ არის, რომ მონიტორი რეალობას აცდენილია, ის ასევე განათების ზეგავლენას აჩვენებს. აი ხელოვნური განათების კიდევ ერთი კარგი მაგალითი. მარცხნიდან მარჯვნივ LED სანათი 3000K ტემპერატურით, 2700K და 2500K.

დააკვირდით რამდენად მოქმედებს განათება ფერზე:

არასწორად არეული საღებავი

მაღაზიაში საჭირო ფერის მიღება ორი გზით ხდება:

  • ქარხნული მზა ფერის ყიდვა
  • თეთრი საფუძველის ყიდვა და მასში პიგმენტის შერევა

ფერის მიცემას აპარატი ახდენს. შეიძლება აპარატში არასწორი კალიბრაცია მოხდეს. ხანგრძლივი ექსპლუატაციის ან ინტერვალის დროს ფერები აირიოს. ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია.

არასწორი კუთხით დაცემული შუქი

ერთიდაიმავე ავეჯის სხვადასხვა ნაწილებს შესაძლოა განსხვავებული ფერი ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ შუქი ზედაპირებს განსხვავებული კუთხით ეცემა. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამზარეულოს კარადები განსხვავებულ ფერებად გამოიყურება, სინამდვილეში კი ისინი ერთ ტონშია შეღებილი.

ფერის დასახელებას შეცდომაში შევყავართ

მწარმოებლები თავის ფერებს სახელებს არქმევენ, მაგალითად “Gray”, რაც რუხს ნიშნავს და მოლოდინიც ასეთია. სინამდვილეში, ის შეიძლება მწვანისა და ლურჯის ნაერთი იყოს. შესაბამისად, კედელზე მომწვანო ან მოლურჯო ელფერს მიიღებთ. ზოგს რუხი აწერია და სინამდვილეში ყავისფერია. ხდება ხოლმე, როდესაც დასახელებას ამატებენ „Cream” კრემისფერს. ჩვენი გაგებით ეს რაღაც კრემისფერი, რბილი, პასტელური, ბაცი ვარდისფერია. თუ ასე ვიფიქრებთ, კვლავ შევცდებით, რადგან ზოგიერთი მწარმოებელი კრემისფერს ოქროს ელფერებს ეძახის და კედელზე, მოლოდინისამებრ, ის რბილი და პასტელური ნამდვილად არ გამოჩნდება. ამიტომ გირჩევთ დაათვალიეროთ ნიმუშები და სახელებს ნუ ენდობით.

განსხვავებული აღქმა

ფერის აღქმაზე გენდერული ფაქტორი მოქმედებს, ეს ცნობილი ფაქტია. თუ ოჯახში რამდენიმე ადამიანია ჩართული რემონტში, როგორც წესი, ეს ცოლ-ქმარია, ან დედამთილი და რძალი, მაღაზიაშიც ისინი ერთად დადიან. ფერის ნიმუშის სახლში მოტანის შემდეგ კი კამათი იწყება. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აღქმა გააჩნია. შესაბამისად, საკუთარი ინტერიერის ფერის შერჩევისას, აუცილებლად თქვენივე გემოვნებით იხელმძღვანელეთ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ხმის იზოლაცია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ომამდელი სახლი ბრუკლინის პარკთან