in

რა უნდა გავითვალისწინოთ მაგიდის სანათის შეძენამდე – 3 მთავარი კრიტერიუმი

ბავშვისა თუ ტოპ მენეჯერის სამუშაო მაგიდა კარგი განათების გარეშე წარმოუდგენელია. დოკუმენტებთან მუშაობა, წიგნების კითხვა, პრეზენტაციების მომზადება და საშინაო დავალებები, შეუძლებელია კომფორტული და მხედველობისთვის უსაფრთხო სამაგიდე სანათის გარეშე. ამიტომ ჯერ კიდევ ყიდვამდე დეტალურად უნდა შევისწავლოთ შესაფერისი სამაგიდე სანათის სწორად შერჩევის წესები.

ამგვარი საგნის არჩევა უნდა განხორციელდეს კომპლექსურად. ზედმიწევნით გაეცანით შემოთავაზებული სანათის პარამეტრებს, მიუხედავად იმისა, ოფისისთვის გჭირდებათ ის თუ დეკორატიული მიზნებისთვის.

საკვანძო მახასიათებელია – სინათლის წყაროს ტიპი, რომელიც  4 სახისაა:

ვარვარა ნათურა – მისი მთავარი პლიუსი არის ის, რომ ფერთა გადაცემის კოეფიციენტი თითქმის 100 პროცენტი აქვს, ანუ ამ ნათურის ქვეშ საგანს სწორედ ისეთ ფერში აღიქვამს ჩვენი თვალი, როგორიცაა ის სინამდვილეში. დაბალი ფასი ასევე მის პლიუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა, სხვებთან შედარებით მეტად ცხელდება და მოიხმარს მეტ ენერგიას.

ჰალოგენური ნათურა – ფაქტიურად ის იგივე პრინციპით მუშაობს, როგორითაც ვარვარა ნათურა, განსხვავება ისაა რომ მისი კოლბა ავსებულია სპეციალური გაზით. ამის წყალობით მისი მოხმარების ხანგრძლივობა 2-3 ჯერ დიდია და ენერგიასაც ნაკლებს მოიხმარს. ამასთან გაცილებით კომპაქტურია და ვარგისიანი მოხდენილი სანათებისთვის.

ლუმინესცენტური ნათურა – მას ასევე ეკონომიურ ნათურასაც უწოდებენ, ვინაიდან რამდენჯერმე ეკონომიურია ვარვარა ნათურასთან შედარებით. მისი ძირითადი ნაკლი თვალისთვის უხილავი ციმციმი და ცივი ფერია, რის გამოც თვალები მალე იღლება. ასევე მასში ვერცხლის წყლის აირებია და ამიტომაც ის არაა რეკომენდებული საბავშო ოთახებისთვის, სადაც მისი გატეხვის დიდი ალბათობაა.

დიოდური ნათურა – ამ სანათის ფასი ყველაზე მაღალია, თუმცა მისი დამსახურებების ფონზე ეს გამართლებულია. დიოდური სანათების ფერთა გადმოცემის კოეფიციენტი 80-90 პროცენტია, ამავე დროს ის ნათელია, ეკონომიური და  ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდი  გააჩნია (10-15წ), არ ცხელდება და უსაფრთხოა. აქვს დიდი ასორტიმენტი ზომებში და ფორმებში. ასევე ფერთა ტემპერატურის დიდი დიაპაზონი გააჩნია. ამჟამად ის საუკეთესოა ნებისმიერი მახასიათებლით.

სამაგიდე სანათის არჩევა ხშირად შესაძლებელია ჩაშენებული ნათურით, ამიტომ საჭიროა მათ მახასიათებლებს გავეცნოთ თავიდანვე. პირველ რიგში, ნათურა უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, ვინაიდან სუსტი ნათება გვაღიზიანებს, თუმცა მეტისმეტი ნათებაც დამღლელია. სამაგიდე სანათის ვარვარა ნათურასთვის ოპტიმალურია 60 ვატი, დიოდურისთვის 5-8 ვატი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ შუქის ნაკადის სიმძლავრე, რომელიც უნდა იყოს 300-500 ლმ. ასევე უნდა გაიგოთ ნათურის ფერის ტემპერატურა. ის შეიძლება იყოს თბილი (3000 კ – ყვითელი ელფერით), ნეიტრალური (დაახლოებით 4000 კ – თეთრი ნათებით) ან ცივი (5000 კ-დან, მოცისფრო ელფერით). უკანასკნელი კარგია ოფისებში, სადაც სამუშაო განწყობისა და მაქსიმალური კონცენტრაციის შექმნაა აუცილებელი. ყვითელი ფერი მოდუნებისთვისაა კარგი, ხოლო თეთრი უნივერსალურია და ყველა სიტუაციისათვის გამოდგება.

მეორე ნაბიჯია სანათისთვის ოპტიმალური პლაფონის არჩევა ყველა მახასიათებლის მიხედვით:

  • ფორმა. მაგიდის ზედაპირზე შუქის კონცენტრირება ყველაზე კარგად მრგვალ, კონუსურ ან ცილინდრულ ბრას შეუძლია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ის ნათურას ბოლომდე ფარავდეს პირდაპირი ნათების თვალში მოხვედრის აცილების მიზნით.
  • მასალა. პლასტმასი მარტივია და მოვლისთვის მოხერხებული, ამასთან გვთავაზობს დიზაინის მრავალ ვარიანტს, თუმცა ის შეიძლება დადნეს მაღალი სიმხურვალის დროს. მეტალი სოლიდურია და საიმედო, მაგრამ ცხელდება. შუშა დახვეწილია, თუმცა ფანტავს შუქს, ირეკლავს და ძალიან სათუთია. საბავშვო ოთახში ის ნამდვილად ვერ გამოდგება.
  • ფერი. სამაგიდე სანათის ფერი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იპყრობდეს ყურადღებას, ამიტომ უმჯობესია შეარჩიოთ რუხი, თეთრი, ცისფერის მკრთალი ვარიანტები, რძისფერი, მოყავისფრო და ასე შემდეგ. ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს გლუვი რათა არ მოხდეს მასზე სინათლის არეკვლა.

სამაგიდე სანათის არჩევის მესამე ნაბიჯია მისი ერგონომიკა ანუ მოხერხებულობა ექსპლუატაციაში, რასაც შემდეგი ძირითადი ფაქტორები განაპირობებს:

  • კორპუსის რეგულირება. შეაფასეთ რამდენად მარტივია სანათის თქვენი მოთხოვნილებებისამებრ დარეგულირება. იდეალურ შემთხვევაში თქვენ უნდა შეგეძლოთ სანათის სიმაღლის ცვლა და შუქის თქვენთვის საჭირო კუთხითა და სიძლიერით დანათება. ამგვარი ოპერაციების შესრულება შესაძლებელია მოქნილი ფეხის არსებობის შემთხვევაში.
  • მართვა. ყველაზე კომფორტულია როცა ჩამრთველი დამაგრებულია სანათის კორპუსზე და არა ელექტრო სადენზე. თანამედროვე მოდელები კი სულაც სენსორულ ჩამრთველებს გვთავაზობს, უბრალოდ საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ისინი გამართულად მუშაობენ.
  • შუქის რეგულირება. ჩვენ ვისაუბრეთ ნათურების და ნათების ტიპებზე, სიმძლავრეზე და ფერთა ტემპერატურაზე. თანამედროვე მოდელებზე რეგულირების ფართო დიაპაზონი არსებობს (შუქის ნაკადის სიმძლავრიდან ფერთა ტემპერატურამდე ერთ სანათში), თუმცა აუცილებელი მინიმუმია დიმერი – შუქის სიკაშკაშის ამწევ-დამწევი.

სამაგიდე სანათი სკოლის მოსწავლეებისათვის

  • მოზარდის სამაგიდე სანათის კორპუსი და აბაჟური უსაფრთხო მასალებისგან უნდა იყოს დამზადებული
  • სამაგიდე სანათი უნდა იყოს მყარი, საიმედო. ოპტიმალურია თუ სანათს ექნება მაგიდაზე მისამაგრებელი რაც მას უნებლიე მოძრაობის დროს გადმოვარდნისგან დაიცავს
  • მოსწავლისთვის აუცილებელია სანათი რეგულირების ფართო დიაპაზონით, რათა მარტივად მოხდეს მისი მორგება მოსწავლის ზომის მიხედვით.
  • სანათის დიზაინის შერჩევა უნდა მოხდეს მოსწავლესთან შეთანხმებით, რათა თქვენს შორის თავიდანვე ჩამოყალიბდეს ურთიერთობის სწორი ფორმა

გარემოსადმი ცნობისმოყვარეობითა და ზრუნვით დაწყებული არქიტექტორის გზა – ინტერვიუ გიორგი ხმალაძესთან

NBA-ს ვარსკვლავის — ანდრე ოგუოდალას შესანიშნავი სახლი კალიფორნიაში