Magis-ის ბრენდის ისტორია არის ევგენიო პერაცაზე – ადამიანზე, რომელსაც სურდა შეეცვალა დიზაინის სფეროში დამკვიდრებული სტანდარტები. პერაცას მიზანი გახლდათ უფრო მეტად ადგილობრივი ჩვევებისა და წესების ჩანაცვლება, ვიდრე რაიმე ახლის გამოგონება. სწორედ ამ მიზნით დააარსა მან ბრენდი Magis-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავეჯის სახლია ინდუსტრიაში.
როგორც წესი, დიზაინერების ცხოვრება უკავშირდება კარგ სკოლებში სწავლას, ხანგრძლივ სტაჟირების პროცესს, საჭირო დროს ქალაქების შეცვლას, ბრენდებთან თანამშრომლობას და ასე შემდეგ, მაგრამ პერაცას შემთხვევაში ყველაფერი ასე არ ყოფილა. ევგენიო დაიბადა და გაიზარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის პატარა ქალაქში და მუშაობა 15 წლის ასაკში დაიწყო. დიზაინის სფეროსთან შეხება მას 1976 წლამდე არ ჰქონია, ამ დროს კი იგი უკვე 36 წლის იყო. პერაცას ბრენდის სახელი “Magis” ლათინური სიტყვიდან მოდის და „მეტს“ ნიშნავს. სწორედ ამ სიტყვის ქვეშ გააერთიანა მან დაუღალავი შრომა, ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა და შრომისმოყვარეობა, რათა აეშენებინა ბრენდი, რომელიც ინვესტიციას ჩადებდა ახალგაზრდა დიზაინერებსა და ორიგინალურ იდეებში, როდესაც ამ დროს, მისი აზრით, იტალიაში ხალხს მხოლოდ ასლებსა და წვრილმან ცვლილებებს სთავაზობდნენ.
1976 წლიდან დღემდე ბრენდმა უამრავი წარმატებული პროდუქტი შექმნა და არაერთ ძალიან ცნობილ დიზაინერთან იმუშავა. ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინია ბოთლების ჩასაწყობი, რომელიც ჯასპერ მორისონმა შექმნა. ეს მოდელი საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ ბრენდს პირველი დიდი კომერციული წარმატება მოუტანა, არამედ იმითაც, რომ Magis-ი ჯასპერ მორისონთან დააკავშირა.
შემდეგი ცნობილი ნამუშევარი იყო Al Bombo Stool, რომელიც კიდევ ერთ ძალიან ცნობილ დიზაინერს, სტეფანო ჯოვანიონის ეკუთვნის. სტეფანომ სკამი 1997 წელს დააპროექტა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ის ბრენდის გაყიდვების 50 პროცენტზე მეტს შეადგენდა.
Magis-ის ფართო და გამორჩეული კოლექციისთვის სავარძლის ნიმუში შექმნა ჯასპერ მორისონმაც. 2000 წელს ეს დიზაინი გახდა პირველი სკამი, რომელიც დამზადდა ჰაერის ჩამოსხმის ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს ბოჭკოვანი პოლიპროპილენის ყალიბში შეყვანილი გაზის გამოყენებას, რათა მივიღოთ სტაბილური, გამძლე და უკიდურესად მსუბუქი სკამი.
მალევე Magis-ს კიდევ ერთი ცნობილი დიზაინერი – ეერო აარნიო შეუერთდა, რომელმაც ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო Puppy დააპროექტა. მოგვიანებით ეს ნამუშევარი ერთ-ერთი საკულტო დიზაინიც კი გახდა. ნივთი დღემდე იწარმოება სხვადასხვა ფორმასა და ფერებში და წარმოადგენს საკმაოდ მყარ და სახალისო სკამის ნიმუშს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია Chair One, რომლის დიზაინიც კონსტანტინ გრჩიჩს ეკუთვნის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი ყველაზე უკეთ ასახავს ბრენდის ღირებულებებს – გამბედაობას, ჟინსა და მრავალფეროვნებას. გრჩიჩის მიერ შექმნილი ეს გეომეტრიული სკამი ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული და ფართოდაა აღიარებული, როგორც დიზაინის კლასიკა.
ვინაიდან Magis მოქმედებს როგორც თანამედროვე და ინოვაციური ბრენდი, იგი აერთიანებს ტექნოლოგიებს, სახელოსნოებსა და დიზაინერებს, არ ერიდება ცვლილებებს და ეძებს ახალ გამოწვევებს. ამის ხარჯზე კი ახალი კოლექციები თითქმის არასდროს ჰგავს ძველს. სწორედ ამ მიდგომებით აიხსნება ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში Magis-ის პოპულარობა თანდათანობით უფრო და უფრო იზრდება და კომპანია განიხილება როგორც მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი.