in

ინდივიდუალიზმი როგორც დიზაინის მთავარი ფილოსოფია – ინტერვიუ მაია ადამიასთან

ინტერიერის დიზაინერი მაია ადამია ბავშვობიდან თავისუფალ გარემოში იზრდებოდა, რისი წყალობითაც შეძლო, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სრულყოფილად გამოეხატა. დღეს ის თავისი ბავშვობისა და პროფესიული არჩევანის შესახებ გვესაუბრება.

მაია, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უზრუნველი ბავშვობა მქონდა. თავისუფალ გარემოში, შეზღუდვების გარეშე ვიზრდებოდი, რამაც ჩემი პიროვნება განსაზღვრა. დამოუკიდებელ გარემოში აღზრდამ, ალბათ, პროფესიაზეც იქონია გავლენა. მშობლები არასოდეს მიშლიდნენ, ის მეკეთებინა, რაც მომწონდა და, მეოცნებე ბუნებიდან გამომდინარე, ფანტაზიებისთვის ფართო გასაქანი მიმეცა. განსაკუთრებით მიყვარდა ხატვა. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ჩანახატების კეთებას ვუთმობდი. საინტერესოა ისიც, რომ პატარა სათამაშო სივრცეების მოწყობა მომწონდა და ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, მომავალში რისი კეთება მინდოდა. შეიძლება ითქვას, ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ ღრმა ბავშვობიდან მოდის.

ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინა

გვიამბეთ თქვენს პროფესიულ განათლებასა და კარიერულ გზაზე.

მშობლები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ ჩემი პროფესიული არჩევანის განსაზღვრის პროცესში. საკმაოდ კარგად ვხატავდი, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ფერწერის ან კინომხატვრობის ფაკულტეტზე უნდა მეცადა ბედი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ზუსტად არ ვიცოდი სიტყვა „დიზაინის“ მნიშვნელობა, ამ სფეროს გაცნობა მსურდა. ასე მოვხვდი სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე. გამიმართლა: ჩემი ლექტორი, შემდეგ კი უკვე – დიპლომის ხელმძღვანელი, გია ცხოვრებაძე იყო, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა როგორც პროფესიული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მისი მადლიერი ვარ. აქტიური სტუდენტი ვიყავი, არაერთ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. მახსოვს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინა გავაფორმე, გავიმარჯვე და სოლიდური ჰონორარიც მივიღე. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე ოთხი წლის განმავლობაში ვასწავლიდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ჩემი სფერო არ იყო. ამის შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ქალაქში დღემდე დგას. დამკვეთს სურდა, ფასადი იმგვარად დამეპროექტებინა, რომ შენობას დამცავი ჟალუზები არ დასჭირვებოდა, რადგან ქალაქში იმ დროს მძიმე ვითარება იყო – უშუქობა და განუკითხაობა.

თქვენთვის რას ნიშნავს ინტერიერის დიზაინი, რა არის მისი უმთავრესი მიზანი და ფილოსოფია?

ჩემი აზრით, დიზაინის მთავარი ფილოსოფია ინდივიდუალიზმია. ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერ დარგში, ინტერიერის დიზაინშიც სათქმელი ინდივიდუალური გზით უნდა გამოხატო. ვფიქრობ, პროფესიონალიზმი ზუსტად ისაა, როდესაც შენს ხელწერას მარტივად ცნობენ.

შთაგონებას თვითონ ობიექტი გაძლევს. ამ პროცესში ფსიქოლოგიც ხდები, რათა ზუსტად განსაზღვრო, როგორი უნდა იყოს კონკრეტული ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე. მნიშვნელოვანია, თავიდანვე გაეცნო დამკვეთის მოთხოვნებს და შემოქმედებით პროცესს სწორი მიმართულება მისცე. მე, პირადად, ყოველთვის ვცდილობ, არ გავიმეორო უმცირესი დეტალიც კი, რათა ყველა ნამუშევარი ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდეს.

როგორ შეაფასებდით ინტერიერის დიზაინის ქართულ სივრცეს და რას იტყოდით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობაზე? 

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ის ობიექტებია, რომლებზე მუშაობის დროსაც ვგრძნობდი, რომ როგორც პროფესიონალს, ისე მიყურებდნენ. ჩემი საქმიანობის დასაწყისში ინტერიერის დიზაინერის პროფესიას სერიოზულადაც არავინ აღიქვამდა, დამკვეთი არცთუ ისე ადეკვატურად უყურებდა ამ საქმეს, სათანადოდ ვერ აფასებდა მის სირთულეს. დღესდღეობით დამოკიდებულება შეიცვალა და მოთხოვნაც გაიზარდა, რის გამოც ინტერიერის დიზაინერებს უკვე მეტ თავისუფლებას გვაძლევენ.

სასტუმრო ეპიგრაფი

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

ახლანდელი და სამომავლო გეგმებიც ჩემს კომპანიას უკავშირდება. ამჟამად რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. ესენია: კერძო საცხოვრებელი სახლები, ბინები და საზოგადოებრივი სივრცეები.

დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?

ეს არის სფერო, რომელიც დიდ სიყვარულს მოითხოვს. ინტერიერის დიზაინი ყოველდღიურად ვითარდება და მნიშვნელოვანია, სიახლეებს ფეხი აუწყონ.  ახალგაზრდებს ვურჩევ, უპირველესად, კლასიკური საბაზისო განათლება მიიღონ, რომელიც ყველა პროფესიაში აუცილებელია, იყვნენ შემოქმედებითად თავისუფალნი; ეცადონ, ინდივიდუალურად მიუდგნენ ყველა პროექტს; ახსოვდეთ, რომ ეს პროფესია, საინტერესოს გარდა, საკმაოდ საპასუხისმგებლოცაა და დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მდიდრული სახლი ამსტერდამში

11 ადგილი თბილისში, სადაც სააბაზანოს ონკანებს შეიძენთ