in

რა არის მაიოლიკა და რისთვის იყენებენ მას ინტერიერის დიზაინში

მაიოლიკა გამომწვარი თიხაა, რომელიც მინანქრითა და საღებავების ფენით იფარება. ყველაზე ხშირად მას კერამიკული ფილების სახით ვხვდებით და გამოიყენება სახლის ინტერიერსა და ექსტერიერში. რელიეფური ზედაპირით და ფერთა გადასვლებით თიხა უნიკალურ დეკორაციებს ქმნის. დღესდღეობით ეს მასალა დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიზაინერები მას ინტერიერის გასაფორმებლად საკმაოდ ხშირად იყენებენ.

მაიოლიკას მასალით დამზადებული ფილები რამდენიმე ათასი წლის წინ გამოჩნდა და სათავეს ეგვიპტეში იღებს. ამ დროს ეს იყო ფერადი ნახატებით გაფორმებული თასები, ლარნაკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. XVIII საუკუნეში დაიწყო თიხის ფასადების გასაფორმებლად გამოყენება, ხოლო შედარებით მოგვიანებით გამოჩნდა მისი ინდუსტრიული წარმოების ახალი ტექნოლოგიები.

ჩვეულებრივ, მაიოლიკას ნივთებზე გამოიყენება თეთრი მინანქრის ორი ფენა, ერთი მათგანი ნახატის ქვეშ, ხოლო მეორე – შეღებვის შემდეგ. თიხას ორჯერ აცხელებენ, ჯერ სასურველი ფორმის მისაღებად, მოგვიანებით კი, დაახლოებით 1000 გრადუს ტემპერატურაზე, გამოსაწვავად.

დღეს განსაკუთრებით პოპულარულია მაიოლიკას მასალით დამზადებული ერთფეროვანი ფილები. ამ შემთხვევაში მინანქარი და საღებავი ერწყმის ერთმანეთს და ქმნის უნიკალურ ზედაპირულ რელიეფსა და ფერთა ნიუანსებს. ამ მასალით დამზადებული ორი იდენტური ფილა არ მოიძებნება, თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური და გამორჩეული ფერი.

მაიოლიკა, ისევე როგორც თიხის სხვა პროდუქტები, არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა, გარდა ამისა, ის ყველაზე გამძლე კერამიკულ ფილად ითვლება. უძველესი დროიდან ასეთი ფილები განთქმული იყო მაღალი თბოგამტარობით, ამიტომ მათ დღემდე აქტიურად იყენებენ ბუხრების მოსაპირკეთებლად.

თიხას აქვს ტექსტურირებული ზედაპირი, რომელსაც ახასიათებს არათანაბარი შტრიხები და ჩაღრმავებები. ამის გამო, მაიოლიკა კარგად გამოიყურება მქრქალი მასალის, ხის, თაბაშირისა და ბუნებრივი ქვის გვერდით. შედარებით მინიმალისტური ფილები იდეალურია მცირე ზომის სახლებში, ხოლო მონოქრომული სტილის ფილებს ვხვდებით კლასიკურ ინტერიერში.

როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში?

ბუნებით შთაგონებული ხის სახლის ინტერიერი იტალიაში