in

დიზაინისა და მხატვრობის ზღვარზე – მაკა ჯიშკარიანის ფილოსოფია

მაკა ჯიშკარიანი ქართველი ხელოვანია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს არა ტრადიციული, არამედ ქართული რეალობისთვის შედარებით არაორდინალური გზით – ციფრულად ამზადებს. მისი შემოქმედება მნახველში მომენტალურად იწვევს აღფრთოვანებასა და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. Homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მაკასთან, სადაც სხვა დეტალებთან ერთად, ის ციფრული ხელოვნების შექმნის თავისებურებებზეც გვესაუბრა:

მაკა ჯიშკარიანი

-მაკა, გვიამბეთ თქვენზე. როდის დაიწყეთ ხატვის შესწავლა და როდის მიხვდით, რომ თქვენი მომავალი სწორედ ამ საქმესთან იქნებოდა დაკავშირებული?

-იცით, სულ ამას ვამბობ, მხატვრობა არ არის ჩემთვის მხოლოდ ხატვის პროცესი. ეს უბრალოდ ცხოვრებაა. როგორც არ მახსოვს, როდის დავიწყე ლაპარაკი, ისე არ მახსოვს როდის დავიწყე ხატვა და მასზე ფიქრი. 14 წლის ვიყავი, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიისთვის მომზადება. მოვხვდი საოცარ გარემოში, ყარამან ქუთათელაძის სახელოსნოში. ამ გადასახედიდან ვხვდები, როგორი სწორი და თავისუფალი მიდგომებით ვსწავლობდით. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია. აკადემიის მერე დავიწყე პირველი არხის რედაქციაში მხატვრად მუშაობა. მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც არანაირი კურსები არსებობდა, ამიტომ პროგრამების თავად გარჩევა გვიწევდა. მახსოვს, მივედი თუ არა, გადაცემის ქუდის გაკეთება დამავალეს, რომელიც ერთ კვირაში ეთერში უნდა გასულიყო. შემდეგ დავიწყე დიზაინერად მუშაობა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში. ბოლო წლებში თვითონ მომიწია ამ გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისთვის, როდესაც GIPA-ში ვასწავლიდი კომპიუტერულ პროგრამებს. თითქმის ორი წელია, რაც ფრილანსერი ვარ. რადგან საქმეს მე თვითონ ვანაწილებ, მეტი დრო გაჩნდა საკუთარი შემოქმედებისთვის.

მაკა ჯიშკარიანის შემოქმედება

-მაკა, როგორც ვიცით, თქვენ ციფრულად, აიპადით ხატავთ. ჩაგვახედეთ ამ სფეროს დეტალებში, რითი განსხვავდება ის მხატვრობის ტრადიციული სტილისგან და რა არის ციფრული ხატვის მთავარი გამოწვევა?

-დღეს ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ეკრანებთან. უკვე გამოფენებიც კი ონლაინ ეწყობა, ამიტომ ციფრული ნამუშევრებისკენ ინტერესი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. აიპადით ხატვის უპირატესობა კი ალბათ მოქნილობა, მოხერხებულობაა. აპლიკაციებს ბევრი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ ამ ეფექტებს თითქმის არ ვიყენებ. არ მინდა, ნამუშევარი ძალიან “ციფრული” გამოვიდეს. სხვა ბევრ რამესთან ერთად, ციფრულ სამყაროში ხატვაც გამარტივდა, თუმცა, ჩემი აზრით, ხელით ხატვას ხიბლი არასდროს დაეკარგება. მხატვრისთვის მხოლოდ შედეგი არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია შექმნის პროცესში ის ემოციური მდგომარეობა, რასაც იმ შედეგამდე მიყავხარ. ეს განცდა კი, რა თქმა უნდა ხელით ხატვის დროს უფრო ძლიერია.

მაკა ჯიშკარიანის შემოქმედება

-როგორია თქვენი ხედვა ინტერიერში მხატვრობის შერწყმასთან დაკავშირებით? ბევრისგან მოისმენთ აზრს, რომ ხელოვნების ნამუშევრების ინტერიერის დიზაინის სტილის მიხედვით შერჩევა აკნინებს თავად ნამუშევარს და მის არსს, ვინაიდან ხელოვნება ყოვლისმომცველია და ინტერიერი სწორედ ნახატებისა თუ სხვა ხელოვნების ნიმუშების ირგვლივ უნდა დავგეგმოთ. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– პროფესიით ვარ დიზაინერი. ერთმა კარგმა ხელოვნებათმცოდნემ ჩემს ნამუშევრებზე თქვა, დიზაინისა და მხატვრობის ზღვარზე გადისო.  აბსოლუტურად ვეთანხმები. ძალიან მომწონს ამ ზღვარზე სიარული. მხატვრობა, ვფიქრობ, ჩემს შექმნილ დიზაინს ხიბლს სძენს და დიზაინი მხატვრობაში ზედმეტი პასუხისმგებლობისგან მათავისუფლებს. ალბათ, ამ ხედვის ქონა დიდწილად განაპირობებს ჩემს სიმპათიასა და მიდრეკილებას ინტერიერში მხატვრობის ინტეგრირებასთან დაკავშირებით – ვფიქრობ, ინტერიერის დიზაინი და ხელოვნება ერთმანეთის მიმზიდველ მხარეებს გამოკვეთენ და ერთად ჰარმონიულ კომპოზიციას ქმნიან. აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევარს თუ ვინმე ინტერიერის ნაწილად აღიქვამს, ჩემთვის მისაღებია. მაგრამ, ბუნებრივია, არსებობს ისეთი მხატვრული ღირებულების ნამუშევრები, რომელთა ინტერიერის ნაწილად აღქმა არასერიოზული იქნება.

-რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც ინტერიერში ხელოვნების ინტეგრირება სურთ და არ იციან, როგორ შეარჩიონ შესაფერისი ნამუშევრები?

– ადამიანები ძალიან ადვილად ვექცევით გავლენების ქვეშ, ვყვებით ტენდენციებს. ამას ალბათ ვერ გავექცევით, მაგრამ სახლი მაინც ძალიან პირადი სივრცეა, ამიტომ ჯობია მეტად მოვუსმინოთ საკუთარ თავს. შევიძინოთ ის ნამუშევრები რისი ყურებაც გვსიამოვნებს და რომელთა ყოველდღიურად ცქერა ჩვენთვის არა მოსაბეზრებელი, არამედ სულ ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენის თავგადასავალი იქნება.

მაკა ჯიშკარიანის შემოქმედება

-როგორც ვიცით, თქვენ საკუთარი დიზაინით ავეჯსაც ქმნით. როდის და როგორ დაიწყეთ ავეჯის დიზაინის შექმნა? გაქვთ თუ არა სამომავლო გეგმები პროდუქციის დიზიანის მხრივ?

– ძალიან მიყვარს ხის მასალა, ამიტომ ადრეც მქონია ამ მასალისგან ავეჯის დამზადების მცდელობა. აღმოვაჩინე, რომ ეს საქმიანობა მართლა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან პროცესში არ ხარ მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული. გარდა დიზაინისა, კარგი  შესრულებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

No description available.

No description available.
მაკა ჯიშკარიანის დიზაინით დამზადებული ავეჯი

– სულ ახლახანს თქვენ ორი ორიგინალური დიზაინის მქონე სკამი შექმენით. გვიამბეთ მათ შესახებ.

-ეს ბოლო პროექტი განსხვავდება იმისგან, რაც ადრე მიკეთებია. ამ შემთხვევაში მინდოდა დიზაინში მეტი მხატვრობა შემეტანა და ამავე დროს ნივთს ფუნქციურობა არ დაეკარგა, უფრო არტ ობიექტი გამოსულიყო და არა მხოლოდ ჩვეულებრივი სკამი, თუნდაც ლამაზი და მოსახერხებელი. იდეიდან მის აღსრულებამდე ძალიან საინტერესო პროცესი გავიარე. სკამების დამზადებისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროპორციების შენარჩუნება, სხვა შემთხვევაში ეს გმირები დამაჯერებლობას დაკარგავდნენ. ვფიქრობ, გავაგრძელებ ამ სკამებზე მუშაობას და სერიას გავაკეთებ.

გარე ავეჯის ხელახალი გადააზრება და ტრენდული ბრენდების გამორჩეული მოდელები

Molteni & C – ანჯელო მოლტენის მიერ შექმნილი ავეჯის ისტორია