in

მაკლერი, უძრავი ქონების აგენტი, ბროკერი, რეალტორი – რა განსხვავებაა მათ შორის?

უძრავი ქონება უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა, რომელსაც თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ადამიანთა უმეტესობა მუშაობის შედეგად დაგროვილ კაპიტალს სწორედ მასში აბანდებს. უძრავი ქონება, ერთი მხრივ, შეიძლება გახდეს მუდმივი საცხოვრებელი გარემო, მეორე მხრივ – სტაბილური შემოსავლის წყარო, რომელსაც (იქნება ეს მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული ფართი) თქვენი საჭიროებების მიხედვით გამოიყენებთ.

საქართველოში ეს ბიზნესი, პროფესიული თვალსაზრისით, ახლა იხვეწება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არსებობდნენ ე.წ მაკლერები, რომლებიც კლიენტებს კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ, დღესდღეობით უმეტესობა მათგანმა საზოგადოების მხრიდან ნდობა დაკარგა, რადგან ხშირია მომხმარებელთა მოტყუების, თანხის დაკარგვისა და არასასიამოვნო ფაქტების შემთხვევები. ამჟამად ბაზარზე გავრცელებულია სხვადასხვა ტერმინები: მაკლერი, უძრავი ქონების აგენტი, ბროკერი, რეალტორი… ადამიანთა უმეტესობას ჰგონია, რომ თითოეულ მათგანს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს და მათ სინონიმებად ხმარობენ. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის და დღეს სწორედ ამ თემას შევხებით. რა განსხვავებაა უძრავი ქონების სექტორში არსებულ სხვადასხვა სტატუსს შორის და რომელია მათგან ყველაზე რელევანტური და სანდო, რათა თქვენ მიერ განხორციელებული უძრავი ქონების ინვესტიცია მაქსიმალურად წარმატებით განახორციელოთ?

თანამედროვე რეალობაში მაკლერად მოიაზრება პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია და თვითნებურად არის დასაქმებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ მათდამი ნდობა შედარებით დაბალია. რა თქმა უნდა, არსებობენ კეთილსინდისიერად მომუშავე მაკლერები, თუმცა უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე კვალიფიცირებული ადამიანები, რომლებსაც პროფესიული განათლება აქვთ მიღებული და შესაბამისი ეთიკის მიხედვით ხელმძღვანელობენ, მკვეთრად ემიჯნებიან ამ სახელს.

ბროკერი – ბროკერს გააჩნია უფრო ფართო ინფორმაცია უძრავი ქონების მიმართულებით და  ფლობს უძრავი ქონების სამართლებრივ ცოდნას. მას უწევს სპეციალური გამოცდების ჩაბარება ბროკერობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, ლიცენზიის შემდგომ კი ეძლევა უფლება, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს, გახსნას საბროკერო კომპანია და დაიქირაოს უძრავი ქონების აგენტები.

უძრავი ქონების აგენტი – ასევე სპეციალური განათლების მქონე პირია, რომელიც ბროკერს ექვემდებარება. ისინიც აბარებენ შესაბამის გამოცდას ლიცენზიის მოსაპოვებლად და მხოლოდ ამის შემდგომ იწყებენ პროფესიულ მოღვაწეობას. თუმცა, ბროკერებისგან განსხვავებით, უძრავი ქონების აგენტები ნაკლებ საფეხურებს გადიან პროფესიული კუთხით.

რეალტორი – რეალტორი შეიძლება გახდეს აგენტიც და ბროკერიც, მაგრამ ყველა პირი, რომელსაც უძრავი ქონების კუთხით შესაბამისი განათლება აქვს მიღებული, ვერ იქნება რეალტორი. რეალტორი გულისხმობს სამაგისტრო სტატუსს, რომელიც მხოლოდ ამერიკის რეალტორთა ეროვნული ასოციაციის წევრებს (National Association of Realtos) ენიჭებათ. ეს წოდება შეიძლება ჰქონდეს ბროკერსა და უძრავი ქონების აგენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. რეალტორი ხელს აწერს ეთიკის მკაცრ კოდექსს და შესაბამის პროფესიულ მოთხოვნებს ასრულებს, რაც მას პასუხისმგებლობით ეკისრება.

ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR) ერთადერთი პარტნიორი და წარმომადგენელი საქართველოში – საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციაა (GNARE), რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს უძრავი ქონების დარგის განვითარებასა და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების უახლესი ინფორმაციით, ინოვაციური ხელსაწყოებითა და ხელმისაწვდომი განათლებით უზრუნველყოფას. ასოციაციის წევრები არიან უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე კომპანიები, რეალტორები, ბროკერები, აგენტები და ის სპეციალისტები, რომლებიც პროფესიონალური ქცევის ეთიკის კოდექსს აღიარებენ და მისი დებულებებით ხელმძღვანელობენ ნებისმიერ მომხმარებელთან თუ კოლეგასთან.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში საბროკერო ლიცენზია არ არსებობს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ცდილობს დანერგოს მსგავსი მოდელი, შექმნას შესაბამისი სტანდარტები, რომელსაც ყველა წევრი კომპანია თუ ინდივიდუალურად დასაქმებული პროფესიონალი დაემორჩილება და სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს გაივლის, რათა მოხდეს მათი გადამზადება, პროფესიული ზრდა, შედეგად კი ეს სექტორი განვითარდეს და ბევრად დაცული გახდეს.

აღნიშნული ასოციაციის ერთ-ერთი წევრი, კომპანია “ვერესის” წარმომადგენელი, უძრავი ქონების აგენტი და რეალტორი, ნინო თათოშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელშიც შედის საცხოვრებელი, კომერციული და ინდუსტრიული მიმართულებები, თითოეულ მათგანს კი შესაბამისი სპეციალისტი ემსახურება. მისი მოსაზრებით, მაკლერული ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში არსებობდა და დღემდე ფუნქციონირებს, არასანდოობითა და არაპროფესიონალიზმით ხასიათდება და ბევრ ადამიანში გარკვეულ აგრესიასაც იწვევს.

უძრავი ქონების აგენტი არის პიროვნება, რომელიც თავის საქმეში ბოლომდეა გათვითცნობიერებული, იცნობს ბაზარს და საკუთარ მიმართულებაში ერკვევა. ამიტომ, შეუფერებელია, “მაკლერი” ეწოდოს ადამიანს, რომელიც ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს კლიენტს, მიღებული აქვს შესაბამისი განათლება და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტსა თუ მოთხოვნას. და ეს ყველაფერი არა იმიტომ, რომ კეთილსინდისიერი მაკლერები არ არსებობენ, არამედ ეს უბრალოდ პროფესიული სტატუსია – იყო უძრავი ქონების აგენტი,” – განმარტავს ნინო

ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, საქართველოში არსებული უძრავი ქონების კომპანიები, რომლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში ერთიანდებიან. ამ უკანასკნელს კი გააჩნია ექსკლუზიური უფლება, მიანიჭოს რეალტორის წოდება ქართველ ბროკერებსა თუ უძრავი ქონების აგენტებს.

ნინო, რომელიც სწორედ ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წევრია ამბობს, რომ ეს სტატუსი არის ავტომატური ფილტრი, რომელიც გამოხატავს საქმის მიმართ დამოკიდებულებას, პროფესიონალიზმსა და საპასუხისმგებლო ქცევას.

ეს არის საკმაოდ მაღალი სტატუსი, რომლის წყალობითაც გამოირჩევი უძრავი ქონების სექტორში და ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წევრი ხდები. ამიტომ ემორჩილები ეთიკის კოდექსს, სპეციალურ წესდებას და მეტი ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით ეკიდები ამ საქმიანობას.

რომ შევაჯამოთ, დღეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს უჭირთ სწორი და საიმედო კომპანიისა თუ პირის მოძიება, რომელიც მათ შესაბამის მომსახურებას გაუწევთ და კეთილსინდისიერად შეასრულებს დაკისრებულ პროფესიულ საქმიანობას. როგორც პროფესიონალები გვირჩევენ, პირველ რიგში, აუცილებელია, კლიენტებმა გაითავისონ, რომ “მაკლერი”, “აგენტი”, “ბროკერი” და “რეალტორი” განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სტატუსებია. დარგის სპეციალისტების თანახმად, სწორედ ამ ტერმინების იდენტიფიკაციის შედეგად არის შესაძლებელი კვალიფიციური და სანდო პროფესიონალის მოძიება და შესაბამისად, საკუთარი მიზნის წარმატებით მიღწევა.

სამზარეულოს ორგანიზების 3 მარტივი წესი

Wine House — ძველი სახლის საინტერესო რეკონსტრუქცია ZROBIM Architects-ის მიერ