მოდური ტრენდები მოდიან და მიდიან, მაგრამ სკანდინავიური სტილის სიყვარული არ ნელდება. ჩრდილოეთის ქვეყნებში ცხოვრებისადმი დამოკიდებულების პრინციპების ერთობლიობას ერთი მოდური სიტყვით „ჰიუგგე“- თი გამოხატავენ. მყუდრო სკანდინავიური ინტერიერები ხის ნათელი იატაკებით, ძვირფასი ავეჯით, უხვი თეთრი ფერითა და სისადავით სკანდინავიური სტილი ყველას ხიბლავს, მათ შორის საქართველოში.
ასეთი ინტერიერის მქონე ერთ-ერთი მყუდრო ბინა ქალაქ გიოტებურგში, მასტუგეტის მაღლობზე მდებარე მცირესართულიან სახლში მდებარეობს. მას შენობის ორი ზედა სართული უკავია (ერთ-ერთი მანსარდაა). სახლს ირგვლივ ვაშლების ბაღი ესაზღვრება, რომელიც გაზაფხულზე ფერებით თვალს, შემოდგომაზე კი მოსავლით გულს ახარებს.
პირველ სართულზე ვრცელი სასტუმრო ოთახი, სამზარეულოსთან გაერთიანებული სასადილო, სააბაზანო და ორი საძინებელია. სასტუმროში შვედმა დიზაინერებმა სტანდარტული თეთრი ფერის მაგივრად ყვავილების ორნამენტებიანი შპალერის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც ოთახს რომანტიკულსა და საგაზაფხულო იერს აძლევს. ღია ფერის იატაკი და თეთრი სანათები სივრცეს სინათლითა და ჰაერით ავსებს.
სამზარეულო ყურადღებას ცისფერი სწორკუთხოვანი ფილებით იპყრობს, სკანდინავიელების კიდევ ერთი საყვარელი ფერი, რომელიც ბინის თეთრ ფასადებს ჰარმონიულად ერწყმის.
შემოსასვლელში ხის ვინტაჟური კონსოლი, იატაკის ორნამენტებიანი ფილა და შპალერი გვხვდება, შემდგომ მეორე სართულზე ავდივართ. აქ ორი საბავშვო ოთახი, სასტუმრო (ბიბლიოთეკასაც ითავსებს) და მყუდრო აივანია, სადაც მასპინძლებმა დასასვენებელი ადგილი მოაწყვეს.