სამზარეულო სახლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, თუმცა, როდესაც საქმე მის ინტერიერს ეხება, რატომღაც ხშირად უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა დეკორაციებს, ვიდრე სახლის სხვა ნაწილებში. სამზარეულოს კარადები, მაგიდები და სკამები შეიძლება ბრწყინვალე შესაძლებლობა იყოს გამორჩეული განწყობების შესაქმნელად, თამამი ხასიათების გასაღვიძებლად და ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებების მისაღებად.
მაქსიმალისტური დიზაინი გვასწავლის, რომ რაც უფრო მეტად და გამბედავად ვიყენებთ ფერებსა და ტექსტურას, მით უფრო საინტერესო ხდება ინტერიერიც. მთავარი ზომიერების დაცვა და იმის ცოდნაა, თუ რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს მოწყობის დროს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში დიზაინერების მიერ რეკომენდებულ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც მაქსიმალისტური სამზარეულოს მოწყობაში დაგეხმარებათ.
შპალერი ერთ-ერთი მთავარი დეტალია, რომელიც ინტერიერში სასურველ შედეგებს გვიქმნის. მისი გამოყენებით შესაძლებელია სასურველი ფონის შექმნა, ხოლო რაც უფრო ფერადი და თამამია ის, მით უფრო მარტივია ავეჯისა და სხვა დეკორაციების ნაწილში მაქსიმალისტური გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის მკვეთრი ფერის ავეჯისა და დეტალების დამატება.
მსგავსი შედეგის მიღწევა შეიძლება ტექსტურისა და მკვეთრი ფერების გამოყენებითაც. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ეკლექტური ფერები, რომლებიც იდეალურად ერგება ტექსტურირებულ შპალერებს, მაგიდის გადასაფარებლებსა და სხვა აქცენტებს.
მაქსიმალისტური და ინდივიდუალური სამზარეულოს შექმნაში დაგეხმარებათ მუქი ლურჯი ტონიც, რომელსაც დახვეწილ შტრიხებთან ერთად სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებებიც მოაქვს.
ღია დაგეგმარების მქონე ბინებში შეგიძლიათ დიდი სასადილო მაგიდის, ჭაღებისა და სხვა დეკორაციების გამოყენება, რომლებიც, როგორც წესი, შედარებით დიდ სივრცეს იკავებს. შთაგონების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რამ – როგორც სახლის ირგვლივ არსებული ლანდშაფტი ან სხვა ოთახების ინტერიერი, ასევე თქვენი მოგონებები მოგზაურობიდან, ბავშვობიდან და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის სამზარეულო და თეთრი ფერი ხშირად მინიმალისტურ სტილთან ასოცირდება, თეთრი შესაძლოა იდეალური არჩევანი იყოს მაქსიმალისტებისთვისაც. მხოლოდ ის, რომ სამზარეულო პატარაა, არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ის იყოს ფერადი და განსაკუთრებული.
მაქსიმალისტური სტილის შესაქმნელად შეგიძლიათ კერამიკული ფილების, თაროებისა და ჭურჭლის გამოყენებაც, რომლებიც შესაძლოა ერთ ტონალობაში იყოს გადაწყვეტილი ან პირიქით, კონტრასტული ფერები ჰქონდეს.
ავეჯის გასაფორმებლად შეგიძლიათ ერთი ფერის, მშვიდი და ღია საღებავების გამოყენება, რომელსაც კონტრასტული ფერის ჭურჭელს, წიგნებს ან სხვა მსგავს დეკორაციებს შეუხამებთ. წიგნების პატარა კარადა კარგი გამოსავალია სამზარეულოში მაქსიმალიზმის შტრიხების დასამატებლად.
ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, მარტივად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას და ნაცვლად ქაოსური ინტერიერისა, მრავალფეროვანი და გამორჩეული დიზაინის მქონე სამზარეულოს შექმნას.
რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი