Maria Nila საერთაშორისო პოპულარობის მქონე შვედური კომპანიაა, რომელიც ვეგანურ თმის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. მათი ახალი, 650 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სათაო ოფისი, რომელშიც 30-ზე მეტი ოთახი, ხუთი საპირფარეშო და საჯარო სივრცეებია განთავსებული, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარეობს. ოფისის პროექტზე, ექსტერიერ-ინტერიერზე შვედურმა არქიტექტურულმა სტუდიამ, ASKA-მ იმუშავა.
Maria Nila-ს სათაო ოფისის ოთხსართულიან ქალაქური ტიპის შენობაში განთავსდა, რომელიც ეროვნული რომანტიზმის სტილში იყო მოწყობილი, ამიტომ ინტერიერის რადიკალური შეცვლა გახდა საჭირო.
შენობაში შესვლისას მაშინვე მარია ნილას მაგიურ სამყაროში ვაბიჯებთ – მისაღები სივრცე უნიკალური ხელოვნების ნამუშევრითაა გაფორმებული – მინის ინსტალაციით, რომელიც ჭერიდან ჩამოსულ იისფერ შამპუნს წააგავს. ამ საოცარი დეტალის წყალობთ ოფისი მნახველზე მომენტალურად ახდენს შთაბეჭდილებას და ამზადებს იმ გაკვირვებისთვის, რომელიც მთელი ინტერიერის ნახვისა და აღქმის შემდეგ აუცილებლად დაეუფლებათ.
შენობის სხვადაასხვა სივრცეში განსხვავებული ფერთა პალიტრებია გამოყენებული მარია ნილას თმის მოვლის საშუალებების სხვადასხვა ხაზის სიმბოლურად აღსანიშნად. პასტელის ფერები ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა და დამახასიათებელი ნიშანია. ნაზ და ხალისიან არქიტექტურულ სტილთან შეხამებით სწორეს ეს ფერები ქმნიან შენობის სულსა და ატმოსფეროს.
ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ტალღოვანი თაროებია, რომლებზეც მარია ნილას პროდუქტებია გამოფენილი. ეს თაროები ბუნებრივი, ორგანული ფორმებითაა შთაგონებული, ისეთებით, როგორებიცაა ტყე, ოკეანე, გამოქვაბულები და მარჯნის რიფები. ბუნების ფორმების ინტერიერში შეტანით არქიტექტურულმა სტუდიამ ხაზი გაუსვა მარია ნილას ნატურალურ, ეთიკურ და ეკომეგობრულ მიდგომას.
ყოველ ოთახს საკუთარი უნიკალური ვიზუალი აქვს. თითოეული მათგანი შენობის თავდაპირველ და შემდგომში განახლებული ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურული სტილის დიალოგს წარმოადგენს. მაგალითად, ღია მწვანე კედლის საღებავით დიზაინერებმა გამოკვეთეს შენობაში რენოვაციამდე უკვე არსებული ჭადრაკისებური მარმარილოს იატაკი, სხვა ოთახში – ძველი საკვამური და ა.შ.
სათაო ოფისში გვხვდება თანამედროვე, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილი ავეჯი და ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სპეციალურად მარია ნილასთვის შეიქმნა. ამ ხელოვნებს შორის შედიან ავეჯის დიზაინერი გუსტაფ ვესტმანი, განათების დიზაინერი ჯოსეფინ ეკლუნდი და არტისტი My Zachrisson.
ფოტოგრაფი: Mikael Lundblad