in

დიზაინში გამოხატული ადამიანის პიროვნული მახასიათებლები — ინტერვიუ მარიამ დემეტრაშვილთან

დღევანდელ ინტერვიუში ახლოდან გაგაცნობთ კიდევ ერთ ქართველ დიზაინერს, მარიამ დემეტრაშვილს და მის გამოცდილებას გაგიზიარებთ. მარიამმა თავდაპირველად პროფესია სხვა მიმართულებით აირჩია, თუმცა ხელოვნებასთან და დიზაინთან მჭიდრო კავშირი არასდროს დაუკარგავს. მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა, რომ ინტერიერის დიზაინის შესრულება განსაკუთრებით მოსწონდა და გამოსდიოდა, ამიტომ ამ სფეროში პროფესიული განათლება მიიღო და წარმატებით გაიარა სტაჟირება უცხოეთში. შემდეგ კი საქართველოში დამოუკიდებელი პროექტების განხორციელება დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მუშაობის პროცესში მისთვის აუცილებელია ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას შორის ბალანსის დაცვა. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებლის ინტერიერი კონკრეტული მაცხოვრებლის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს, რაც ინდივიდუალურ და სახასიათო შედეგს განაპირობებს. ამგვარად, მარიამი თავისი პროფესიული არჩევანის და კარიერული გზის გარდა, ინტერიერის დიზაინზე, ტენდენციებზე და ქართულ დიზაინ სექტორზეც გვესაუბრება და საკუთარ ხედვებს გვიზიარებს.

მარიამ გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე, მცირე ასაკიდან დაინტერესდით დიზაინით?  

დავიბადე და გავზარდე მოსკოვში, იქაურმა არქიტექტურამ მგონია, ჩემი გემოვნების განვითარებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. ოჯახის წევრებიც გამოირჩეოდნენ დახვეწილი გემოვნებით, განსაკუთრებით ქალები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ თითოეულ დეტალს. ადრეული ბავშვობიდან უკვე ვერკვეოდი ქსოვილებში, პროპორციებში, ფერებში თუ სილუეტებში. დიზაინერული ხედვა პატარაობიდან განმივითარდა, რადგან დედაც და ბებიაც კარგად კერავდნენ, ყოველთვის ცდილობდნენ, განსხვავებულად ჩაეცვათ (ოჯახის სხვა წევრების მსგავსად). შეიძლება ითქვას, მთელი ოჯახი ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი — მხატვრობით, მოდელირებით, თეატრით, დიზაინით ვიყავით დაინტერესებული, ამიტომ როდესაც პროფესიის არჩევანის საკითხი დადგა, ზედმეტი ფიქრის გარეშე ხელოვნების სფერო ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მაინტერესებდა ინტერიერის დიზაინი, თავდაჯერებულობა არ მეყო, შემეშინდა, რომ საქმეს თავს ვერ გავართმევდი და მოდის დიზაინის შესწავლა დავიწყე.

მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ, როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?

წარმატებით დავამთავრე სწავლა მოდის და დიზაინის მიმართულებით. აქტიურად ვმოღვაწეობდი ამ სფეროში და ჩემი ნამუშევრებიც დიდ წარმატებას აღწევდა. ხშირად დავდიოდი გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთ ტანსაცმლის ბრენდში დამწყები დიზაინერის პოზიციაზეც ვმუშაობდი. დიდი ხანი დავუთმე მოდის სფეროს და კარგი პროფესიონალი გავხდი, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი პოტენციალი ბოლომდე არ იყო გამოვლენილი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ბრენდიც მქონდა მოსკოვში, ჩემი სამოსი კი წამყვან სავაჭრო ცენტრებსა და შოურუმებში იყიდებოდა, მეგონა, საკუთარი ადგილი ჯერ არ მქონდა ნაპოვნი. თავს ხელოვანად ვერ ვგრძნობდი, რადგან ჩემი ნამუშევრები მასებზე იყო გათვლილი. რვა წლის შემდეგ მივხვდი, რომ მოდის სფეროში თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, მე კი მინდოდა საქმისგან სიამოვნება მიმეღო. ერთ დღეს გადავწყვიტე პაუზის აღება, საკუთარ სურვილებში გარკვევა და სპონტანურად წამოვედი საქართველოში (2016 წელს). ძალიან რთული პერიოდი გავიარე, რადგან ცხოვრების ათ წლიან გამოცდილებაზე უარი ვთქვი და ყველაფერი თავიდან დავიწყე. თბილისში ჩამოსულს ძველი გასარემონტებელი სტალინის პროექტის ბინა დამხვდა, რომლის განახლებაც გადავწყვიტე. სწორედ ამ პროცესში მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა თითოეულ დეტალზე მუშაობა, სწავლა და ახლის შექმნა.

ზოგადად, ყველა საქმეს საფუძვლიანად ვუდგები, ამიტომ ეს შემთხვევაც არ იყო გამონაკლისი. რადგან კორპუსი იყო ძველი, კედლების სისქე განსხვავდებოდა, კარის ღიობები და ზომები კი აცდენილი იყო ერთმანეთთან. გადავწყვიტე, ხაზვის პროგრამა შემესწავლა და თავად შემექმნა ნახაზები. როცა ბინა დავასრულე, შედეგი იმდენად მოეწონათ, ხუმრობით ინტერიერის დიზაინერის პროფესიას მირჩევდნენ, თუმცა ამ აზრს სერიოზულად არ აღვიქვამდი. მალევე ჩვენი ოჯახის მეგობარმა, ერთ-ერთმა წარმატებულმა დიზაინერმა მთხოვა დახმარება და რამდენიმე პროექტისთვის ნახაზების გაკეთება. მეც სიამოვნებით დავთანხმდი. დროთა განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა უფრო გამყარდა და უკვე პროექტების დიზაინსაც მანდობდა.

საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს საქმე ნამდვილად კარგად გამომდიოდა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ამიტომ რუსეთში დაბრუნება გადავწყვიტე და ამ მიმართულებით სწავლა გავაგრძელე. ვისწავლე  წამყვან ხელოვნების უნივერსიტეტში და ერთ-ერთ არქიტექტურულ სტუდიაში გავიარე სტაჟირება, რომელიც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა, ამიტომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. კარგი შემოთავაზებები მქონა მოსკოვში, თუმცა გული საქართველოსკენ მომიწევდა, ამიტომ ისევ დავბრუნდი სამშობლოში და აქ ვცადე საქმის გაგრძელება. ასე დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი მუშაობა თბილისში…

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, როგორ ხდება კონცეფციის შემუშავება და რა არის ამ პროცესში თქვენთვის მთავარი?   

მუშაობის დროს ყოველთვის ვცდილობ, ინტერიერში დავიცვა ბალანსი ერგონომიულობას, ფუნქციონალურობას, ეფექტურობასა და უნიკალურობას შორის. ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, კომფორტული და ამავდროულად გამოყენებადი, რადგან მგონია, ინტერიერის დიზაინი არის სივრცის/ გარემოს ისეთი მოწყობა, სადაც გათვალისწინებულია ადამიანის პიროვნული მახასიათებლები.

რაც შეეხება თავად კონცეფციის შემუშავებას, ის დამკვეთის შესწავლით იწყება. ვცდილობ, კონკრეტული სტილის შერჩევამდე, გავიგო როგორ ატმოსფეროსა და გარემოში უნდა ცხოვრება მეპატრონეს. შემდეგ გავდივართ სასურველი ფერების პალიტრას, მასალებს, რის საფუძველზე ვადგენ სტილს, რაც ამ ყველაფერს ერთად კრავს და აერთიანებს. ზოგადად, ცხოვრებაში შთაგონებას ყველაფრიდან ვიღებ, მიყვარს გარემოზე დაკვირვება, საინტერესო არქიტექტურული დეტალების დაჭერა, შეუმჩნეველი ელემენტების საინტერესოდ გადმოცემა. კონკრეტულად ერთ მიმართულებაზე არ ვმუშაობ, ჩემთვის ბევრად საინტერესოა რამდენიმე სტილის შეხამება. დროსთან და გამოცდილებასთან ერთად, ჩამომიყალიბდა სახასიათო ხელწერაც, რითაც დამკვეთი უკვე მცნობს, რაც ძალიან მახარებს.

თქვენი რომელი ნამუშევარი გახსენდებათ გამორჩეულად?  

კონკრეტული პროექტის გამორჩევა მიჭირს, რადგან ყველა ნამუშევარი ჩემთვის უნიკალური და ძალიან საყვარელია. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე მუშაობა სირთულეებით ხასიათდება, რომელთა დაძლევაც მათ უფრო საინტერესოს ხდის, თუმცა გამოვყოფდი ერთ პროექტს, რის შექმნაშიც მივიღე მონაწილეობა — „ვილა რეზიდენსის“ სარეკრეაციო კომპლექსს, რომელიც აუზს, სპა ზონას, სპორტ დარბაზს, საოფისე სივრცეს, რესტორანს და მარანს აერთიანებს. მადლიერი ვარ, რომ ეს საქმე მე მანდეს, რადგან საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, ამიტომ ამ პროექტით გამორჩეულად ვამაყობ.

საინტერესოა, როგორ დაახასიათებდით ქართულ დიზაინ სივრცეს?  

არსებულ სიტუაციას რომ გადავხედოთ, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ბოლო 3 წელია, რამაც სერიოზულად წაგვწია წინ და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მოგვცა. ვფიქრობ, თანდათან მეტად განვითარდება შესრულების დეტალები და დაიხვეწება ტექნიკური შემაფერხებელი საკითხები. რაც შეეხება გემოვნებასა და დიზაინს, ვამაყობ ჩვენი დიზაინერებით და მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ და ვმეგობრობ. ვფიქრობ, ძალიან ნიჭიერი და გემოვნებიანი ერი ვართ, რაც ყველაფერში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სფერო ბოლომდე მოწესრიგებული არ არის, არსებული კონკურენტული გარემო ძალაუნებურად ხელს გვიწყობს, სწრაფი ტემპით განვვითარდეთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ქართული დიზაინ პროექტები მსოფლიო სტანდარტებს, მიდგომებსა და ტენდენციებს და რა სიახლეები შეინიშნება ამ მიმართულებით?

ყოველ წელს ვესწრები საერთაშორისო გამოფენებს, შთაგონებას ვიღებ ახალი საერთაშორისო პროექტებიდან და შემდეგ ჩემებურად ვუსადაგებ მათ თითოეულ ობიექტს. ცხადია, ბაზარზე არსებობს ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები, მაგრამ მათი ინტერპრეტაციები ძალიან ინდივიდუალურია. მაგალითად, ბოლო წლებში აბსოლუტურად თვალსაჩინო ტენდენციაა ფერადი ინტერიერები და სხვადასხვა საინტერესო გარე სივრცის მასალის ინტერიერში გამოყენება, ავეჯის პროპორციების და ფორმების ცვლილება. მაგრამ ამ ყველაფერს ყველა თავისებურად ხედავს და გარდაქმნის. ამიტომაც არსებობს მრავალგვარი სტილი, მიმართულება და განხრა ინტერიერში, ისევე როგორც მოდის სფეროში —  არსებული ტენდენციების გამო, ყველა ბრენდს აუცილებელი „ტრენდული“ მოდელები ემატება. ინტერიერის წლევანდელი ტენდენციების მიხედვით, აქტუალურია სამზარეულოს ზედა კარადების გარეშე გაკეთება, უხილავი კარის გამოყენება, ცალკე მდგომი აბაზანის განთავსება და განათების  განაწილების განსხვავებული პრინციპები.

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ქართულ ბაზარზე მზარდი მოთხოვნა ინტერიერის დიზაინის კუთხით და რამდენად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ დღეს დიზაინერები მომხმარებლებს?

ჩემი აზრით, დღეს მოთხოვნა იზრდება ყველაფერზე, რასაც დროის დაზოგვა შეუძლია. ინტერიერის დიზაინი არის, პირველ რიგში, კომფორტი, როგორც დამკვეთისთვის, ასევე რემონტის პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის, რადგან დიზაინ პროექტი ერთგვარი დოკუმენტია, რის მიხედვითაც იმართება მთელი სარემონტო სამუშაო. სწორად შედგენილი დიზაინ პროექტი კოლოსალური მუშაობის შედეგია და მოიცავს უამრავ დეტალს, ინსტრუქციას, ნახაზს, განშლებსა თუ გადაწყვეტილებებს, რაც საბოლოო ჯამში, ზოგავს დროს და საუკეთესო შედეგს იძლევა. ცხადია, კარგ წიგნს კარგი წამკითხველიც უნდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერის ზედამხედველობა და ჩართულობა რემონტის ყველა ეტაპზე, რათა დამკვეთმა ხარისხიანი მომსახურება მიიღოს. დიდი მოთხოვნაა დისტანციურ მომსახურებაზეც. მაგალითად, მე გერმანიასა და რუსეთში გამიკეთებია სახლები, მაგრამ საქართველოში ჯერ-ჯერობით არა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხარისხიან მომსახურებას ძალიან იშვიათად უწევენ დიზაინერები დამკვეთებს, რაც მათ რეპუტაციაზეც აისახება.

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო მეტად განვითარდეს?

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ პროფესიონალი დიზაინერი ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც უბრალოდ 3D პროგრამირების კურსი გაიარა. მას შეიძლება ეწოდოს დამწყები 3D გრაფიკოსი. ხოლო წამყვანი პროფესიონალი დიდ გამოცდილებას, სამხატვრო განათლებასა და ხედვას საჭიროებს. კარგი დიზაინერი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს მასალებში, უნდა ესმოდეს რემონტის თანამიმდევრობის ეტაპები, იცოდეს საღებავებთან მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია, იყოს კარგი ფსიქოლოგი და მენეჯერი, გემოვნებიანი ადამიანი, რადგან დიზაინი არ არის მხოლოდ გარკვეული ელემენტების ბინაში შეტანა და ფერების შეხამება. დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია დარგობრივი განათლება. მე ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ სამხატვრო განათლება მივიღე, რადგან ზრდასრულ ასაკში ამდენ დროს ვეღარ დავუთმობდი ფერწერის და ხაზვის შესწავლას. ზოგს ამ საქმის ნიჭი აქვს, მაგრამ  ნიჭსაც სწორი მიმართულებით განვითარება სჭირდება. ამიტომ უბრალოდ ერთი კურსის დასრულებით დამოუკიდებელი დიზაინერი ვერ გახდებით და არც უნდა გქონდეთ ამის პრეტენზია. მე დღემდე ვსწავლობ, რადგან ამ სფეროში მუდმივი განვითარებაა საჭირო.

დაბოლოს, გვიამბეთ მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე

ამჟამად კერძო ბინებზე ვმუშაობ, სადაც დამკვეთების მხრიდან სრული თავისუფლება მაქვს. ასეთი მიდგომა დიზაინერისთვის დიდი კომფორტია და შედეგზეც სასიკეთოდ აისახება. ჩემი მომავალი გეგმები, რომელთა განხორციელებაც უკვე დავიწყე, ჩვენი სტუდიის სახელოსნო-სასწავლებლის შექმნას უკავშირდება. ვცდილობ, ეს ადგილი განსხვავებული და უნიკალური გამოვიდეს, ამიტომ დიდ დროს ვუთმობ ამ თემაზე ფიქრს. მინდა ჩვენთან მოსულმა ადამიანმა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღოს, რაც პროფესიულ წინსვლაში გამოადგება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ჩვილის ოთახის მოსაწყობად

პარკსაიდის რეზიდენცია – მარტივი ფორმები და საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტა