in

არქიტექტურა, როგორც აზროვნების უნარი და ცხოვრებისეული გატაცება — ინტერვიუ მარიამ მენაბდესთან

დღევანდელი სტატია არქიტექტურის პროფესიაზე შეყვარებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი საქმიანობით  ქართული არქიტექტურის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის სწორი და საფუძვლიანი განათლების მიცემას ცდილობს. მარიამ მენაბდე კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანია. მისი შემოქმედება და პროფესიული გზა ახალი თაობის აღზრდასა და განვითარებას უკავშირდება, რომელსაც დიდი თავდადებითა და მონდომებით ემსახურება. ინტერვიუში ის საკუთარ გამოცდილებაზე, არქიტექტურის მნიშვნელობასა და განათლების სისტემაზე გვესაუბრება, ასევე, განხორციელებული პროექტების შესახებ გვიამბობს და საინტერესო შეხედულებებს გვიზიარებს. 

მარიამ, უკავშირდება თუ არა თქვენი პროფესიული არჩევანი ბავშვობას და იმ გარემოს, რომელშიც იზრდებოდით? 

რამდენადაც სხვისთვის პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, არქიტექტურა შთამომავლობით თაობიდან თაობაზე არ გადადის. არქიტექტურით დაინტერესება, ამ სფეროსადმი სიყვარული და ამ დარგით გატაცება, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია. პირადა მე, არქიტექტურის სიყვარული და ეს პროფესია ანდერძად არ მერგო. შესაბამისად, ბევრად მეტი შრომა, დრო და  ძიება დამჭირდა. ბევრი დამარცხება და გამარჯვება მქონია ცხოვრებაში იმისათვის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ამაყად ვთქვა — მე არქიტექტორი ვარ და ამ პროფესიით ვარ „მოწამლული“.

სად მიიღეთ პროფესიული განათლება და როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?  

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში დავასრულე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა ჩემს ჯგუფელებსა და საუნივერსიტეტო გარემოცვაში, თითქმის ყველა მათგანი დღეს წარმატებული არქიტექტორია, ეს კი საოცრად საინტერესო და აღმაფრთოვანებელია, რადგან ვიცი საიდან დაიწყეს და რა გზა გაიარეს წარმატების მისაღწევად.

როდესაც არ იცი რა არის პლანშეტი, რეიშინა და სხვა არქიტექტორებისათვის საჭირო ნივთები, რადგან სკოლაში არ ისწავლება ხაზვა, არავინ გყავს ისეთი, ვინც ამ პროფესიის სიდიადეზე გესაუბრება, ძალიან რთულია მიხვდე და იპოვო ის ერთადერთი პროფესია, რომელსაც მთელს შენს ცხოვრებას მიუძღვნი და  პროფესიულ ადგილს დაიმკვიდრებ. ამ თვალსაზრისით, მგონია, ძალიან გამიმართლა ლექტორებში, რომლებმაც  ჩემი პოტენციალი დაინახეს და რაც მთავარია, თავდაჯერებულობის შეგრძნება გამიჩინეს. ამიტომ, ვთვლი, რომ  ლექტორის როლი სტუდენტის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც ერთმა ფრაზამ შეიძლება მისი მომავალი შეცვალოს, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად.

დოქტორანტურის საფეხური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი, საკმაოდ მკაფიო მიზნითა და ხედვით. კონკრეტული თემის კვლევა მინდოდა, რომელიც მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომი არ იქნებოდა, არამედ სულ მცირედით მაინც შეცვლიდა უკეთესობისკენ ჩვენს არქიტექტურულ გარემოს. თბილისში, რომლის ბუნებრივი ლანდშაფტი მრავალფეროვანია და  უამრავი აღქმის წერტილი აქვს, შეუმჩნევლად არც ერთი მოცულობა არ რჩება. ისტორიულად, მისი არქიტექტურა რელიეფზე მორგებული განაშენიანებით იყო გამორჩეული, თუმცა დროის სვლასთან ერთად, ქალაქმა არაერთხელ განიცადა უხეში ტრანსფორმაცია და პოლიტიკური იდეოლოგიის მსხვერპლი გახდა. შედეგად კი ვხვდებით უბნებსა და მასივებს, რომლებიც განაშენიანებულია ერთფეროვანი, უხასიათო, უკონტექსტო შენობებით  — ე.წ „ხრუშჩოვკები“-ით, რომლებიც გარდა შეუსაბამო იდეოლოგიური საფუძვლებისა, საგრძნობლად ჩამოშორდა თანამედროვე საცხოვრისის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი დისერტაციის თემა — „ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია“ ყოფილიყო.

ვფიქრობ, ჩემი პროფესიული მიზანი და კარიერული გზა დისერტაციის დაცვამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.  ტიპობრივი საცხოვრებელი სახლები („ხრუშჩოვკები“), რომლებიც არ აკმაყოფილებს თანამედროვე საცხოვრებელ სტანდარტებს, ხშირ შემთხვევაში, ავარიულია და ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, შესაბამისად, სასწრაფო რეაგირებას და მოდერნიზებას მოითხოვს. ამისთვის აუცილებელია მთელი რიგი სამუშაოები, როგორებიცაა: შენობათა ანალიზი, კონსტრუქციული შეფასება და პასპორტიზაცია, შესაბამისი ინფორმაციის მიღების ანალიზის დამუშავება და ხშირად შენობათა მოდერნიზება (რენოვაცია) და ჩანაცვლება. ჩემი თემა ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული შენობის მოდერნიზების პროექტი გახლდათ, რომელსაც სოციალურ ქსელში გაზიარების შემდგომ წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოსახლეობის, ასევე მედია საშუალებების მხრიდან, რამაც კიდევ ერთხელ გამოკვეთა ამ პრობლემის აქტუალობა და სოციალური მნიშვნელობა. ჩემი თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ეს პროექტი რეალიზებამდე ვერ მივიყვანე. უამრავმა წინაღობამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა ის რეალური სირთულეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ეს პროფესია დგას. ერთადერთ გზა ამის გამოსასწორებლად მომავალი თაობაა. სწორედ ამიტომ დავისახე მიზნად, ყველაფერი გამეკეთებინა მომავალი თაობისთვის სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად.

მარიამ მენაბდის სადიპლომო ნამუშევარი

გაგვიზიარეთ, არქიტექტურის თქვენეული ხედვა…

არქიტექტურა არის აზროვნების უნარი, ისტორია, ფილოსოფია, ტრადიცია, ცხოვრების სტილი, ხელოვნება, ფანტაზია … ეს არის პროფესია, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო, არის და მომავალშიც იქნება. მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა როლი გვაქვს ჩვენ, ქართველ არქიტექტორებს თანამედროვე სამყაროში? ქართულმა არქიტექტურამ მრავალფეროვანი გზა გაიარა. ყოველმა ისტორიულმა მოვლენამ თავისი კვალი დაატყო ქვეყანას, რომლის ამოკითხვა სწორედ არქიტექტურით შეიძლება. ჩვენთვის არქიტექტურა  ცოცხალი წიგნი, მატიანეა, რომელიც საქართველოს განვლილი წლებისა და კულტურული, ისტორიული ცვალებადობის ზუსტი ანარეკლია, თუმცა ამ მომენტისათვის ყველაფერი ქაოსურია და დინამიკურია. ერთი მხრივ, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანების ქმნილებებს ვაწყდებით, მეორე მხრივ კი მდარე გემოვნებითა და ხარისხით შექმნილ უსახურ ობიექტებს. რა არის ამ სიტუაციის და მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი სწორი გზა? რა თქმა უნდა, განათლება.

გვესაუბრეთ იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლის წინაშეც დღეს ქართული არქიტექტურა და დიზაინ სივრცე დგას? 

პირველ რიგში, მთავარი პრობლემა არქიტექტურის ლიცენზირების არარსებობაა. დღეს, პირობითად, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ელემენტარული კომპიუტერული პროგრამები იცის, იგივე წარმატებით შეუძლია დააპროექტოს და შეათანხმოს პროექტი ისე, როგორც არქიტექტურის კურსდამთავრებულსა თუ გამოცდილ პროფესიონალს. ეს ცალსახად უკარგავს არქიტექტურის სფეროსა და სასწავლო პროგრამებს მნიშვნელობას, გამოცდილ არქიტექტორებს კი რეპუტაციას ულახავს. სწორედ ამიტომ ვაწყდებით ამდენ უხარისხო და ქაოსურ მშენებლობას.

ჩვენ საკმაოდ ძლიერი არქიტექტურის სკოლა გვქონდა, რითაც თავისუფლად  შეგვიძლია ვიამაყოთ, თუმცა მსოფლიო ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ჩვენმა განათლების სისტემამ ფეხი უნდა აუწყოს და პრაქტიკოსი არქიტექტორების აღსაზრდელად ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისი პროგრამა შესთავაზოს სტუდენტებს.

როგორ ფიქრობთ, დღევანდელი განათლების სისტემა რა სირთულეების წინაშე დგას და როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზას?  

განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ბევრისათვის ეს ისედაც ნათელია. თუმცა გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას თუ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევცვალოთ სწავლების ხარისხი ჩვენს დარგში. მრავალწლიანი ტენდენციაა, რომ სტუდენტები სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ ამჯობინებენ, რასაც ადგილობრივი პოტენციალის გადინებაც ახლავს თან. შესაბამისად, აქაური პროფესიული გარემოს გაუმჯობესების მიზნით და იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოშიც შეიძლება კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ცოდნის მიღება, ჩვენ შევძელით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და მოთხოვნად ქვეყანასთან – ბრიტანეთთან ჩვენი პროფესიული ხედვის თანაკვეთა. ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორების გაერთიანება ის მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომელიც არქიტექტურული სწავლების ხარისხის ინდიკატორია და გლობალური მასშტაბით, მუდმივად მოწინავე პოზიცია უჭირავს არქიტექტურული სწავლების მეთოდოლოგიის ფორმირებაში.  სწორედ ისინი გასცემენ უნივერსიტეტებისათვის ვალიდაციას. RIBA (Royal Institute of British Architects) არის ასოციაცია, რომელიც ხარისხის გარანტია და ყველაზე ცნობილ არქიტექტორებს აერთიანებს, რომელთა ჯილდო არქიტექტორებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია. მათი ხედვა და მიზნები გლობალურ არქიტექტურულ ღირებულებებს იზიარებს და აქტუალურ გამოწვევებს პასუხობს. სწორედ ზემოთ აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ გვინდა, ჩვენი პროგრამა იყოს სწავლების სწორ მეთოდებზე დაფუძნებული, თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს, მაშინ ერთადერთი გამოსავალი RIBA-ს ვალიდაციის მოპოვებაა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამას RIBA-ს უპირობო ვალიდაცია მიენიჭა. ჩვენი სწავლების ხარისხს აკონტროლებს და აფასებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, მნიშვნელოვანი არქიტექტორთა ასოციაცია, რაც უდიდესი მიღწევაა ქვეყნისთვის.

ზაჰა ჰადიდი

როგორია სტუდენტებთან თქვენი ურთიერთობა და რა პირობებში უწევთ მათ განათლების მიღება?

დღევანდელი სტუდენტები რადიკალურად განსხვავდებიან წინა თაობებისაგან. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ, არჩევანი დამოუკიდებლად აქვთ მიღებული და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებენ. მაქსიმალურად იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაა საჭირო. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთან იყო გულწრფელი, გაუზიარო გამოცდილება და არასდროს შეგრცხვეს/იცრუო, რომ რაიმე არ იცი. ჩემთვის უმთავრესია ვუსმინო სტუდენტებს მაშინაც კი, როდესაც არაფერს ამბობენ, შევუქმნა გარემო, სადაც თავს რეალიზებულად იგრძნობენ და საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.

არქიტექტურა მრავალმხრივი მიმართულებების სინთეზია, რომელიც მოითხოვს, როგორც ტექნიკურ აზროვნებას, ასევე შემოქმედებით ხედვას. ამ სფეროში საჭიროა წარმოუდგენელი შრომა. მას თუ სიყვარულით არ მიუდექი შეუძლებელია წარმატების მიღწევა და თვითრეალიზაცია. არქიტექტურული საქმიანობა იმდენად კომპლექსურ და ხანგრძლივ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელია არა მხოლოდ შედეგის, არამედ თავად პროცესის სიყვარულიც. ყველა ვერ გახდება არქიტექტორი და ამაში ტრაგიკული არაფერია, თუმცა ჩვენი მიზანია, პირველივე ლექციიდან შევაყვაროთ ეს დარგი სტუდენტს და მივცეთ მას მოტივაცია. ამისათვის კი ვცდილობთ, მოვიზიდოთ არქიტექტორები და დარგის სპეციალისტები, რომლებიც თავის საქმიანობაში წარმატებულები არიან, კარგად ესმით, რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სფერო და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი თაობა აღზარდონ. ცალკეული ლექტორი დამოუკიდებლად ვერაფერს შეძლებს, შესაბამისად, მთავარი მიზნის მისაღწევად ჩვენ ყოველთვის ურთიერთშეთანხმებულად ვმოქმედებთ, რაც პრაქტიკაზე ორიენტირებულ სინთეზურ სწავლებას გულისხმობს, რათა სტუდენტებმა პროექტირების შესრულება ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის დაფასებითა და გლობალური არქიტექტურული ფასეულობების გამოყენებით შეძლონ.

თავად თქვენ სად ხედავთ საკუთარ თავს ქართული არქიტექტურის განვითარებაში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?

ძალიან ამბიციურად ჟღერს და მხოლოდ ერთეულებს შესწევთ უნარი, თავისი წვლილი შეიტანონ არქიტექტურის განვითარებაში, დატოვონ კვალი და არქიტექტურით გადმოსცენ საკუთარი ნააზრევი თუ ფილოსოფია. მთავარი, რასაც ამ ეტაპისათვის ჩემს პირად და ქვეყნის წარმატებად მივიჩნევ, RIBA-ს ვალიდაციაა. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისათვის და მომავალი არქიტექტორებისათვის, მიიღონ კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სწავლების თანამედროვე მეთოდები. ასევე, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ დიპლომი, რომელზეც მითითებული იქნება უმაღლესი ასოციაციის ნიშანი, რაც მათ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისა და არქიტექტურულ სტუდიებში მუშაობის საშუალებას მისცემს. ახალგაზრდებს შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის განვითარებისა და გამოცდილების შესაძენად.  სწორედ წელს პირველად გავაგზავნეთ ორი სტუდენტის საბაკალავრო ნამუშევარი  “RIBA President Golden Medal”-ის კონკურსზე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც საერთაშორისო რატიფიკაცია იძლევა. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები ბრიტანეთისა და ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტთან (რაც დარწმუნებული ვარ, მათთან პარტნიორობით დასრულდება). ჩვენს სამომავლო გეგმებს კი ჩვენი სტუდენტების მოთხოვნა და საჭიროება განსაზღვრავს, რაც უმთავრესი და პრიორიტეტულია.

გაერთიანებული სადიპლომო – საბა ხარშილაძე
გაერთიანებული სადიპლომო — მარიამ ჯანელიძე

დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კოლეგებს? 

პირველ რიგში, გარემოს, ბუნებას, რელიეფს, კლიმატს, ცხოვრების სტილს, ადამიანების ქცევას, შენობებს – ყველაფერს დააკვირდით, გააანალიზეთ და სანამ თქვენს მოსაზრებას გამოხატავთ, დასვით უამრავი კითხვა, რის საფუძველზეც სწორი დასკვნების გამოტანას შეძლებთ. არქიტექტურასა და პროექტირებას მე ჭადრაკის თამაშს ვადარებ. პროექტირებისას ყველაზე მეტი დრო იმ საკითხების კვლევაზე უნდა დახარჯოთ, რომელიც შემდგომ თქვენს პროექტს განსაზღვრავს. თითოეული სვლა შეიძლება არასწორი და დამღუპველი იყოს თუ უამრავ გარემოებას არ გაითვალისწინებ. თუმცა, თუ სწორად გათვლი ყოველ ნაბიჯს, ერთი სვლაც კი გამარჯვების მომტანი შეიძლება გახდეს. ვფიქრობ, სწორედ ამ გამარჯვებისთვის ღირს ყველა იმ სირთულის გადალახვა, რასაც სწავლებისა და პროფესიული ზრდის დროს გადააწყდებით.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მუქი ფერის სამზარეულო – იდეები შთაგონებისთვის

SHRE.space – საქართველოში პირველად ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე დიზაინ პლატფორმა შეიქმნა