in

ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპები – მარიამ მენაბდეს გიდი

ინტერიერის დიზაინზე მუშაობა საკმაოდ დიდ ცოდნას, გემოვნებასა და პროფესიულ ალღოს მოითხოვს. ცხადია, საკმარისი მონდომებით, სწორი ხედვითა და მიზანდასახულობით სივრცეების დაგეგმარებისას აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს, თუმცა პროცესის გასამარტივებლად აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალთა რჩევები. homeis.ge გთავაზობთ არქიტექტორის, ინტერიერის დიზაინერის და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ მენაბდეს გიდს ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპების შესახებ:

“ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი პრინციპების გამოყენება, რომლებიც საბოლოოდ ჰარმონიული გარემოს ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ესენია ბალანსი, რიტმი, ფერი, პროპორცია და მასშტაბი.

სივრცის დიზაინი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ დამკვეთის ან შემსრულებლის გემოვნებაზე. ის, რასაც ჩვენ “დადებით აურას” ვუწოდებთ, სინამდვილეში დაბალანსებული, ჰარმონიული და სწორად დაგეგმილი ინტერიერის დიზაინია.

ბალანსი

ბალანსი ინტერიერში მიიღწევა ელემენტების სწორი გადანაწილებით, რაც ადამიანში წონასწორობისა და სტაბილურობის განცდას იწვევს. დაბალანსებული ინტერიერი ჰარმონიის გარანტია.

ბალანსის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელია შევარჩიოთ ფოკუსის წერტილი. ეს შეიძლება იყოს კიბე, ბუხარი, ტელევიზორი ან თუნდაც განათება, რომლის გარშემოც აიწყობა კომპოზიცია სიმეტრიულად, ასიმეტრიულად ან რადიალურად.

სალონი, პედიკურის კუთხე: ბალანსი მიღწეულია სიმეტრიული განაწილებით

 

საცხოვრებელი სახლის სან.კვანძი: ბალანსი მიღწეულია სიმეტრიული განაწილებით

 

საცხოვრებელი სახლი,საძინებელი: ბალანსი მიღწეულია სიმეტრიული განაწილებით

 

სასტუმროს სასაუზმე: გამოყენებულია ასიმეტრიული განაწილების ბალანსი

რიტმი

როგორც წესი, რიტმი გამოიყენება მუსიკაში, თუმცა ინტერიერის დიზაინში მას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ დარგში რიტმი აერთიანებს სივრცეში გაფანტულ საგნებს და ქმნის ჰარმონიას.

რიტმი არის ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი, რომელიც გამოიყენება მზერის რადიუსისა და მიმართულების განსასაზღვრად. არსებობს რიტმის რამდენიმე განსხვავებული ტიპი:

  • განმეორება: ერთი და იგივე სახის ნივთის გამოყენება რამდენჯერმე სივრცეში, რათა სტაბილურობისა და სიმყუდროვის შეგრძნება შევქმნათ.
  • გრადაცია: პროგრესირების ეტაპობრივი განცდის გამოყენება იმისათვის, რომ მზერა სივრცის ერთი ბოლოდან მეორეზე გადაადგილდეს.
  • გადასვლა (გარდამავალი): დიზაინის ელემენტის (ფორმის) საშუალებით მზერის გადაადგილება უწყვეტი ხაზით.
  • კონტრასტი: კონტრასტი იქმნება მაშინ, როდესაც ერთი დიზაინის ელემენტი მის საპირისპირო ფორმის ელემენტს ესაზღვრება, რის გამოც მზერა სწორედ მათ შორის მოძრაობს.
  • რადიაცია: როდესაც რამოდენიმე დიზაინის ელემენტი ერთობლივად ვიზუალური ცენტრის გარშემო ქმნის ბალანსს.
სასტუმრო:
გამეორების რიტმი – გამოყენებულია სანათების საშუალებით.

 

სალონი:
გადასვლის რიტმი – გამოყენებულია კედელზე განთავსებული თაროებით.

მასშტაბი და პროპორცია

ინტერიერის დიზაინში ეს ფაქტორი განსაზღვრავს ობიექტის ფორმის სიდიდეს სხვა ობიექტებთან მიმართებაში, რისი საშუალებითაც შეგვიძლია პატარა სივრცის ვიზუალურად გაზრდა ან პირიქით – დიდ სივრცეში მყუდრო გარემოს შექმნა.

სალონი:
სივრცის გასაზრდელად გამოყენებულია ვერტიკალური ხის ძელებისგან ხელოვნურად შექმნილი ღია კარი, რომელიც სივრცის მასშტაბს აღემატება და ვიზუალურად ზრდის ფართს.

 

საცხოვრებელი სახლის საერთო სივრცე:
სამზარეულო საერთო სივრცისგან გამოყოფილია დიდი ზომის მინის ტიხრით, რომელიც ვიზუალურად ზრდის სივრცეს

ფერი

ინტერიერის დიზაინში ფერთა გამის შერჩევა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ისეთებზე, როგორებიცაა სივრცეში სინათლის შემოსვლის ინტენსივობა და სხვადასხვა სივრცის დანიშნულება, ის მომავალი ფუნქცია, რომელიც მან უნდა შეითავსოს. ფერთა გამით შეიძლება ადამიანთა განწყობის შექმნა და მათი ხასითის მართვა. არსებობს ფერთა წრეზე შექმნილი სქემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ხელმძღვანელობა.”

სასტუმრო: კომპლემენტარული ფერთა გამა

 

სალონი: ანალოგიური ფერთა გამა

ფოტოებზე მოცემული პროექტების ავტორები:

ბეკო ლეჟავა – არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი
მარიამ მენაბდე – არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, კავკასიის
უნივერსიტეტის პროფესორი

ბინა სრულფასოვანი სამზარეულოს გარეშე – ბევრისთვის უცნაური, მაგრამ ზოგისთვის იდეალური ვარიანტი

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინო ბინა კრისტალის საკურორტო ზონაში ბაკურიანში