in

#სადვიცხოვრო – 32 კვ.მ ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე

მარიამ სიჭინავა ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ერთ სახლზეც უკვე გიამბეთ. ამ ერთი პროექტიდანაც კი შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მარიამის წარმოსახვითი სამყარო ძალიან თბილია და ბევრნაირი ფერისგან შედგება. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის ამ ხასიათმა სხვა სივრცეშიც იჩინა თავი, რომელზეც სწორედ ახლა უნდა გიამბოთ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა მარიამ სიჭინავას მისი ბებიისგან ერგო. როგორც თავად გვიყვება, ეს მისი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. ბებიამ მარიამის დაბადებამდეც კი იცოდა, რომ შვილიშვილს გადასცემდა ამ ბინას და, მართლაც, 2017 წელს მარიამი მისი მფლობელი გახდა.

მარიამის ბებია ძალიან ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოჰქონდა სხვადასხვა ნივთი. შესაბამისად, სანამ სახლი რენოვაციას განიცდიდა, ბინაში უამრავი ძველი საგანი და სიძველის არომატი იყო.

“საკმაოდ უცნაური პროექტი ქჰონდა ამ ბინას – შესასვლელში იყო პატარა ჰოლი, ხელმარჯვნივ იყო საძინებელი, რომელიც, ამავდროულად, იყო მისაღები ოთახიც.  ჰოლის პირდაპირ იყო აბაზანა, საიდანაც სამზარეულოში ხვდებოდი, სამზარეულოდან – აივანზე.”

მარიამის ნაამბობით, სახლის გარდაქმნა 2017 წელს ძალიან სწრაფად დაიწყო და სულ რაღაც 3 კვირაში დაასრულა. საინტერესოა, რომ მას მერე ბინის მეპატრონეს არანაირი ცვლილება არ შეუტანია ამ სივრცეში – თუმცა, ის ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. როგორც თავად გვიამბობს, ეს პროცესი მისთვის პირველი შეხება იყო რემონტთან და გზადაგზა ფიქრობდა, თუ როგორი უნდა გამოსულიყო ინტერიერი. მან მთლიანად შეცვალა პროექტი და სრულიად ახლებური სახლი შექმნა.

“თუ დააკვირდებით, სახლში ერთი კედელი არის ლურჯი. როდესაც შპალერს ვხსნიდით ამ კედლიდან, უკან დაგვხვდა საოცარი, პასტელური ფერის ლურჯი კედელი. ძალიან ვეცადე, რომ ისევე დამეტოვებინა, როგორიც იყო, რაც, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ საღებავი შეგვეზავებინა და უბრალოდ წაგვესვა კედელზე.”

სარემონტო პროცესი არასდროსაა მარტივი და როდესაც მარიამს ვკითხეთ, თუ როგორი გამოცდილება მიიღო მან რემონტით, გვიპასუხა, რომ ბინის მოწყობის ეს პროცესი ძალიან ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რადგანაც მომუშავე პერსონალთან ურთიერთობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია – “ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ვიღაცას არ სცალია, მაშინ, როცა შენ კონკრეტული ვადა გაქვს, რომელშიც გინდა, რომ ჩაეტიო და გაუთვალისწინებელი შემთხვევები ამ პროცესს ახანგრძლივებს.”

მარიამს სურდა, რომ ბინას საკუთარი ხასიათი ჰქონოდა და მისივე შეფასებით, ეს, მგონი რომ, გაუმოვიდა. დღეს ეს სივრცე გასაქირავებლად არის გამოტანილი და სახლის სტუმრები ხშირად აქვეყნებენ საკუთარ სოციალური ქსელებში აღნიშნული ინტერიერის სურათებს. თურმე, ერთ სტუმარს იმხელა შთაგონებაც კი მიუღია აქაურობიდან, რომ სახლიდან დანახული ხედი დაუხატავს.

“ფოტოებიდან სულ სხვანაირი ჩანს და რეალურად უფრო სხვანაირია ეს ბინა. თავისი ხასიათი აქვს – იმდენად მზიანია, რომ შეიძლება გათბობის ჩართვაც კი არ გახდეს საჭირო. ალბათ ამ თავისი ხასიათის გამოა, რომ მისი სტუმრები ძალიან დიდი დროით მოდიან და რჩებიან ხოლმე ბინაში. იმდენად მშვიდი გარემოა, რომ აქ მუშაობაც ძალიან კომფორტულია.”

აღნიშნული ბინის ქირაობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია Airbnb პორტალის მეშვეობით.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოგრაფი: გიორგი იაშვილი

ტური რეპერ ტიმატის ახალ ბინაში

ხუთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს კარადების ფერების შერჩევისას