მარია მონტესორიმ, იტალიელმა ექიმმა და განმანათლებელმა, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო თავისი საგანმანათლებლო მეთოდის შემუშავება. თავისი მაგალითიდან გამომდინარე, მისთვის აშკარა იყო განათლების სფეროს რეფორმირების საჭიროება – წარმატების მისაღწევად ახალგაზრდებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ, განსაკუთრებით კი ქალებს, რომლებიც უნივერსიტეტშიც ვერ აგრძელებდნენ სწავლას რექტორების ოფიციალური თანხმობის გარეშე.
ამ სფეროში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მარიამ შეიმუშავა საკუთარი უნიკალური მონტესორის მეთოდი. მარტივად რომ აღვწეროთ, ესაა სამეცნიერო პედაგოგიის მეთოდი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლების როლს ბავშვების დამოუკიდებლობის, თავდაჯერებულობის, თვითშეფასების განვითარებაში და უფროსებს ასწავლის ამ საგანმანათლებლო პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი წინა საუკუნეში შეიქმნა, მარია მონტესორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერები ახლა ატარებენ ცდებს. სწორედ ამ მიზეზით, მონტესორის მეთოდმა მალევე შეაღწია არქიტექტურაში, იმ სფეროში, რომელიც უდიდეს ფუნქციას ასრულებს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაში. მარია მონტესორის მიხედვით, სწორ არქიტექტურას შეუძლია პატარების კონცენტრაციის, შემოქმედებითობის, ცნობისმოყვარეობის, სამართლიანობის განცდისა და ემოციური ინტელექტის განვითარება.
მეთოდის სირთულისა და მრავლისმომცველობიდან გამომდინარე, მისი ერთ სტატიაში სრულად აღწერა საკმაოდ ძნელია, თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის მთავარი პრინციპი, რომელზეც დგას მარია მონტესორის ფილოსოფია – ესაა „სამი სვეტის“ პრინციპი. მის მიხედვით, ბავშვი, შეგნებული ზრდასრული და მომზადებული გარემო ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ დაკავშირებულნი და განუყოფელნი. ამ სამი სვეტიდან არც ერთი არ მუშაობს ერთმანეთის გარეშე. აღნიშნული მეთოდის ეფექტურად განსახორციელებლად ზრდასრულ ადამიანს უნდა ესმოდეს ბავშვის განვითარების ფაზები იმიტომ, რომ ფიზიკური გარემოს გარდაქმნას აზრი არ აქვს, თუ პატარას მშვიდი, წყნარი, მომთმენი და ჰარმონიული ემოციური ატმოსფერო არ გააჩნია.
2011 წელს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია „მონტესორის მაფიის“ შესახებ, რომელშიც რამდენიმე ის ცნობილი ადამიანი დაასახელა, ვინც განათლება მონტესორის ფილოსოფიის მსგავსი პრინციპებით მიიღო. მათ შორის არიან მარკ ცუკერბერგი (ფეისბუქის შემქმნელი), ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი (Google-ს დამმაარსებლები), ბილ გეიტსი, ჯიმი უელსი (Wikipedia-ს შემქმნელი) ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი), ანა ფრანკი, გაბრიელ გარსია მარკესი და ა.შ. ფაქტია, რომ მონტესორის ფილოსოფია ნამდვილად მოქმედებს და მისი რეალურ ცხოვრებაში ინტეგრირება სრულებით შესაძლებელია.
ფილოსოფიაში ერთ-ერთ ცენტრალურ პოზიციას იკავებს ბავშვთა ოთახის დიზაინის შექმნის მნიშვნელობა. მონტესორი გვირჩევს, რომ პატარების ოთახი იყოს მარტივი – მათ არ სჭირდებათ ზედმეტი სირთულე. პრიორიტეტულად უნდა ვაქციოთ ღია კედლის ფერები და ბუნებრივი სინათლის ოთახში შემოსვლა უზრუნველვყოთ.
მეორე აუცილებელი პირობაა ოთახის მინიმალისტურად გადაწყვეტა. ბევრი ავეჯი და სათამაშო ბავშვებზე დამაბნევლად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია ვარიანტების, შესაძლო კონცენტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორების შემცირება.
ბავშვის საცხოვრებელი გარემოსთვის ასევე სასურველია ორგანიზებულობა. მონტესორის მიხედვით, როცა შიდა გარემო მოწესრიგებულია, ბავშვთა შიდა სამყაროც ლაგდება.
მონტესორი ფიქრობდა, რომ ბავშვის ოთახი მარტივად მისაწვდომი უნდა იყოს, რაშიც იგულისხმება ის, რომ საკუთარ, კუთვნილ ტერიტორიაზე გადაადგილება და სივრცის შეცნობა ბავშვს უფროსის დახმარების გარეშე უნდა შეეძლოს. ოთახი ასევე უნდა იყოს დაცული – ბავშვმა თავი არ უნდა დაიზიანოს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისას, ამიტომ სახლი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი კარის ჩამკეტებით და სხვა აუცილებელი დაცვის მექანიზმით.
ამ ყველაფერთად ერთად, მონტესორის ფილოსოფიის მიხედვით ის გარემო, სადაც პატარა ბავშვი იზრდება და პიროვნებად ყალიბდება, სახლის ყველაზე ჩუმ ნაწილში უნდა განთავსდეს. ამ გზით ხელი შეეწყობა მისი კონცენტრაციის უნარის განვითარებას, ფიზიკურ და ემოციურ დამოუკიდებლობას. იტალიელი განმანათლებლის მიხედვით, მხოლოდ საძინებელ ოთახზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ და შევეცადოთ, ამ პრინციპების მიხედვით განვაწყოთ სახლი. მონტესორი საუკეთესო შედეგის მისაღწევად გვირჩევს ინტერიერის დიზაინში შემდეგი ნივთების გამოყენებას:
სარკე – ეს დეტალი აუცილებელია ბავშვის განვითარების ადრეული ფაზისთვის. სარკეებში ყურებით ის უკეთ შეიცნობს საკუთარ თავს, ფიზიკურ აღნაგობას და გაიაზრებს თავის არსებობას, დამოუკიდებლობას, იმას, რომ ის განსხვავდება თავისი მშობლებისგან და ინდივიდია.
საწოლი – მონტესორის ფილოსოფიის მიხედვით, ბავშვთა ოთახები მინიმალისტური და შეძლებისდაგვარად ნაკლები პომპეზური ავეჯით უნდა დაიტვირთოს, ამიტომ ის გვირჩევს რაც შეიძლება მარტივი საწოლის არჩევას ბავშვებისთვის. მთავარია, მან შეუწყოს ხელი პატარას თავისუფალ ძილსა და მოძრაობას. ამისთვის იდეალურია დაბალი საწოლი ან უბრალოდ იატაკზე დადებული მატრასი.
მონტესორი თვლიდა, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საკუთარი თავების „მომსახურება“, ამიტომ ინტერიერის დიზაინში ისეთი ავეჯის გათვალისწინებას გვირჩევს, როგორებიცაა:
ბავშვის სიმაღლის გარდერობი – ამ ავეჯის და ბავშვებისთვის ტანსაცმლის არჩევის თავისუფლების მიცემის საშუალებით, წაახალისებთ ბავშვებს ყოველდღიური პატარ-პატარა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისკენ, რითაც მათ მომავალს ძალიან დაეხმარებით.
დაბალი თაროები – სათამაშოების, წიგნებისა თუ ბავშვების კუთვნილი სხვა ნივთების დაბალ, მათთვის მარტივად მისაწვდომ თაროებზე განთავსებით, ისევე, როგორც გარდერობის შემთხვევაში, ბავშვობიდანვე შეაჩვევთ ადამიანს დამოუკიდებლად აზროვნებას.
მაგიდა და სკამი – საკუთარი შემოქმედებითი კუთხისა და კომფორტული ავეჯის წყალობით ბავშვები სოლო აქტივობებს მიმართავენ და კონცენტრაციის მაღალ დონეს ავლენენ.
პატარა კიბე – სააბაზანოსა და სამზარეულოში განთავსებული, ნიჟარებამდე ან კუნძულებამდე ასამაღლებელი კიბეების სახლში განთავსებით ბავშვებს დამოუკიდებლობას ასწავლით.
ამ ყველაფერთან ერთად, მონტესორის ფილოსოფიის მიხედვით, სახლის კედლებსა თუ სხვადასხვა წერტილში ხელოვნების ელემენტები – ფოტოები და ნახატები – ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ ბავშვს თავისი სიმაღლიდან შეეძლოს მათი დანახვა და აღქმა.
წყარო: ArchDaily