in

თექა როგორც თერაპია და მთავარი ცხოვრებისეული აღმოჩენა – ინტერვიუ მარიანა ჭყონიასთან

თექა უძველესი ქართული ტრადიციული ქსოვილია. მისი შექმნისა და დამუშავების ხერხი ხალხური შემოქმედების უნიკალური მემკვიდრეობაა. პირველადი მასალის, მატყლის ამგვარი იერსახე უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

თექა ძალიან ხშირად აფორმებდა უძველეს ინტერიერებს ხალიჩების, ფარდაგებისა და დეკორაციების სახით. ეს ქსოვილი დღესაც აქტუალურია და თანამედროვე დიზაინერები ხშირად იყენებენ მას ინტერიერში.

ტრადიციული მეთოდით დამუშავებასთან ერთად, დროთა განმავლობაში, გაჩნდა მისი შექმნის ახალი ვერსიები, ორნამენტები და ფერები. იმის გათვალისწინებით, რომ მატყლი საოცარი ენერგეტიკის, ისტორიის და სითბოს მატარებელი მასალაა, მისგან შექმნილი ქსოვილიც სხვა აურის და ემოციის შემომტანია ნებისმიერ გარემოში.

დღეს ამ ქსოვილის დამუშავების სპეციფიკაზე, მის თერაპიულ და ესთეტიკურ როლზე ვისაუბრებთ ხელოვანთან, მარიანა ჭყონიასთან, რომლის ნამუშევრებით არაერთი სივრცეა ჯადოსნურ გარემოდ ქცეული.

გვიამბეთ თქვენ შესახებროდის დაინტერესდით თექაზე მუშაობით? რატომ მაინცდამაინც თექა?

თექამდე ბევრი გზა გავიარე სხვადასხვა დარგში. პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ. 90-იანი წლებიდან ვმუშაობდი სხვადასხვა ტიპის სივრცეების დაპროექტება-მოწყობაზე. იმ პერიოდში საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან ჩვენი პროფესიის ადამიანებს მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ, ნაკლები ნდობა იყო და შესაბამისად, მოთხოვნაც. ინტერიერის შემდეგ თავი კულინარიაშიც მოვსინჯე. მქონდა ჩემი კაფე,  ვაკეთებდი კერძებს. კულინარიაც ძალიან შემოქმედებითი სამყაროა, ფანტაზიის და შრომის იდეალურ შერწყმას მოითხოვს.  ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მასალასთან შეხება მუდმივად იყო ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ, თექის აღმოჩენაც არ ყოფილა უცნაური. თუმცა, მასზე  მუშაობა პანდემიის დროს დავიწყე. მანამდე თითქოს სულ მინდოდა ქსოვილთან დაახლოება. მაგალითად, ვოცნებობდი ფარდაგის შექმნაზეც. უბრალოდ ინტენსიური, დაკავებული ცხოვრების რეჟიმის გამო, მიჭირდა დროის გამონახვა. პანდემიისას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა, აღმოვაჩინე, რომ ახლა შემიძლია ოცნების ახდენა, ახლა მაქვს ამის დრო. ამ მიზანზე ჩემმა კახეთის სახლმაც მოახდინა დიდი გავლენა, რადგან სამუშაო გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ამ სფეროზე. სრულიად დამოუკიდებლად ვისწავლე მატყლზე მუშაობა. გარკვეული პერიოდი დამჭირდა სანამ სწორ ტექნიკას მივაგენი, შემდეგ კი გავაუმჯობესე. პირველი ნამუშევრები ექსპერიმენტული იყო, რადგან ჩემს თვალწინ ხდებოდა მათი ტრანსფორმაცია და განვითარება.

როგორ შეგცვალათ ახალმა პროფესიამ? აღგვიწერეთ თქვენი სამყარო თექაზე მუშაობამდე და მუშაობის შემდეგ?

ალბათ, ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები განაპირობებს მის მომავალს, რაც ცვლილებებთან კავშირსაც გულისხმობს. ზოგჯერ ეს მოვლენა გადაწყვეტილებაა, ზოგჯერ არჩევანი, ზოგჯერ უბრალოდ რაღაც ფაქტი. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ახალი პროფესია, რომელშიც ვიპოვე საკუთარი თავი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ვაკეთე, სწორედ იმისთვის იყო, რომ თექა აღმომეჩინა ჩემს ცხოვრებაში. ამ აღმოჩენამ კი გამაძლიერა, გამიჩინა მოტივაცია. ვცდილობ, რუტინად არ ვიქციო საქმე, რომელიც ასე მიყვარს, არ ვაკეთო მექანიკურად, მაგრამ ამავდროულად, სულ ვიყო მასთან სიახლოვეს.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო მუშაობისას?

მთავარი ინსპირაცია არის ფორმები. პირველად წარმოსახვაში ვხედავ ფორმას, რომელსაც ვაძლევ ფერს. ფორმა მხვდება ყველგან – ბუნებაში, ექსტერიერსა თუ ინტერიერში. არქიტექტორების ოჯახში დავიბადე. სწორედ ამიტომ, არქიტექტურის აღქმაც მეხმარება, ვიპოვო შთაგონების წყარო შენობებში. თუმცა, კახეთის გაზაფხული ფერებით და ფორმებით, არის შთაგონების ზენიტი. როდესაც კახეთი იწყებს აყვავებას, ჩემს შიგნით ხდება „ემოციების რევოლუცია“, რომელსაც მოაქვს უამრავი ახალი იდეა და ფანტაზია. ამ დროს მინდება, ვიმუშაო უწყვეტად.

რომელ ტექნიკას იყენებთ მუშაობისას?

ძირითადად ვმუშაობ უძველესი ტრადიციული ქართული ტექნიკით. თავიდან მხოლოდ ქართულ მატყლს ვიყენებდი, შემდეგ მირინოსითაც დავინტერესდი, დავიწყე მისი შერევაც. ბოლო დროს დაუმუშავებელ აბრეშუმსაც ვიყენებ.  ტრადიციულ მასალას მარტივად ვშოულობ კახეთში. რაც შეეხება განსხვავებულ ქსოვილებსა და დეტალებს, ამ შემთხვევაში გამოწერის საჭიროება დგება.

რამდენად კომერციულია თქვენი საქმიანობა?

რადგან მსგავსი ტიპის ნამუშევრები ზღვარზეა გამოყენებით ხელოვნებასა და ხელოვნებას შორის, მოთხოვნაც არის. როდესაც მოთხოვნაა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულიც ხდება. მაქვს ნამუშევრები, რომელთაც ვერ დაარქმევ კონკრეტული ნივთის სახელს. კედელსაც უხდება, ნოხსაც ჰგავს და ნახატსაც.

არის თუ არა თექაზე მუშაობა გარკვეული თერაპია და სჭირდება თუ არა კონკრეტული განწყობა ნებისმიერი ახალი ნამუშევრის დაწყებას?

ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს ჩემთვის შექმნილი, რომელიც სწორედ თერაპიის მიზნით დავიწყე. როდესაც ემოციურად ვიტვირთები, ჩემში ენერგია გროვდება, ვიწყებ ამის გადმოტანას. ასეთი ნამუშევარი ყველაზე ცოცხალია.

სამუშაო პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში თერაპიულია. ხშირად მიწევს სხვადასხვა სივრცის გაფორმება, ინტერიერის დიზაინერთან ერთად. როდესაც სივრცეს წარმოვიდგენ, ქსოვილის იდეაც მალევე მოდის, ეს პროცესიც თერაპიაა, იდეიდან ესკიზამდე. მასალასთან შეხება ცვლის უარყოფით განწყობას, ამიტომ ჩემთვის, მუშაობის პროცესი მხოლოდ დადებით ენერგიასთან ასოცირდება.

თქვენს ნამუშევრებს ხშირად იყენებენ ინტერიერში, იქნებ გაგვიზიაროთ რა ტიპის ნამუშევრებზეა საუბარი და როგორ ინტერიერში შეგხვედრიათ ისინი?

დიახ, ინტერიერის დიზაინერებთან ერთად ხშირად მიწევს მუშაობა სივრცის „დასათბობად“ ან გასაფორმებლად. თექას მისი ფორმიდან და ფერებიდან გამომდინარე, ხშირად ნახატის ფუნქციაც აქვს, ამიტომ მას სხვადასხვა სახით შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთი გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს ფორმის, ზომის, ფერების კუთხით, ჯერ არ გამიკეთებია ქსოვილი, რომელიც მე არ მომწონს, ან არ მაკმაყოფილებს. ვცდილობ, დამკვეთის ჩარჩოები მოვარგო ჩემს ემოციებს და ხედვებ.

ვისაუბროთ ხელოვნების როლზეცრამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე დეტალების შეტანა ასეთი ტიპის ნამუშევრებში?

გულწრფელად რომ გითხრათ, მე თექას ძველი დანიშნულების მიხედვით არ ვაკეთებ. ქართულ ტრადიციულ კულტურაში მას უფრო სხვა იერსახე ჰქონდა. ჩემს ნამუშევრებში თითქმის ყველაფერი გათანამედროვებულია. მხოლოდ ტექნიკაა ძველი. დანარჩენი – ფორმები, ფერები, იეროგლიფები – ყველაფერი თანამედროვეა. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თექა და სკულპტურა. ახალ ნამუშევრებში შეხვდებით 3D ფორმატის ვარიანტებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის რელიეფს, ჩრდილებს და ფორმებს ქმნის ქსოვილზე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი არსებობს თუ არა მსგავსი ტექნიკა სადმე. მხოლოდ ის ვიცი, რომ სკულპტურა დავინახე სიბრტყეზე და ვცადე მისი ქსოვილზე გადმოტანა. თექა იმდენად მონუმენტურია, რომ მისი არსი გაძლევს ექსპერიმენტების საშუალებას.

აქვე გიამბობთ ერთი ფაქტის შესახებაც, რაც თექის მრავალმხრივი გამოყენების უნიკალობაზე მეტყველებს. საკუთარ სახლში ტიხრის გაკეთებისას აღმოვაჩინე, რომ სითბოსთვის და იზოლაციისთვის ქვაბამბის ჩაყოლების ნაცვლად, შემეძლო ჩემი ნამუშევრის გამოყენება. როგორც კი ეს შესაძლებლობა აღმოვაჩინე, მაშინვე განვახორციელე და დღეს ცივი, უსიცოცხლო კედლის ნაცვლად, მაქვს თბილი, ფერადი თექის ტიხარი. თუ ამ ქსოვილის გათანამედროვებაზე მეკითხებით, გეტყვით, რომ მე მისით ქვაბამბა ჩავანაცვლე.

ფოტო მარიანა ჭყონიას პირადი არქივიდან

გამოარჩევდით თუ არა რომელიმე საყვარელ ნამუშევარს თქვენი შემოქმედებიდან? რამდენად რთულია მათთან განშორება?

რადგან ჩემთვის ჩემი საქმე თერაპიაა, ამ თერაპიის ყველა შედეგი უზომოდ საყვარელია. ძალიან მიყვარს ყველა ნამუშევარი, რომელიც ჩემს ისტორიას უყვება სხვას და ძალიან მიყვარს ჩემი წითელი ტიხარიც, რომელიც სულ ჩემთან არის და ახლაც ამ ინტერვიუს დროს, უკან მიმაგრებს ზურგს, თან ფონსაც მიფორმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნამუშევარი ძვირფასია ჩემთვის, გაგიკვირდებათ და მათთან განშორება არ მიჭირს. როგორც კი ნამუშევარი სრულდება, ის ხდება დამოუკიდებელი და თვითმყოფადი. სწორედ ეს ფაქტი მიადვილებს მასთან განშორებას.

არსებობს თუ არა ისეთი ნამუშევარი, რომლის შექმნაზეც ოცნებობთ?

ნებისმიერ ნამუშევარზე, სანამ დავიწყებ და დავასრულებ, ვოცნებობ. როგორც კი წარმოვიდგენ, როგორი უნდა იყოს, ვოცნებობ დაწყებაზე. როგორც კი ვიწყებ, ვოცნებობ საბოლოო შედეგის ნახვაზე. ამიტომ ყველა საწყისი ეტაპი საოცნებოა და შესაბამისად, ოცნება არ ეხება რაიმე კონკრეტულ ნამუშევარს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რადგან ჩემთვის საკუთარი საქმიანობის გაზიარება დიდი მოტივაციაა, ალბათ სამომავლო გეგმა კვლავ გამოფენა იქნება, რომელსაც ახლო მომავალში ვგეგმავ.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ასიმეტრიული ბლოკებისგან შექმნილი სახლი – Menard Dworkind-ის პროექტი

Entrebosques — ფოლადის მოდულებისგან შექმნილი სახლი კოლუმბიის ტყეში