in ,

სითბოთი გაჟღენთილი ბინა დიღომში – მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის სახასიათო ინტერიერი

Banner M2
Banner M2

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი საკმაოდ ცნობილი წყვილია საქართველოში. გიგი პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, “მგზავრების” სოლისტია, ხოლო მარინა პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც საერთაშორისო მასშტაბით იწვევს აღფრთოვანებას. ცოლ-ქმარი ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე მყუდრო ბინაში ცხოვრობს. ეს არის სივრცე, რომლის მოწყობაში წყვილმა დიდი ენერგია და სიყვარული ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ მარინას ინტერიერის დიზაინთან პროფესიული კავშირი არ აქვს, ის მიიჩნევს, რომ ეს სფერო მასთან მაინც ახლოს არის.

“არქიტექტურასა და დიზაინში, სამწუხაროდ, არანაირი განათლება არ გამაჩნია. არც პროფესიული კავშირი მაქვს ამ სფეროსთან თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფოტოგრაფი ვარ და ვთვლი, რომ ამ პროფესიაში წარმატებული ვერ იქნები, თუ გემოვნებასთან არ მეგობრობ.”

დღეს მარინა საკუთარ საცხოვრებელში გვიწევს მეგზურობას და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე გვპასუხობს.

მარინა, როდის შეიძინეთ ბინა და რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად ეს ლოკაცია?

ეს ბინა ჩვენი პირველი შვილის, ლიზის დაბადებამდე, ექვსნახევარი წლის წინ შევიძინეთ. ეს არის უბანი, სადაც გიგი დაიბადა და გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ის სხვაგან ცხოვრებას არც განიხილავდა. მეც ვთვლი, რომ დიღომი თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული რაიონია. აქ გვხვდება ულამაზესი დიღმის ტყე-პარკი, რომელიც მართალია, კეთილმოუწყობელია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მისი ერთგვარი ღირსებაცაა. ველურ ბუნებას გარკვეული შინაარსი აქვს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია დაისვენო და სუფთა ჰაერით ისუნთქო. ამას გარდა, აქვეა ჩვენი საყვარელი რესტორანი „წისქვილი“. ასევე ახლოს არის „მწვანე სკოლა,“ რომელიც გიგიმ დაამთავრა და ახლა აქ ჩვენი შვილებიც სწავლობენ, რაც კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსია ჩვენთვის. შესაბამისად, აქვე გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება და საცობებში დროის დაკარგვა არ გვიწევს. მე ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. სხვათა შორის, ჩვენ ცოტა ხნის წინ ახალი ბინა შევიძინეთ, რომელიც ასევე აქვე, გზის მოპირდაპირედ მდებარეობს. ასე რომ, ეს უბანი არის ემოცია, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.

გვიამბეთ სარემონტო სამუშაოებზე. როგორი გამოცდილება მიიღეთ ამ პროცესით? 

ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში ჩავიბარეთ და ჩვენ თვითონ მივიყვანეთ ბოლომდე. ამისთვის ნახევარი წელი დაგვჭირდა. გეგმარება, ფანჯრები, ტიხრები, ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელი გიგი და მამამისი იყვნენ. ამ პროცესში საკმაოდ ბევრი სირთულე შეგვხვდა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა (ხარხარებს). საბოლოო ჯამში, მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანებისთვის, ვინც რემონტს აკეთებს, უსწორმასწორო კედლები და იატაკი ნორმაა. როგორც აღმოჩნდა, ეს კარგად იციან ავეჯის დამამზადებელმა კომპანიებმაც და საკუთარ ნაწარმში გათვალისწინებული აქვთ ამ უზუსტობების დაფარვის მეთოდები.

მაგალითად, ჩვენს საძინებელში თავიდან კედლის განათება ჭერიდან მომავალი შუქის ნაკადით იყო ჩაფიქრებული, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი უნდა გამოსულიყო, მაგრამ როდესაც პირველად ჩავრთეთ განათება, გავოგნდით, რადგან კედელი იმდენად უსწორმასწორო და ტალღოვანი იყო, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ასეც იყო ჩაფიქრებული. ამიტომ, ამ ჩანაფიქრს მაშინვე ხაზი გადავუსვით. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, როცა ბინაში გადმოვედით, გიგის ვუთხარი, რომ ჩემს სიხარულს ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ეს ბინა ძალიან მიყვარს ყველა მისი ნაკლით, უსწორმასწორო და დაბრეცილი კედლით. შევეცადეთ, ის სიყვარულით, ჩვენი სულის ნაწილით აგვევსო. მართალია, სივრცე პატარაა, მაგრამ ჩვენი ოჯახური სიმყუდროვითა და სითბოთია გაჟღენთილი. ჩვენ ეს გამოგვივიდა, ვინაიდან როდესაც სტუმრები მოდიან, ვერავინ ამჩნევს მრუდე კედლებსა თუ უსწორმასწოროდ მიდგმულ ავეჯს. ადამიანები არა რემონტს, არამედ ისეთ დეტალებს აქცევენ ყურადღებას, რომელიც სივრცეს ავსებს.

ამბობენ, რომ მეუღლეები რემონტის დროს ხშირად კამათობენ. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

ზოგადად, გიგი ვიზუალურ მხარეს მე მანდობს ხოლმე, ვინაიდან თვლის, რომ ამ საკითხში მე უფრო დამეჯერება. რაც შეეხება ფუნქციურ ნაწილს, ამ მხრივ ხშირად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მარტივად ვთანხმდებით. ძირითადი უთანხმოება რემონტის ეტაპების დათვალიერების დროს ჩემი პირდაპირობის გამო გვქონდა. თუ რამე არ მომეწონებოდა, ყველაფერზე ვამბობდი: „ნორმალურია“. გიგი კი მისი შემოქმედებით ჩემს აღტაცებასაა მიჩვეული. როდესაც მის ახალ სიმღერას მომასმენინებდა ხოლმე და მისით ნამდვილად აღტაცებული ვიყავი, ამას დაუფარავად ვამბობდი: “გიგი, ეს რა გენიალურია!.“ რემონტის შემთხვევაში აღმოჩენილი შეცდომები კი აღტაცების გამოხატვის საშუალებას არ მაძლევდა და ის ძალიან ბრაზდებოდა ამაზე, მოდიხარ და მხოლოდ ბუზღუნებო. ეს მაშინ, როცა ყველაფერზე „ნორმალურს“ ვიძახდი. სინამდვილეში, ის თვითონაც კარგად ამჩნევდა ნაკლებს, თუმცა რბილი ხასიათის გამო, ბოლომდე არ სთხოვდა ხელოსნებს საქმის შესრულებას. სწორედ ამიტომ, მე დავრწმუნდი, რომ ობიექტზე მომთხოვნი, მოწესრიგებული და მკაცრი საქმის მწარმოებელი სრული აუცილებლობაა.

ვისაუბროთ ინტერიერზე. როგორი იყო თქვენი ჩანაფიქრი და რამდენად შეძელით თქვენი სურვილების რეალიზება? 

ჩვენი ბინის დიზაინზე არქიტექტორმა სერგეი მახნომ იმუშავა. ის Sergey Makhno Architects-ის დამფუძნებელი და უკრაინაში საკმაოდ ცნობილი არქიტექტორ-დიზაინერია. თუმცა, ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც ბინას ავსებს ჩემი და გიგის შემოქმედებაა. მაგალითად, ქართული ელემენტები კარებზე, ქართული კინოს პოსტერები, ეს ჩვენი პატარა იდეები იყო, რომლებმაც საერთო ინტერიერი შეავსო.

ბინა თავიდან ერთ ბავშვზე იყო გათვლილი და მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ თითოეულ წევრს საკუთარი ინდივიდუალური სივრცე ჰქონოდა. ლიზის თავისი საბავშვო ოთახი უნდა ჰქონოდა, მე ჩემი კუთხე, სადაც მშვიდ გარემოში მუშაობას შევძლებდი და გიგის აუცილებლად უნდა ჰქონოდა წიგნების თაროები და დივანი, სადაც ის შეძლებდა კითხვას და  ფირფიტებზე მუსიკის მოსმენას.

ამას გარდა, ჩვენ გვსურდა, რომ ბინა ყოფილიყო არა რთული, გადატვირთული ან მეტისმეტად ძვირფასი, არამედ მინიმალისტური და საინტერესო დეტალებით დატვირთული. ყველაფერი მარტივი და სადა უნდა გამოსულიყო.

ძალიან ზუსტი წარმოდგენა მქონდა ჩემს სამზარეულოზე – ის უნდა ყოფილიყო ნათელი, ვრცელი, ფუნქციური და მინიმალისტური. ჩვენ არ ვგავდით ისეთ დამკვეთებს, რომლებიც დიზაინერს ანდობენ ყველა გადაწყვეტილებას. როდესაც ჩვენ მახნოსთან მივედით, უკვე გვქონდა გეგმა, როგორ ვხედავდით ოთახების განლაგებას და ყველაფერი წინასწარ გვქონდა განსაზღვრული, თუმცა, რეალურად მიღებულმა შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

რა თქმა უნდა, არის დაუსრულებელი დეტალებიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ითქვას, რომ ამ ბინაში ჩვენ ყველა ჩანაფიქრის რეალიზება შევძელით. ჩვენ ეს გამოგვივიდა. ცოტათი გვწყინს კიდეც, რომ აქ მხოლოდ 6 წელი ვიცხოვრეთ და უკვე მომავალ წელს ახალ სახლში უნდა გადავიდეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას არ გავყიდით და დედაჩემის, უკრაინელი სტუმრებისა და ჩვენი მეგობრების მიღებისთვის გამოვიყენებთ. ამ ბინის გაყიდვა არ შეიძლება.

რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი ადგილი ბინაში, რატომ?

აივანი, რადგან აქედან იშლება ხედი დიღმის ტყე-პარკზე და კიდევ უფრო შორს ჩანს საქართველოს უზარმაზარი დროშა. ძალიან მომწონს ეს ხედი. სხვათა შორის, დროშის საშუალებით ვხვდები, რამდენად ქარიანი ამინდია. აქ გვიდგას გიგის ბებიის ნაჩუქარი გაზის ლამფა. სხვათა შორის, მთელს ბინაში ბევრია ასეთი ანტიკვარული ნივთი, რომლებიც გიგისა და ჩემი მშობლებისა და იმათი მშობლების ნაჩუქარია.

ძალიან მომწონს „GUNIA“-ს კერამიკული ნაწარმი. ეს კომპანია ჭურჭელს ამზადებს და ძალიან ხარისხიანი და გემოვნებიანი ნამუშევრები აქვთ. აივანზე ხშირად გამომაქვს „GUNIA”-ს სანთელი. აქვეა ცოცხალი ყვავილები, რომლებსაც საქართველოში დამზადებული „ჰიდროპონიკის“ სისტემა კვებავს. აქ მივირთმევთ ყავას და ვსაუბრობთ ხოლმე.

რაც შეეხება გიგის საყვარელ ადგილს, ეს დივანია. ძალიან უყვარს აქ ყოფნა და კითხვა. ამ დროს შესაძლებელია სახლში სრული ქაოსი და აურზაური იყოს, მაგრამ ის აქ შეურყეველ ნავსაყუდელშია, სადაც პატარა სამოთხე აქვს მოწყობილი.

რას ნიშნავს თქვენთვის სახლი?

ჩემთვის სახლი შინაგანი მდგომარეობაა. უკრაინაშიც, საქართველოშიც და ნებისმიერ კარგად და გულიანად მოწყობილ სივრცეში თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. ვყოფილვარ სასტუმროში, სადაც ყველაფერი გულიანად, კომფორტულად და მყუდროდ არის მოწყობილი, სადაც აურაც ჩემთვის მისაღებია და იქ თავი როგორც სახლში, ისე მიგრძნია. ამიტომ ჩემთვის სახლი არის გრძნობა ჩემში, როცა კომფორტულად, თბილად, სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, სახლის შექმნა ყველგანაა შესაძლებელი თუ გვერდით საყვარელი ადამიანები და გარემოა. მაგალითად, ჩემი საქართველოს სახლი, ჩემთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე უკრაინის, სადაც გავიზარდე და რომელიც გაცილებით დიდი და ძვირფასია. აქ ყველაფერი ჩემი შინაგანი განწყობისა და სურვილების შესაბამისად არის მოწყობილი. ამიტომ აქაური კერა უფრო ახლობელია ჩემთვის.

მინდა ერთი კურიოზი გავიხსენო: როცა ბინის კედელს ვაშენებდით ძველი ქართული აგურისგან, შეძენის დროს გიგის გამყიდველები ეუბნებოდნენ: „შენ იმ “მგზავრების” გიგი არ ხარ?! დაამატე ცოტაც და ნორმალური აგური იყიდე“. თუმცა ჩვენ სწორედ ასეთი, დროისგან დასერილი და ოდნავ შელახული აგური და კედელი გვინდოდა. ამ ბინაში ყველაფერი ჩვენი სურვილების შესაბამისადაა მოწყობილი. კარგი გამოთქმაა: „ყველას თავისი ახარებსო“. მეც ასე ვარ. ეს ჩემია და რაც ჩემია, სახლიც ის არის.

 

პროექტის ავტორი: სერგეი მახნო

დიზაინ სტუდია: Sergey Makhno Architects

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

კუბის მსგავსი ფორმის მოდერნისტული სახლი კემბრიჯში

“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ