in

მარიო ბელლინი – სიცოცხლეში დაფასებული გენიოსი

არქიტექტორს, დიზაინერსა და საკულტო ავეჯის შემოქმედს, მარიო ბილლინის პირველ თებერვალს 87 წელი შეუსრულდა. დღეს მისი წარმატების ისტორიას და საუკეთესო ნამუშევრებს გაგაცნობთ.

მარიო ბელლინი ერთდროულად სამ სფეროში დაწინაურდა. მან ინდუსტრიულ დიზაინში იტალიის „Compasso d’Oro“-ს პრესტიჟული პრემია 8-ჯერ მოიპოვა და ჯილდო თვით იტალიის პრეზიდენტისგან მიიღო. ავეჯის ინდუსტრიაში უზარმაზარ წარმატებაზე ასევე ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA) გამოფენილი მისი 25 ნივთი მეტყველებს. სიცოცხლეშივე ასეთი დაფასება ჯერ არცერთ დიზაინერს ღირსებია.

მარიო ბელინი მილანში, 1935 წლის პირველ თებერვალს დაიბადა. 1959 წელს მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი დაასრულა და მუშაობა უნივერმაღ „La Rinascente“-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელად დაიწყო. ცოტა ხანში ორგ. ტექნიკის დიზაინერობა მარიომ თავადაც დაიწყო.

1963 წელს მარიო დიზაინის საკითხებში კომპანია “Olivetti“-ის კონსულტანტი გახდა და მალე პერსონალური კომპიუტერების ერთ-ერთი პროტოტიპის დიზაინი შეიმუშავა. ამ „Programma 101“-ით ახალი კომპიუტერული ეპოქა დაიწყო და ტექნიკური დიზაინის მისაბაძი მაგალითი გაჩნდა. ბელლინი ამ თანამდებობას 1993 წლამდე, 30 წელი იკავებდა და მრავალი მოხერხებული და ერგონომიული საბეჭდი მანქანა, სალაროს ტერმინალი, ტელეტაიპი და პრინტერი გამოუშვა.

1963 წელს ბელლინიმ საკუთარი სტუდია „Studio Bellini“ დააფუძნა და ახალ ეპოქაში შეაბიჯა. ფაბრიკებისთვის „Cassina“ და „B&B Italia“ მან სკამი და სავარძელი CAB (Cassina) და დივანი Le Bambole (B&B Italia) დაამზადა. მოგვიანებით ისინი საკულტო ნივთებად იქცა და „МоМА“-ს მუდმივ კოლექციაში შევიდა. გარდა ამისა, როდესაც „Vitra“-მ ოფისის სეგმენტის დაკავება გადაწყვიტა, ავეჯის დასაპროექტებლად სწორედ მარიო მოიწვია. მან კი სავარძლების კოლექცია შექმნა, რომელიც თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ერგებოდა.

ბელლინის პორფოლიოში ისეთი ვარსკვლავური ბრენდები შედის, როგორიცაა:  „Artemide“, „Driade“, „Candy“, „Castilia“, „Flou“, „Kartell“, „Meritalia“, „Natuzz“, „Poltrona Frau“ და სხვა.

80-იანი წლების ბოლოს მარიო ბელლინიმ მუშაობა არქიტექტურულ სფეროში დაიწყო და საქმეს თავიდანვე გლობალურად მიუდგა. მან „Mario Bellini Architects“-ს დააფუძნა, რომელიც დღემდე აგრძელებს საქმიანობას. მარიო ბელლინის დაპროექტებული შენობებიდან აღსანიშნავია: ტოკიოს დიზაინის ცენტრი, მელბურნის ნაციონალური გალერეა „ვიქტორია“,“Deutsche Bank“-ის სათავო ოფისი ფრანკფურტში, ქალაქ ბოლონიის ისტორიის მუზეუმი, ისლამური ხელოვნების დეპარტამენტის შენობა ლუვრში. 2015 წელს მილანის „ტრიენალეზე“, არქიტექტურაში შექმნილი კარიერისთვის, ის ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

მარიო ბელლინის გამორჩეული პროექტები

სანათი „Chiara“, „Flos“, 1969 წელი

1969 წელს მარიო ბელლინიმ „Flos“-თვის ინოვაციური სანათი „Chiara“ შეიმუშავა. მისი ფორმა მოხდენილ სილუეტს ჰგავს. ტორშერი უჟანგავი ფოლადის ფურცლისგან იყო დამზადებული, რომელიც იკეცებოდა და მოცულობით კონსტრუქციას ქმნიდა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ მოდელი ხელმეორედ სხვადასხვა ზომებში გამოუშვეს. დღეს უკვე მისი სამაგიდე ვერსიაც არსებობს.

დივანი „Camaleonda“, „B&B Italia“, 1970 წელი

70 -იან წლებში ამ დივანმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ის მარტო ავეჯის ნივთი კი არა, არქიტექტურული ელემენტიც იყო, რომელსაც სივრცის გარდასახვა შეეძლო. „სახელწოდება  Camaleonda, რომელიც მე მოვიფიქრე, ორი სიტყვისგან შედგება:  camaleonte (იტალიურად ქამელეონს ნიშნავს) – არაჩვეულებრივი ქვეწარმავალი, რომელსაც გარემოსთან ადაპტირება შეუძლია და „onda“, ანუ ტალღა, რომელიც ზედაპირზე რბილ მრუდებს ხაზავს. ეს ორივე სიტყვა ამ დივნის ფორმასა და ფუნქციას აღწერს“ – იხსენებს ბელლინი.

მოდელი „Camaleonda“ 1970-დან 1979 წლამდე გამოდიოდა და ამ დროის განმავლობაში დიზაინის მისაბაძ ნიმუშად იქცა. ამიტომ 50 წლის შემდეგ ის ხელმეორედ გამოუშვეს. დივანი თავიდან ყველა იმ ელემენტის შენარჩუნებით გამოსცეს, რომელმაც ის „კლასიკად“ აქცია, ამავე დროს უფრო თანამედროვე და ეკოლოგიური მასალები დაამატეს.

დივანი და სავარძელი „Le Bambole“, „B&B Italia“, 1972

ისინი ბრენდის კოლექციაში 1972 წელს გამოჩნდა, შვიდი წლის შემდეგ კი ამ კოლექციას პრესტიჟული ჯილდო “Compasso d’Oro“ მიანიჭეს. რეკლამა, რომელიც “B&B Italia“-თვის ფოტოგრაფმა ოლივერ ტოსკანიმ დონნა ჯორდანთან ერთად გადაიღო, იმ დროისთვის ძალიან თამამი იყო, თუმცა ამ გამბედავმა ნაბიჯმა გაამართლა.

სკამები Cab, Cassina, 1977 წელი

ტყავის სკამები „Cab“ დღემდე „Cassina“-ს ბრენდის სავიზიტო ბარათია და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია (MoMA) გამოფენილი. სკამების კარკასი ლითონისაა, რომელიც ტყავითაა გადაჭიმული. ბელლინი ამტკიცებდა, რომ ეს მოდელი ადამიანის აგებულებას წააგავს.

პავილიონი Fiera Milano, 1997 წელი

1997 წელს ბელლინიმ იტალიის ყველაზე დიდი საგამოფენო ცენტრი „Fiera Milano“-თვის პავილიონი დააპროექტა.

თასი „Moon“, „Kartell“

ეს თასი მარიო ბელლინიმ „Kartell“-თვის შეიმუშავა. მოდელი ლანგრების სერია „Dune“-ის გაგრძელებაა, რომელიც პირველად „i Saloni“-ის გამოფენაზე 2009 წელს გამოჩნდა. ფორმა მთვარის კრატერებს მოგვაგონებს, ზედაპირი კი ქვიშის დიუნების იმიტაციაა.

მაგიდა Bolt, B&B Italia, 2017 წელი

მაგიდას კუთხური კვეთის სამი ფოლადის ღერძი აქვს, რომლებიც შუშის მრგვალი ზედაპირის სადგამს წარმოადგენს.

ვარდისფერი სალონი-ბარი ორიგინალური კონცეფციით ქიქოძის ქუჩაზე – დიზაინ სტუდია 10:10-ის ნამუშევარი

მე-19 საუკუნის სახლის რეკონსტრუქცია ბარსელონაში