უკვე არსებული, ძველად აშენებული ინტერიერის გარდაქმნა თავისებურ მიდგომას საჭიროებს. განახლების პროცესში აუცილებელია სივრცის უნიკალურობის ხაზგასმა და იმ მნიშვნელოვანი ელემენტების შენარჩუნება, რომლებიც სახლს ავთენტურობას სძენენ. დღევანდელ სტატიაში არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი მარიტა ჭანჭალეიშვილი ძველი აშენებული ბინების სპეციფიკაზე გვესაუბრება და დიზაინის განახლებასთან დაკავშირებულ საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.
„ძველად აშენებული ბინები, ხშირად, თავისებური გეგმარებით, გამოკვეთილი სტილით, ისტორიებით, უნიკალური არქიტექტურული თუ დეკორატიული ელემენტებით ხასიათდება. ამიტომ ძალიან საინტერესოა მათი განახლებისა და გაცოცხლების პროექტზე მუშაობა. ამ დროს მთავარი გამოწვევა მკაფიო ხასიათისა და ისტორიის მქონე ბინის მაცხოვრებლის ინდივიდუალურობასა და კომფორტზე მორგებაა. ჭკვიანური და ფრთხილი ბალანსია დასაჭერი ძველსა და ახალს შორის. შესაფასებელია, რისი დატოვება ღირს და რისი არა, რას აქვს მატერიალური და რას მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება“, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მარიტა.
ბინის პოტენციალისა და მაცხოვრებლის შესაძლებლობების განსაზღვრა
სარემონტო სამუშაოების დროს აუცილებელია, როგორც დროისა და ხარჯების, ისე ადამიანური რესურსისა და ენერგიის ინვესტირება. პროცესი შეიძლება საკმაოდ დამღლელი, რთული და ემოციური იყოს. ამიტომ დიზაინერი გვირჩევს, სამუშაოების დაწყებამდე კრიტიკულად შევაფასოთ ბინის პოტენციალი და ჩვენი შესაძლებლობები. დავრწმუნდეთ, რომ სურვილები და რეალობა რადიკალურად არ სცდება ერთმანეთს. ინტერიერის განახლების დაგეგმვამდე გავიაზროთ სამუშაოების მასშტაბი, ხანგრძლივობა და ბიუჯეტი. ამ სამი კომპონენტის თუნდაც პირველადი ცოდნა კი თავიდან აგვარიდებს გაუთვალისწინებელ მოულოდნელობებს.
ობიექტის შესწავლა
სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ზედმიწევნით უნდა იყოს შესწავლილი როგორც ბინის მდგრადობა, ასევე სახლის კონსტრუქციის სიმყარე. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო. „საყურადღებოა ბინის ანატომიის ზედმიწევნით გამოკვლევა, რადგან ყველა ის ტექნიკური ელემენტი, რომელიც კედელში, ჭერსა თუ იატაკშია დაფარული, შესაძლოა, სრულად იყოს გასაახლებელი. ამგვარი საკითხების უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან მომავალში გართულებებს გამოიწვევს“.
პროფესიონალების დახმარება
მარიტა თვლის, რომ ხარისხიანი შედეგისა და სრულყოფილი ესთეტიკის მისაღებად მაღალკვალიფიციური დიზაინერის/არქიტექტორის ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ენერგიას და რაც მთავარია, შეცდომის ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს.
„გამოცდილი პროფესიონალი სივრცის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და ბინის პრაგმატულად დაგეგმარებაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, დროულად გაიგებთ აუცილებელია თუ არა დამატებითი, მომიჯნავე სპეციალისტის ჩართულობა პროცესში, გეცოდინებათ პროექტირების ვადები და პროცესები, განსაზღვრავთ ახალი ოთახის დამატების საჭიროებას, მარტივად გადაწყვეტთ, რომელია უმჯობესი — კედლის გახსნა და ღია გეგმარების მიღება თუ ძველი მასალების აღდგენა და მათთვის ახალი დანიშნულების მინიჭება. მსგავსი საინტერესო გზებით ბინა უნიკალურ სახეს მიიღებს და ამასთანავე, ავთენტურ ისტორიას შეინარჩუნებს“, — აღნიშნავს დიზაინერი.
დამკვეთის აქტიური ჩართულობა დიზაინის პროცესში
დიზაინში მნიშვნელოვანი გამოწვევა მაცხოვრებლის ინდივიდუალური გემოვნების, სურვილების და ცხოვრების სტილის ბინის ინტერიერზე მორგებაა. მარიტას აზრით, ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება იმ შემთხვევაში თუ უკვე არსებული ხასიათისა და მოცემულობის ბინაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამიტომ პროექტში დამკვეთის სრულყოფილი ჩართულობა და დიზაინერთან ინტენსიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია სამუშაო მოედანზე ხშირი ყოფნა, პროცესების მეთვალყურეობა, ადგილზე წარმოქმნილი შეფერხებების, ცვლილებების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება.
ფინანსური ხარჯებისა და დროის განსაზღვრა
ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ ძველი აშენებული ბინის განახლებას მოსალოდნელზე უფრო მეტი დრო სჭირდება. გადავადების მიზეზი კი გარდა ადამიანური რესურსისა, უამინდობა, მასალების შეკვეთა და მათი დაგვიანებული ჩამოტანაა. შესაბამისად, მზადყოფნისთვის პირველადი ბიუჯეტი და დრო უმჯობესია მინიმუმ 20%-ით გაზარდოთ, რათა თავი დაიზღვიოთ მოულოდნელობებისგან.
სად არ უნდა დაზოგოთ თანხა
დიზაინერი გვირჩევს, რომ ბინის განახლებისას თანხა არ დავზოგოთ მოძველებული ფუნქციური ელემენტების განახლებაში, როგორიცაა:
- ელექტრო გაყვანილობის სადენების გამოცვლა და ახალი წერტილების დამატება
- სამზარეულოსა და აბაზანის ფილების, სანტექნიკის სრულად შეცვლა
- დაჟანგებული მილების გალვანიზებული (რაიმე საგნის ზედაპირის ლითონით დაფარვა ელექტროლიზის საშუალებით) ფოლადის მილებით ჩანაცვლება
- ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ფანჯრის მინების დამონტაჟება
- როგორც ფასადის, ასევე ინტერიერის კარ-ფანჯრის გამოცვლა
- გათბობის სისტემებისა და წყლის გამაცხელებლის განახლება
- იზოლაციის დამატება
„აუცილებელი ცვლილებები ყველაზე დიდ ინვესტიციად ჩანს, თუმცა განახლებული ფუნქციები, სამომავლოდ ნაკლები მოვლისა და შეკეთების საჭიროებას ნიშნავს. მყისიერი კომპრომისები კი აუცილებლად იჩენს თავს დროთა განმავლობაში და ბევრად უფრო დიდ ვადებთან, ფინანსებთან და ენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული“, — ამბობს მარიტა ჭანჭალეიშვილი.
სითამამის გამოჩენა
პროფესიონალი გვირჩევს, ინტერიერი მაქსიმალურად ჩვენს გემოვნებასა და ხასიათს მოვარგოთ და არ მოვერიდოთ თამამი გადაწყვეტილების მიღებას. ინტერნეტში ნანახი ლამაზი დიზაინები, ყოველთვის არ ერგება ჩვენს საჭიროებებს, ამიტომ უმჯობესია, სივრცე საკუთარი ხედვით მოვაწყოთ.
„სახლი თქვენი ანარეკლი უნდა იყოს. მოაგროვეთ სახასიათო ფოტოები, იფიქრეთ, როგორ გაატარებდით დასვენების დღეს ამ კონკრეტულ ბინაში, პრაქტიკულად მიუდექით სივრცეს, დაუსვით კითხვები პროფესიონალებს და გამოიჩინეთ სითამამე. ნუ შეგეშინდებათ ინტერიერში არასტანდარტული და უჩვეულო ელემენტების შემოტანის. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერ ძველებურს, რის შენარჩუნებასაც გადაწყვეტთ, დროთა განმავლობაში, განახლება აუცილებლად დასჭირდება“, – აღნიშნავს მარიტა.