იატაკის ზედაპირის თუ ავეჯის დასამზადებლად MDF ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მასალაა. MDF — მყარი ან რბილი ხის ნარჩენების ბოჭკოებად დაშლით, შემდგომ კი ცვილთან და ფისოვანი ნივთიერებების შერწყმით მიიღება, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში მუშავდება. ის სიმკვრივითა და სიძლიერით ხასიათდება, ამიტომ აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირზე. MDF არაერთი უპირატესობით სარგებლობს:
მდგრადობა — MDF ბევრად ეფექტური და მდგრადი პროდუქტია, ვიდრე ბაზარზე გავრცელებული ლამინატი, რომელიც დაპრესილი ნახერხისგან მზადდება. MDF-ის მკვრივი და გლუვი ზედაპირი აადვილებს მასზე მუშაობას და სხვადასხვა ტიპის ავეჯსა თუ იატაკის საფარზე მის გამოყენებას ბევრად უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. ამასთანავე, კარგად დამუშავებული MDF მდგრადია ნესტისა და წყლის მიმართ, შესაბამისად, მას აქტიურად იყენებენ სველ წერტილებსა და აბაზანებში.
მრავალფეროვანი დიზაინი — MDF-ის მასალა დამუშავების შედეგად განსხვავებულ იერსახეს იღებს და დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რის გამოც, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სტილისა თუ დიზაინის ავეჯის დასამზადებლად. მაგალითად, ბაზარზე ხშირად გვხვდება შეღებილი თუ შპონირებული MDF, რომელიც ხის ანათალით არის დამუშავებული და შემდეგ შეღებილი.
ხელმისაწვდომობა — ქარხნული MDF ბუნებრივ ხესთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომი და იაფია. ცხადია, შეღებილი და შპონირებული MDF მაღალი ფასით ხასიათდება, თუმცა ქარხნული MDF-ის შეძენა დაბალ ფასადაც შეგიძლიათ, რომელიც მარტივად არ ზიანდება და ორთქლის, ნაკაწრებისა და ნესტის მიმართ მდგრადია.
როდესაც საუბარია MDF-ის პროდუქციაზე, ყურადღება ექცევა წარმოების ადგილმდებარეობასაც. მაგალითად, საქართველოში, უმეტესად, თურქული, იტალიური, ესპანური MDF-ის ფილები გვხვდება, რომლებიც ერთმანეთისგან ხარისხითა და ფასით განსხვავდება.
როგორც ავეჯის ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტები აღნიშნავენ, ზოგჯერ რთულია განსხვავებულ ქვეყანაში წარმოებული MDF-ის ერთმანეთისგან გარჩევა, ამიტომ აუცილებელია პროდუქტის აღწერისა და დოკუმენტაციის კარგად გაცნობა და დამუშავებისას მასალის მდგრადობის შემოწმება, რადგან თურქული MDF გაცილებით რბილია, ვიდრე იტალიური ან ესპანური მოდელი და ხარისხითაც მათ ბევრად ჩამოუვარდება. შესაბამისად, იტალიური, ესპანური თუ სხვა უცხოური წარმოების MDF თურქულზე ორჯერ ძვირი მაინც ღირს. ამგვარად, ღირებულების შედარებითაც შეძლებთ ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევას.
რაც შეეხება აღნიშნული მასალის ფასს ქართულ ბაზარზე, თურქული MDF-ის ფილის ღირებულება, საშუალოდ, 180-190 ლარია; ესპანური MDF-ის ფილის საფასური, საშუალოდ, 280 ლარიდან იწყება; იტალიური ფილის ფასი, დაახლოებით, 280-400 ლარის დიაპაზონში მერყეობს. შეღებილ და შპონირებულ MDF-ს კი დამუშავების, მასალებისა და მომსახურების ფასიც ემატება და 1 მ2-ის მიხედვით, შეღებილი MDF-ის ღირებულება 700 ლარიდან, შპონირებულის კი 850-900 ლარიდან იწყება, რადგან მასალა შპონირებასთან ერთად დამატებით შეღებვასაც საჭიროებს, რაც საფასურს ზრდის.